ელექტრონული ოპელ მერივა – ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

 ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელი ინტენსიურად მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა ევროპულ კომპანიებს შორის. უკვე თითქმის დასრულებულია გაზრდილი სვლის მქონე ელექტრონულ ჰიბრიდ ოპელ ამპერას შემუშავებისა და სრულყოფის პროცესი. პარალელურად კი რიუსელსჰაიმელები იმ ტექნოლოგიების შემუშავებასაც აპირებენ, რომლებმაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის პროცესი უნდა გაამარტივოს და გააიაფოს. 

სწორედ ამ მიზნით მომზადდა მოდელ მერივას ელექტრონული ვერსია. ეს ავტომობილი 60-კილოვატიანი (82-ცხენისძალიანი) ელექტრული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც იმავდროულად, 215 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც საათში 16 კილოვატია. ეს მარაგი საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ელექტრულმა მერივამ 64 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია. ცნობისათვის, მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული, რადგან უფრო მეტ სიჩქარეზე ავტომობილის ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნდ იზრდება.

თუმცა, ელექტრონული მერივასთვის ეს მონაცემები მთავარი სულაც არაა. მისი დანიშნულება ისაა, რომ ოპელმა და ჯენერალ მოტორსმა ორმაგი დანიშნულების დამმუხტავი ტექნოლოგიები შეიმუშაონ. ასეთმა დასამუხტმა მოწყობილობებმა აკუმულატორების დამუხტვა როგორც საყოფაცხოვრებო, 230-ვოლტიანი, ასევე სწრაფად დამმუხტავი, 400-ვოლტიანი შტეფსელიდან უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ექსპერიმენტული საზრიანი სისტემით, რომლის მეშვეობითაც, ის ჭარბ ენერგიას ქსელს იქით მიაწვდის. ესე იგი, მიკრო ელექტროსადგურის მოვალეობასაც შეასრულებს, თუმცა მის მიერ გამომუშავებული ენერგია ზღვაში წვეთი იქნება.
 
„ელექტრონული მერივა საწარმოო მოდელს შეიძლება ჰგავს, მაგრამ რეალურად, ის მხოლოდ საკვლევი ლაბორატორიაა, რომელიც ოთხ ბორბალზე დგას და თავისით გადაადგილდება. მისი მეშვეობით, სწრაფად დამუხტვის პროცესს ვიკვლევთ. გარდა ამისა, ავტომობილს დასამუხტ მოწყობილობასთან ურთიერთობის უნარიც გააჩნია”, – ამბობს ოპელის საინჟინრო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი რიტა ფორსტი.
ელექტრონული მერივა არის შემადგენელი ნაწილი დიდი პროექტისა, სახელად „მერეჯო მობილ”, რომელიც მომავლის ელექტრონული ავტომობილების ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამ პროექტის მონაწილე, პროფესორი ჰარტმუტ შმეკი ამბობს, რომ მომავლის ელექტრომობილები ელექტროქსელში ენერგიის სტაბილიზატორის მოვალეობის შესრულებასაც შეძლებენ. თუმცა, ამისათვის არაერთი ახალი ტექნოლოგიის შემუშავება იქნება აუცილებელი.  

კომენტარები