თავკომბალა

 თბილისს ზოგი თავკომბალას ეძახის. ზოგი ამბობს, დიდი სოფელიაო. ბევრი ამაყობს იმით, რომ  დედაქალაქი ასეთი განვითარებულია და რეგიონული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა თანხმდება ერთზე, რომ თბილისი იზიდავს ადამიანებს დანარჩენი საქართველოდან და ოთხნახევარმილიონიანი ქვეყნისათვის ძალიან დიდია.  

მოსახლეობის განაწილება ქალაქებს შორის გარკვეულ კანონზომიერებას – ხარისხობრივ განაწილებას ეფუძნება. განაწილება „ზიფის წესის” სახელით არის ცნობილი George Kingsley Zipf-ის შრომებიდან. მათემატიკური სირთულეებით რომ არ დაგტვირთოთ, ზიფის წესს მარტივი მაგალითით ავხსნი: თუ ქვეყნის უდიდეს ქალაქში 100 კაცი ცხოვრობს, მაშინ სიდიდით მეორე ქალაქში მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია ანუ 50; მესამე ქალაქში სამჯერ ნაკლები ანუ 33 და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობაც ამ წესით არის განაწილებული ქალაქებში, თუმცა თბილისი შეუსაბამოდ დიდია. ზიფის წესის მიხედვით, თუ ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, სენაკის და ა.შ. ქალაქების დღევანდელ ზომებს ავიღებთ გამოთვლისათვის, მაშინ თბილისში 533 ათასი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, რეალური მოსახლეობა კი მილიონზე მეტია. აქედან დასკვნა: თბილისი მართლაც არაბუნებრივად დიდია. 
 
ეს ამცირებს ქვეყნის ეფექტიანობას. საქართველოს მცირე ქალაქების განუვითარებლობა ხელს უშლის ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების გამოყენებას. კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია თბილისში ართულებს ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებას მცირე ქალაქებში, ფერხდება სოციალური კაპიტალის დაგროვება.
 
დედაქალაქში თავმოყრილი ადამიანები ასევე ვერ ახერხებენ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებას მაღალი კონკურენციის გამო. მაგალითისთვის, თბილისში საკმარისზე ბევრად მეტი ექიმია, მაშინ როცა თბილისის გარეთ კვალიფიციური ექიმების დეფიციტია.   
თბილისში თავმოყრილ ადამიანებს ცხოვრების უფრო მაღალი დონის სანაცვლოდ ფასის გადახდაც უწევთ, უფრო ძვირია ცხოვრება, მეტად არის დაბინძურებული გარემო. ეს თბილისში არსებულ ბიზნესებსაც უწევს ფასს. 
 
ასეთ მდგომარეობას ბუნებრივი ეკონომიკური სტიმულები ასწორებს. არსებული არათანასწორობა სახელმწიფოს ხელოვნური ეკონომიკური სტიმულების შედეგია, ხოლო საბოლოოდ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მცირდება.
 
საქართველოსთან თანაზომადი ქვეყნებიდან საქართველოზე დიდი განსხვავება დედაქალაქის ბუნებრივ და რეალურ ზომებს შორის მხოლოდ ნიკარაგუასა და სომხეთშია.  ამასთან, დედაქალაქის ზომის გადახრა ბუნებრივიდან მეტია იმ ქვეყნებში, სადაც წლების მანძილზე სოციალისტური დიქტატურა იყო, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც მიგრაცია დაგეგმილი ან შეზღუდულია (ისრაელი), ანუ ბუნებრივი არ არის. 
 
თბილისის ზრდა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში. თბილისი არ ვითარდებოდა როგორც საქართველოს დედაქალაქი. ის უფრო დიდი ქვეყნის რიგითი ქალაქი იყო. მისი ზომა ბუნებრივად მიესადაგებოდა სხვა ქალაქების ზომას. რუსეთის იმპერიაში თბილისი იყო თბილისის გუბერნიის და, ამავე დროს, ამიერკავკასიის ცენტრი. 
 
1879 წლის აღწერის მონაცემებით, ამიერკავკასიის მოსახლეობის განაწილება ზუსტად შეესაბამება ხარისხობრივ განაწილებას და თბილისი მისი უდიდესი ქალაქია. თუმცა, თუ იმავე აღწერიდან მხოლოდ საქართველოს ქალაქებს ავიღებთ, თბილისი მაშინაც არაბუნებრივად დიდი იყო.
 
თბილისის ზრდის მეორე მნიშვნელოვანი ტალღა საბჭოთა კავშირის პერიოდზე მოდის.  იმდროინდელი ცენტრალური დაგეგმვით, ქალაქის ზრდასა და მიგრაციას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა: ქალაქის მშენებლობა და გაფართოება, ქარხნების მშენებლობა, სამუშაო ადგილების დაგეგმილი  შექმნა, საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, კულტურის დაფინანსება, სავაჭრო ქსელების განვითარება, დეფიციტური საქონლის ხელმისაწვდომობა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აპარატის პრივილეგიები.   მილიონიან ქალაქებს საბჭოთა დროს განსაკუთრებული შეღავათებიც ეკუთვნოდათ:  მაგალითად, უნდა ყოფილიყო მეტრო, გარკვეული რაოდენობის უმაღლესი სასწავლებელი, უნდა გაყიდულიყო გარკვეული რაოდენობის ავტომანქანა და ა.შ.   
 
სახელმწიფო,  ბიუჯეტიდან თბილისის განსაკუთრებული დაფინანსებით, დღესაც ხელს უწყობს თბილისის ზრდას: 2010 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ტრანსფერტების ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის. აქ კი მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ცხოვრობს. 
 
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ძირითადად თბილისშია განლაგებული, რაც ადამიანებს იზიდავს როგორც სამუშაო ადგილებით, ასევე ხელისუფლების ორგანოების მიერ გაწეული ხარჯებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე. 
 
თვითმმართველი ერთეულების მეტი ფუნქცია და მათ განსახორციელებლად  დღეს არსებულ ზოგადსახელმწიფოებრივ გადასახადებში საკუთარი წილი, შექმნის კონკურენციას და აამოქმედებს მიგრაციის ბუნებრივ სტიმულებს. ეს კი მიგვაახლოებს ქალაქებში მოსახლეობის ბუნებრივ გადანაწილებასთან. 
 
დღეს ბევრს დიდ ტრაგედიად მიაჩნია სოფლებიდან ხალხის ქალაქში გადასვლა („სოფელი დაიცალა, მიწაზე მუშაობა აღარავის უნდა”). თუმცა ურბანიზაცია გარდაუვალი პროცესია. 
 
სოფლებში საქართველოს  მოსახლეობის 47 პროცენტი ცხოვრობს. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტია.
 
გაეროს პროგნოზით 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტი იქნება სოფლის მოსახლე. 
 
სავარაუდოდ,  მილიონამდე ადამიანი კიდევ უნდა გადასახლდეს ქალაქებში. თუ ურბანიზაციის პროცესი ბუნებრივად წარიმართა და სახელმწიფომ არ გაამრუდა ბუნებრივი ეკონომიკური სტიმულები, სხვა ქალაქები თბილისზე სწრაფად უნდა გაიზარდოს. ამით მოსახლეობის განაწილება ქალაქებს შორის მიუახლოვდება ბუნებრივს და თბილისი შესაძლოა, შემცირდეს კიდეც.

კომენტარები