მიხაელ შტამის „TRUFFEL” და არაჩვეულებრივი გამოფენა

აიღეთ ფურცელი, კალამი, ფუნჯი, ბატის ფრთა მაინც. თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით (ძაფი, მწვანე ბალახი, მეტალი, თიხა და სხვა) რამდენიმე სამუშაო რეკვიზიტი, მელანში შეაზავეთ სურნელოვანი ზეთი და მზად არის; ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე ნაღდი, საინტერესო და უნიკალური ხელნაკეთი წიგნის დამუშავება. 

"ტრიუფელი", როგორც შემოქმედებითი გაერთიანება, პროფესორ მიხაელ შტამის ხელმძღვანელობით მიუნსტერში დაარსდა; ექსპერიმენტების სივრცე გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, სადაც განსაკუთრებული გამოცემების გასაფორმებლად, ყველანაირი პირობაა შექმნილი. სწორედ იქ შეიქმნა ეს წიგნები, რომლებიც ტექსტებით, ილუსტრაციებით,  გრავიურებითა და სტილური ნიუანსებით ავტორის ფანტაზიის მრავალფეროვნებას და ექსპერიმენტებისადმი სწრაფვას გამოხატავს. 
 
29 ოქტომბერს გერმანული ხელნაკეთი წიგნების გამოფენას ლიტერატურის მუზეუმმა უმასპინძლა. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი სტუდენტი მარი გირხელიძე იყო, რომელმაც მიუნსტერში პროფესორ შტამის ხელმძღანელობით დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად, “ტრიუფელის” წევრია. საღამოს, ჯგუფის ხელმძღვანელი მიხაელ შტამიც ესწრებოდა, რომელმაც დამთვალიერებელს ნამუშევრები  წარუდგინა და ხელნაკეთი წიგნების ძირითადი კონცეფციაც თავად გააცნო – „რაც საქართველოში ჩამოვედი, სულ მესმის, რომ ასეთი ტიპის ხელოვნება აქ ძალიან იშვიათია. ჩვენს ნამუშევრებზე ხშირად ამბობენ, რომ ეს ძალიან თავისუფალი ხელოვნებაა, მაგრამ ასე არ არის. „თავისუფლად” გაკეთებული წიგნის ხელოვნებას მაინც სჭირდება დადგენილი წესები, რაც თავისებური რიტმიკის, მასალასთან მუშაობის ცოდნას გულისხმობს. ცხადია, ეს ყველაფერი გარკვეულად გბოჭავს შენც და იმ თავისუფლებასაც, რომელიც ერთი შეხედვით, ამ წიგნებში უხვად იგრძნობა”.
 
გამოფენაზე მიხაელ შტამის მიერ, სპეციალურად საქართველოსთვის გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს  – „TRUFFEL IN TIFFLIS”, სადაც ქაღალდის დამუშავების, წიგნის გაფორმებისა და აკინძვის პროცესია აღბეჭდილი. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ სტუმრებისათვის უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო ხელნაკეთი წიგნის ხელოვნება, ბეჭდვითი გრაფიკის, ლითოგრაფიის, ქსილოგრაფიისა და წიგნების შექმნის პროცესში გამოყენებული სხვა ტექნიკური მეთოდები.
 
ზოგჯერ ტექსტებსაც თავად ქმნიან. ხან უკვე ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებს მხოლოდ პოლიგრაფიულად აფორმებენ და კინძავენ. სწორედ ასე ახერხებენ ლიტერატურის სრულიად ახალი კუთხით, ინდივიდუალიზმითა და თავისუფლებით გაჯერებული ფანტაზიების მეშვეობით ჩვენებას.  
 
ლიტერატურულ მუზეუმში გამართულ ინტერაქტიულ გამოფენაში ქართველი დამთვალიერებელიც აქტიურად ჩაერთო. ნამუშევრების დათვალიერების, მუსიკალური პერფორმანსის მოსმენისა და ფილმის ნახვის გარდა, თითოეულმა მათგანმა ხელნაკეთი “შთაბეჭდილებების წიგნის” შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები