გაზვიადებული პროგრამა

დომენტი სიჭინავა
 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადზე მეტია დომენტი (ზვიად) სიჭინავა ხელმძღვანელობს. მან შეცვალა უმცროსი ნოდარ ახალკაცი, რომელიც 2005 წლის ზაფხულში გახდა სფფ-ს პრეზიდენტი, 2009 წლის სექტემბერში კი საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

 
წელიწადი საკმარისია ამა თუ იმ საჯარო პირის საქმიანობის შესაფასებლად. ამ წერილში სწორედ განვლილ პერიოდს მიმოვიხილავთ: რას დაჰპირდა ზვიად სიჭინავა ქართულ საფეხბურთო სამყაროს და რა გააკეთა.
 
სანამ ჩვენს პოზიციას გაგაცნობთ, ვიტყვით, რომ სფფ-ს რიგით მეოთხე პრეზიდენტის მიმართ ქართული ფეხბურთის სპეციალისტებში, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებში განსხვავებული დამოკიდებულებაა: ერთნი თვლიან, რომ წელიწადსა და ერთ თვეში სიჭინავამ უამრავი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო, მეორენი კი ამბობენ, რომ მას არაფრით გამოუჩენია თავი.
 
ამ წერილში მხოლოდ და მხოლოდ სიჭინავას საქმიანობას ვაფასებთ და არავითარ შემთხვევაში არ ვადარებთ მას ფედერაციის წინა მესვეურებს. ეს ცალკე თემაა.
 
სიჭინავას მოღვაწეობა სათანადოდ რომ შევაფასოთ, აუცილებელია იმ პროგრამით ვიხელმძღვანელოთ, რომელიც მან 2009 წლის 1 ოქტომბერს, ბასა ღოღობერიძის სახელობის სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინა. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სფფ-ს მორიგ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დომენტი (ზვიად) სიჭინავა ერთადერთი კანდიდატი იყო. დელეგატები მის პროგრამას იცნობდნენ, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთადერთმა არ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას – წინააღმდეგი არ ყოფილა, უბრალოდ, თავი შეიკავა (თუ ვინ იყო ის, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან პრეზიდენტი ფარული კენჭისყრით აირჩიეს). სხვებმა სიჭინავას პროგრამა მოიწონეს და კანდიდატიც პრეზიდენტი გახდა.
 
ვისაც დომენტი სიჭინავას წინასაარჩევნო პროგრამა ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ მასში რაიმე არნახული არ ეწერა: ბრტყელ-ბრტყელი და ზოგადი ფრაზების გარდა, არაერთი გაუგებარი წინადადებაც ამოვიკითხეთ, ეს კი უმალ გახდა კანდიდატის მზადყოფნაში დაეჭვების მიზეზი.
 
ამ გაუგებარ წინადადებებს ქვემოთ კიდევ მივუბრუნდებით, ახლა კი საარჩევნო პროგრამის ყველა საკითხი გავიხსენოთ: რა შეასრულა სიჭინავამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ და რა – არა/ვერა. დაგვეთანხმებით, ადამიანის საქმიანობის შესაფასებლად, ასეთი მიდგომა სამართლიანია.
 
სიჭინავას პროგრამა 11 პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება.
 
პირველ პუნქტში ვკითხულობთ: “საქართველოს ყველა რეგიონში უნდა გაშენდეს საერთაშორისო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონები. სასწრაფოდ რეაბილიტაცია გაუკეთდეს საქართველოს რეგიონებში არსებულ საფეხბურთო სტადიონებს, გაფართოვდეს ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნების ქსელი ფიფას და უეფას მოთხოვნათა შესაბამისად”.
 
გასაგებია, რომ ერთ წელიწადში ქვეყნის ყველა რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონს სფფ ვერ “გააშენებდა” – სხვა თუ არაფერი, საამისოდ დრო და ფინანსები არ ეყოფოდა, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ სტადიონების “გაშენება” კი არა, პროექტის დონეზეც არ თქმულა რამე. რაც შეეხება რეგიონებში სტადიონების რემონტს, ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა, ისევე, როგორც არ გაფართოებულა ხელოვნურსაფარიანი მოედნების ქსელი.
 
ერთ წელიწადში რამდენიმე სტადიონის კეთილმოწყობა (ისევე, როგორც ხელოვნურსაფარიანი მოედნის გაკეთება) შეუძლებელი რომ არაა, ეს ცხადია, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ამის სურვილი არ არსებობს. 
 
პროგრამის მეორე პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთია, სადაც ნათქვამია:
 
“საქართველოს ყველა რეგიონის საფეხბურთო კლუბების (სკოლები) მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მარტივი ტიპის მოედნების წესრიგში მოყვანა”;
 
“ყველა საფეხბურთო სპორტულ დაწესებულებაში უნდა აღდგეს სამედიცინო-აღდგენითი ცენტრები. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა კვების რაციონს”;
“შერჩეულ უნდა იქნეს მწვრთნელთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისი გეგმის მიხედვით განახორციელებს 12 წლიდან 17 წლამდე სამწვრთნელო სასელექციო სამუშაოს ე.ი. მოცემულ მწვრთნელთა ჯგუფმა უნდა აიყვანოს ნაკრები 12 წლიდან და გააგრძელოს მათთან მუშაობა ოფიციალური მატჩების ჩათვლით”.
 
არშესრულებული დაპირება რიგით მეორე პრიორიტეტულ მიმართულებაშიც შეგვიძლია დავინახოთ: სფფ-ს მიერ, განვლილი ერთი წლის მანძილზე ქვეყნის არც ერთი რეგიონის არც ერთი საფეხბურთო სკოლის უზრუნველყოფა არ მომხდარა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არ მოწესრიგებულა “მარტივი ტიპის მოედნები”, აღარაფერს ვამბობთ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის ისეთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო პუნქტზე, როგორიცაა “მოზარდთა კვების რაციონზე ყურადღების მიქცევა”. საინტერესოა, რამდენი საფეხბურთო სკოლის მოსწავლეთა კვების რაციონით დაინტერესდა სფფ-ს პრეზიდენტი?
 
რაც შეეხება იმ პუნქტს, რომელიც 12-17 წლამდელებთან მუშაობას ეხება, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ჩანასახშივე განწირული პროექტი იყო. ასეთი აბსურდის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანას, მეტი დაფიქრება სჯობდა. გასაგებია, რომ ბავშვთა ფეხბურთს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა შეიქმნას 12-წლამდელთა ნაკრები, თუნდაც გაფართოებული შემადგენლობით და მას მწვრთნელთა კონკრეტული ჯგუფი 5 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდეს? და 18 წლის რომ გახდებიან ფეხბურთელები, მერე რა უნდა ქნან? ეს პროგრამაში, რატომღაც არ წერია.
 
ველოსიპედის გამოგონებას იმ ქვეყნების მაგალითის გათვალისწინება სჯობს, ვისი ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებულნი არიან. თუნდაც, იგივე ესპანეთისა, რომლის 17 თუ 19-წლამდელთა გუნდები ხშირად იგებენ ევროპირველობას. თუ რა მაგალითზეა საუბარი, ამის შესახებ აქ აღარ გავაგრძელებთ – ამ საკითხზე ჩვენი ჟურნალი რამდენჯერმე უკვე წერდა – მხოლოდ დავძენთ, რომ მეტი დაფიქრების და მართებული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (და ასეთი სულ ექვსია!) გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე ახლაა.
 
სიჭინავას მესამე პრიორიტეტული მიმართულებაა “ჩემპიონატი და კლუბები”, რომლის პირველივე წინადადებაში ვკითხულობთ: “ეროვნული ჩემპიონატი უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უნდა ჩატარდეს”.
 
ამის შესახებ სიჭინავას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია არჩევნებზევე დაეკითხა, თუმცა სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა იმდენად უსუსურად უპასუხა, რომ ყველა მიხვდა – კამათი არ ღირდა.
 
საბედნიეროდ, წინასაარჩევნო პროგრამაში შესული ეს აბსურდი არ განხორციელდა – ეროვნულ პირველობას კვლავაც საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა კურირებს. სხვა საქმეა, რომ წინა წლებთან შედარებით სპფლ-ს მეტი დაეწუნება...
 
სფფ-ს პრეზიდენტის მეოთხე პრიორიტეტული მიმართულებაა “პროფესიული სრულყოფა”, სადაც ვკითხულობთ: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთავარ პრიორიტეტად აყენებს ქართულ ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების, მსაჯების, მედპერსონალის სასწრაფოდ გადამზადებას. რჩეულთა მივლინებას საზღვარგარეთ სტაჟირების გასავლელად”.
 
სფფ ჯერ კიდევ სიჭინავას პრეზიდენტობამდე ატარებდა (და ატარებს) უეფას მწვრთნელთა გადამზადების კურსებს, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი გაიოზ დარსაძე უძღვება (ადრეც და ახლაც). ამაში ახალი არაფერია – საქმე კეთდება ისე, როგორც საჭიროა.
 
რაც შეეხება მსაჯების და მედპერსონალის სასწრაფოდ გადამზადებას და რჩეულთა მივლინებას საზღვარგარეთ, სამწუხაროდ, განვლილი ერთი წლის მანძილზე არ გვსმენია, რომ სფფ-ს რომელიმე ექიმი და მსაჯი უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშვას. ცხადია, უეფას მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარებზე სფფ-ს თანამშრომელთა მივლინებას არ ვგულისხმობთ – ეს სხვა საკითხია...
 
პროგრამის მეხუთე პრიორიტეტული მიმართულებაა “ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები”.
 
სფფ-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ეროვნულის და ახალგაზრდულის გარდა, საქართველოს 6 ასაკობრივი ნაკრები ჰყავს: 13, 15, 16, 17, 18 და 19-წლამდელთა! ამ მხრივ საქართველო ევროპაში პირველია – ამდენი ეროვნული გუნდი ბებერ კონტინენტზე სხვას არ ჰყავს!
რაოდენობა რომ ხარისხის მაჩვენებელი იყოს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მეტიც, 14-წლამდელთა ნაკრების შექმნასაც მოვითხოვდით (საინტერესოა, ამ ასაკის მოზარდებმა რა დააშავეს), მაგრამ ამდენი ასაკობრივის აზრს რომ ვერ ვხვდებით? უარესი კი ისაა, რომ ვერც სფფ-ს მესვეური ასაბუთებს, რატომაა ამდენი გუნდი საჭირო: 6 ნაკრები 6 სხვადასხვა დონის განათლების, გემოვნების და გამოცდილების მქონე მწვრთნელით, რომელთა ხელშიც ჩვენი ფეხბურთის მომავალი უნდა გაიზარდოს. რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა ასეთმა მიდგომამ კარგი შედეგი მოიტანოს – ჩვენ დღეს დათესილს 5-7 წელიწადში მოვიმკით და ვეჭვობთ, მერე კრიტიკა დაგვიანებული იქნება.
 
პროგრამის მეექვსე პრიორიტეტული მიმართულებაა “სამოყვარულო ფეხბურთის განვითარება”, სადაც ჩვენდა გასაკვირად, ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე და ფუტსალზეა საუბარი, არადა, ამ საკითხებს ფიფა და უეფა იმდენივე ყურადღებას უთმობს, რასაც ზოგადად, დიდ ფეხბურთს. სამწუხაროდ, ქალთა ფეხბურთის და ფუტსალის სამოყვარულო ფეხბურთთან გაიგივება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ბატონი დომენტის პლუსად.
 
პროგრამის მეშვიდე პრიორიტეტული მიმართულებაა “ფეხბურთის პოპულარიზაცია რეგიონებში”.
მეორე აბზაცში ნათქვამია: “რეგიონულმა ფედერაციებმა უნდა შექმნან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების რეგიონული ნაკრები გუნდები, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს აღნიშნული ნაკრებების ტურნირი სპორტული კალენდრის გათვალისწინებით”.
 
იცით რამდენი რეგიონული ნაკრები “შეიქმნა”? მართალი ბრძანდებით – არც ერთი! და ცხადია, იმის მიხვედრაც არ გაგიჭირდებათ, მოეწყო თუ არა რეგიონული ნაკრებების ტურნირი “სპორტული კალენდრის გათვალისწინებით”. ცხადია, არა!
 
ესეც სფფ-ს პრეზიდენტის მორიგი არშესრულებული დაპირება, ანუ ტყუილი.
 
რაც შეეხება ამავე პრიორიტეტული მიმართულების მესამე აბზაცს, თუ ვინმე აგვიხსნის რას გულისხმობდა მასში სიჭინავა, მადლობელი დავრჩებით: “რეგიონალური ფედერაციების ქმედუნარიანობის გაზრდის მიზნით  უნდა აღდგეს მათი რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა”.
 
მოუთმენლად ველით გამოხმაურებებს. სასურველია სფფ-ს პრეზიდენტისგან...
 
მეცხრე პრიორიტეტული მიმართულებაა “მსაჯთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება”, სადაც ზოგადი დაპირებების ბოლოს (მსაჯთა კორპუსის პროფესიული ზრდა, შეკრებების მოწყობა და ა.შ.) ვკითხულობთ:
“უცხოელი სპეციალისტების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად”.
 
უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ეს სფფ-ს პრეზიდენტის კიდევ ერთი არშესრულებული დაპირებაა – ჯერჯერობით, საქართველოში მსაჯთათვის სემინარის ჩასატარებლად უცხოელი სპეციალისტი არ ჩამოსულა.
 
მეათე პრიორიტეტული მიმართულებაა “ვეტერან ფეხბურთელთა როლის ამაღლება ქართულ ფეხბურთში”.
ცხადია, არაფერია დასაწუნი ვეტერანთა დაფასებაში. ასევე მისასალმებელია მათი ფინანსური დახმარებაც, მაგრამ სათქმელია, რომ ეს დაწყებული საქმის გაგრძელებაა და არა ნოვაცია – საქართველოს ფეხბურთს ფედერაცია ყველა პრეზიდენტის დროს (სხვადასხვა სახით) ეხმარებოდა ვეტერანებს.
 
რაც შეეხება ამ პრიორიტეტული მიმართულების ბოლოში გაცხადებულ დაპირებას – “ვეტერანების მოწვევა ნაკრებ გუნდებში ოფიციალური შეხვედრების წინ მასტერ-კლასის ჩასატარებლად” – ეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. საინტერესოა, რამდენი ვეტერანი ეგულება სფფ-ს პრეზიდენტს, რომელსაც ნაკრებ გუნდებში მასტერ-კლასის ჩატარება შეუძლია? პასუხი განვლილ ერთ წელიწადში მოვიძიეთ: ეროვნულ, ახალგაზრდულ თუ 6 ასაკობრივ ნაკრებში ჯერ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს მასტერ-კლასი არათუ ოფიციალური, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის წინაც არ ჩაუტარებია.
 
ცნობისათვის: მასტერ-კლასის ჩასატარებლად მხოლოდ ასაკი და სტატუსი “ვეტერანი” საკმარისი არაა. განათლება და ცოდნის კარგად გადმოცემის უნარიც საჭიროა.
 
სიჭინავას წინასაარჩევნო პროგრამის უკანასკნელი, მეთერთმეტე პრიორიტეტული მიმართულებაა “მასმედიასთან ურთიერთობა”.
 
პროგრამაში დაბეჭდილი ამ მიმართულების ტექსტი პატარა, მაგრამ მეტყველი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მას გთავაზობთ კიდეც:
 
ახლა უფრო კონკრეტულად: მასმედიასთან ურთიერთობისთვის საყოველთაოდ მიღებული ფორმაა პრესცენტრი, გულშემატკივრებთან და პრესასთან კონტაქტის კიდევ ერთი აპრობირებული გზა კი ვებგვერდიც გახლავთ.
 
სამწუხაროდ, სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდს არაერთი ნაკლი აქვს: მასში უამრავი განყოფილებაა, თუმცა სამწუხაროდ, უმეტესობა უმოქმედოა; გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისური ვერსია საერთოდ რედაქტორის გარეშეა დარჩენილი; არაა გამოქვეყნებული ეროვნული, ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრები გუნდების განვლილი წლების სტატისტიკური მონაცემები (ეს არა მარტო გულშემატკივრებს, ჟურნალისტებსაც გვაინტერესებს); ქვეყნდება ვიდეობმულები სხვადასხვა სოციალური ინტერნეტ-გვერდებიდან, რაც ნამდვილად არაა მისასალმებელი (რამდენჯერმე გამოქვეყნდა ბმულები კანონიერ ქურდებზე, მეძავებზე, პოლიტიკოსებზე), ასევე გაუგებარია, რატომაა ბმულები უეფას ინტერნეტ-გვერდის რუსულ ვერსიასთან, როცა რუსული უეფას ოფიციალური ენა არ არის...
 
მაგრამ მთავარი ნაკლი მაინც არაოპერატიულობაა: ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების თამაშის შესახებ ცნობა, ხშირად, ერთი ან ორი დღის დაგვიანებით, ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა.
 
რაც შეეხება დავით ქლიბაძის საავტორო სვეტს, ვეტერანი საფეხბურთო ტელეჟურნალისტის წერილების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს – სხვა საქმეა, რომ ამ ჩანახატების ადგილი სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არაა.
 
ორგანიზაციის ოფიციალური ინტერნეტ-გამოცემა მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. სხვა შემთხვევაში მის არსებობას აზრი ეკარგება...
 
დომენტი (ზვიად) სიჭინავა 2009 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
 
მას შემდეგ წელიწადი და თვეზე ოდნავ მეტი გავიდა.
 
სფფ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით, ამ წერილში მისი საქმიანობა შევაფასეთ. ჩვენი აზრით, მან გაუგებარი მიზეზების გამო უამრავი დაპირება არ შეასრულა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მისი მოღვაწეობა სფფ-ში უარყოფითია.
 
ცხადია, როცა ამას ვამბობთ, არ გვავიწყდება, რომ დომენტი სიჭინავას პრეზიდენტობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისი კეთილმოეწყო და ფიფა-უეფა-სახელმწიფოს მეშვეობით ვალების დიდი ნაწილი დაიფარა.
 
მაგრამ საქმე ასე არ კეთდება. ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამკვიდრდეს წესი: კანდიდატი წარმოადგენს პროგრამას და შემდეგ, არჩევის შემთხვევაში, ამ პროგრამას პუნქტების მიხედვით ახორციელებს. სხვანაირად მსოფლიოს არც ერთ წარმატებაზე ორიენტირებულ ქვეყანაში არ მუშაობენ. მით უმეტეს ისეთ რთულ სფეროში, როგორიც ფეხბურთია.
 
P.S. ჩვენ სიჭინავას საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ სფფ-ს პრესცენტრს, თუმცა პრეზიდენტისგან პასუხი არ მიგვიღია. 

კომენტარები