საზოგადოება

სასოება რვა დოლარიდან

 სასოწარკვეთილი ვიყავი, ყველა ექიმი ჩამოვიარე, ათასები გადავიხადე და მაინც ვერაფერი მიშველეს. ისიც არ იცოდნენ რა მჭირდა. შემდეგ მივედი ჰომეოპათთან, რამდენიმე თვეში ტკივილები გაქრა, თითქოს არც არასდროს მაწუხებდა რამე, გამაოგნებელი მიღწევაა!” მსგავსი აღფრთოვანებით ჰომეოპათებს დამსახურებას ხშირად უქებენ. 

ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინაა. მისი ძირითადი პრინციპები სამუელ ჰანემანმა ორი საუკუნის წინ ჩამოაყალიბა. გერმანელი მეცნიერის მტკიცებით, „მსგავსი მსგავსით იკურნება” ანუ ჰომეოპათიური წამალი ავადმყოფში კურნავს იმას, რასაც ჯანმრთელ ადამიანში თავად იწვევს. მაგალითად, ყავა აღმგზნები სასმელია, წყალში 30-ჯერ გაზავების შემდეგ, როცა სითხეში ყავის უმცირესი მატერიალური ნაწილი დარჩება, ჰომეოპათები მიღებულს უძილობის საწინააღმდეგოდ შემოგვთავაზებენ. თუმცა ყველაზე უცნაურიც აქ იწყება – საბოლოოდ გაზავებულ სითხეში – ყავის ერთ მოლეკულაზე წყლის 1 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 მოლეკულა შეიძლება მოდიოდეს. ან კიდევ უფრო მეტი ნულით. ეს ქიმიის ენაზე ნიშნავს, რომ წამალი ფაქტობრივად არ არსებობს. ის უბრალო ონკანის წყლისგან არაფრით განსხვავდება. „ჰომეოპათიური წამლის დამზადების წესს პოტენცირება ჰქვია. წყალში თანდათან ვარდება კონცენტრაცია ისე, რომ შეიძლება არც დარჩეს საწყისი ნივთიერება. მაგრამ წყალი იმუხტება. იცვლის თავის სტრუქტურას. რამაც იგივე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს რაც წამალმა. ამას ეძახიან „წყლის მეხსიერების ფენომენს”, –  წყლის დამუხტვის შთამბეჭდავ თვისებებს ჰომეოპათი თორნიკე ალაშვილი გვიმხელს. მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის წარმომადგენლები კი მსგავს მოსაზრებას უსაფუძვლოსა და არამეცნიერულს უწოდებენ. „რომ დამტკიცდება, მერე არ შერცხვებათ საკუთარი შეცდომების აღიარების?” ამბობს ჰომეოპათთან მიღებაზე ჩაწერილი ქალბატონი. მისთვის მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ „ამდენს უშველა!”. ქალბატონის გვერდით პაციენტების არმია დგას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰომეოპათებმა შეუძლებელი შეძლეს. მათი ხმის პარალელურად, თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ განკურნებული პაციენტის მადლიერებას მეცნიერება ეჭვით უყურებს. დღემდე ვერც ერთმა სამეცნიერო გამოკვლევამ ვერ დაადასტურა, რომ ჰომეოპათიური მედიკამენტების დადებითი ზემოქმედება პლაცებოს ეფექტს აღემატება. 
 
პლაცებოს ეფექტს მოლოდინით განკურნებას უწოდებენ. თუ ადამიანს სჯერა, რომ მოცემული საშუალება დაავადებას უშველის, მისი მიღება თავის ტვინში ისეთი ნივთიერებების გამოყოფას გამოიწვევს, რომლებიც ადამიანს ტკივილს შეუმსუბუქებენ.  სწორედ ასე აიხსნება ჰომეოპათიური მედიკამენტების ჯადოსნური წარმატებები, რომელიც სინამდვილეში, ჩვენი ფიზიოლოგიის სასწაული ყოფილა. მაგრამ პლაცებომ ცუდი ფოკუსებიც იცის. შესაძლოა ტკივილი გაქრეს – დაავადება კი ჩვენგან მალულად განვითარდეს. მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა წამლებს ამ ეფექტის გასაკონტროლებლად ამოწმებს. კვლევის შედეგებმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული სამკურნალო საშუალება ნამდვილად ფლობს კურნების თვითმყოფად უნარს და მისი ეფექტიანობა ჩვენი მოლოდინით არ არის განპირობებული.
 
ჟურნალ Guardian-ის მესვეტემ, ბრიტანელმა მეცნიერმა ბენ გოლდაკრიმ ექსპერიმენტის შედეგები მოიყვანა. შემთხვევითი შერჩევის გზით, ორ ჯგუფად დაყოფილი 200 ადამიანიდან, პირველ ასეულს ნამდვილი ჰომეოპათიური წამალი მისცეს, ხოლო მეორეს – ცრუ წამლები. ორგანიზატორების გარდა არავინ იცოდა ვინ ფლობდა ჰომეოპათიურ მედიკამენტს და ვინ – ცრუ ჰომეოპათიურს. გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ ჯგუფში, სადაც ცრუ ჰომეოპათიურ პრეპარატს სვამდნენ, იმავე დადებით შედეგს იღებდნენ, რასაც ჰომეოპათიური წამლების მომხმარებლები. ზოგიერთი ჰომეოპათი აღიარებს, რომ „პლაცებოს ეფექტი მკურნალობის პროცესის ნაწილია”, ხოლო კვლევამ მეცნიერებს აჩვენა –  „პლაცებო ჰომეოპათიური მკურნალობის სრული ახსნაა”. ჩვენი სხეულის ამ გასაოცარი უნარის გამო, თურმე მნიშვნელობა არ აქვს ჰომეოპათიურ წამალს მიიღებ თუ რაჰათ-ლუხუმს. რწმენის შემთხვევაში ორივე თანაბარ შედეგს მოგვცემს. უბრალოდ რაჰათ-ლუხუმი ბევრად ნაკლები დაჯდება... ქართველი ჰომეოპათები დასავლელ კოლეგებს წამლების დამზადების იმ მეთოდოლოგიაშიც ჩამორჩებიან, რომელიც მის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
 
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი ელენე ამირეჯიბი გვეუბნება, რომ მას ისეთ ჰომეოპათთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონია, რომელიც ტუბერკულოზის წამალს, დაავადებულთა ნახველიდან ამზადებდა. მისი აზრით, ეს უბრალოდ კატასტროფაა, რომელსაც არავინ არეგულირებს. კატასტროფაა, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ტუბერკულოზის ნოზოდის ანუ შხამის სტერილობას უზრუნველყოფს.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჰომეოპათია 2005 წლიდან ამოღებულია ლიცენზირებადი დარგების ნუსხიდან. რაც შეეხება ექიმი ჰომეოპათების რაოდენობას – 2001 წლიდან დღემდე 64-მა მათგანმა გაიარა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გვირჩევს, უსაფრთხოების მიზნით წამალი სერტიფიცირებული ჰომეოპათის მიერ დაინიშნოს. ქალბატონ ელენეს მიაჩნია, რომ ჰომეოპათიას აქვს არსებობის უფლება. „იმისთვის რომ პაციენტები მასობრივად არ დარჩნენ მოტყუებულნი, კანონია მოსაფიქრებელი”, აცხადებს ის. ჰომეოპათებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ უპირისპირდებიან მტკიცებულებით მედიცინას, შესაძლოა, პაციენტის გამოჯანმრთელებაში დადებითი როლიც კი ითამაშონ. „იმედს აქვს ფსიქოთერაპიული შედეგი. თუ პაციენტი ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტზე უარს არ იტყვის და თან ჰომეოპათიურ წამალს მიიღებს, ეს შესაძლოა დადებითიც აღმოჩნდეს...” – თუმცა ქალბატონ ელენეს არ ესმის, რა საჭიროა ამაში დამატებითი ფულის გადახდა, როცა პლაცებომ შესაძლოა საავადმყოფოში გამოწერილ წამალზეც იმოქმედოს და თან ამ დადებით ეფექტს, მედიკამენტის დადებითი ზემოქმედებაც დაერთოს. „აქ ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის პრობლემაა, ჰომეოპათები, როგორც წესი, სალონურ გარემოში ხვდებიან პაციენტებს და გაცილებით უკეთ ესაუბრებიან, ვიდრე მტკიცებითი მედიცინის წარმომადგენლები”. ჰომეოპათიური წამლების ფასი 8 დოლარიდან იწყება. ქალბატონი ელენე აღნიშნავს, რომ “რაც უფრო მიუწვდომელი და ძვირადღირებულია პრეპარატი, მით უფრო ძლიერდება მისი პლაცებოს ეფექტი”.
 
საკუთარი უნიკალურობის დასამტკიცებლად ჰომეოპათებს ისტორიული მაგალითების მოყვანა უყვართ. ერთი ასე ჟღერს: მეცხრამეტე საუკუნეში ქოლერის გავრცელების დროს, ლონდონის ჰომეოპათიურ საავადმყოფოში სიკვდილიანობა სხვა საავადმყოფოებთან შედარებით სამჯერ ნაკლები იყო. „ამაზე რას იტყვით, ჭკვიანებო?” ნიშნის მოგებით კითხულობენ ჰომეოპათები. მონაცემებისთვის პასუხის გაცემა, საისტორიო მეცნიერებისთვის მარტივი აღმოჩნდა. თურმე, ორი საუკუნის წინ ექიმები ქოლერის სამკურნალოდ სისხლის გამოშვებას, ტყვიის აბებს და სხვა მრავალ, დღეს გამოუსადეგარ მეთოდს იყენებდნენ... რაც, ბუნებრივია, მდგომარეობას უფრო აუარესებდა. ჰომეოპათების განსაკუთრებული დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, მართალია, ვერ კურნავდნენ, მაგრამ არც ასე მავნებლობდნენ. 

კომენტარები