ხორცის კონტროვერსია

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხორცზე ფასი ჯერ გაიზარდა, შემდეგ შემცირება დაიწყო. ამის მიზეზი ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევაა.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია მიიღო: იმისათვის, რომ საქონლის ხორცი თბილისის ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას. თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი ოთხ – ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალასა და ასპინძის სასაკლაოზე დაიკვლება. 
 
სასაკლაოები სხვა რაიონებშიც არსებობს, მაგალითად, გარდაბანში, თელავში, სენაკსა და ხაშურში. თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ სანიტარული ნორმები დაცული არ არის. შესაბამისად, იქ დაკლული საქონელი თბილისში გაყიდვის უფლებას ვერ მიიღებს.
თბილისის თითქმის მთელ ბაზარს ერთი კომპანია – ნატახტარის სასაკლაოს მფლობელი იბერმით ჯორჯია აკონტროლებს. აქ 1 კგ ხორცის დამუშავებაში გლეხი 1.20 ლარს იხდის. ამ ხარჯს ემატება საქონლის ტრანსპორტირების ხარჯიც. შესაბამისად, ხორცის ფასიც ძვირდება. რეგულაციის ამოქმედებისთანავე, ხორცის ფასი საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ხორცზე ფასი უპრეცედენტოდ დაბალი იქნება. კვეზერელის თქმით, ხორცი მომხმარებლამდე რამდენიმე შუამავლის მეშვეობით აღწევდა. ეს კი ფასს ხელოვნურად ზრდიდა. ბაზარზე ფასების დარეგულირებას კვეზერელი სახელმწიფოს ჩარევის გზით აპირებს: „სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ხალხის ხარჯზე მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ჯგუფების გამდიდრება და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ფასები ძველ ნიშნულს დავუბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რგოლი მოვაშოროთ”.
 
მისივე განმარტებით, ხორცზე ფასები იმის ხარჯზეც შემცირდება, რომ მალე ნატახტარის სასაკლაოს მფლობელი კომპანია იბერმითი თვითონ შემოვა ბაზარზე. კომპანია ახალ სასაკლაოებთან ერთად, თბილისის მასშტაბით რამდენიმე სუპერმარკეტის გახსნასაც აპირებს. ამ სუპერმარკეტებში ხორცის ღირებულება სასაკლაოდან გამოტანილის ტოლი – მაქსიმუმ 8 ლარამდე იქნება.
 
ისედაც გაზრდილი ხარჯების პირობებში, გლეხებს ურჩევნიათ ხორცი პირდაპირ სასაკლაოს მეპატრონეებს ჩააბარონ. აქ ცოცხალი ხორცის ფასი 2.50-3.50 ლარამდეა. დამუშავების შემდეგ კი ხორცის ღირებულება 7.40 ლარს აღწევს. როგორც ჩანს, იბერმითს ეპატიება მოგებაზე გასვლა, გლეხს და გადამყიდველს კი, რომელსაც ხორცი სულ მცირე 7.40 ლარი მაინც უჯდება, მისი 10-13 ლარად გაყიდვა – არა.
 
სურსათის უვნებლობის სამსახურის არგუმენტი ამ შემთხვევაში მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სასაკლაოზე დაკლული ხორცი უფრო საიმედოა. თუმცა სახელმწიფო აქაც ორმაგ სტანდარტს აწესებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ თქვა, რომ გლეხებს არ აუკრძალავენ ხორცის იქვე, სახლთან ახლოს გაყიდვას. იკრძალება მხოლოდ შეუმოწმებელი ხორცის ქალაქის ბაზრებში გაყიდვა. როგორც ჩანს, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივიც შერჩევითია.
 
ბაზარში სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონლის სპეციალურ სასაკლაოზე დაკვლას, საქართველოში 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონი განსაზღვრავს. თუმცა, კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური სასაკლაო არ არსებობს.
 
იქ, სადაც სასაკლაოები არ ფუნქციონირებს, ცხოველები იკვლება წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტ-სანიტარული ზედამხედველობით: საქონელი დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ მოწმდება და მისი ვარგისიანობა სპეციალური დოკუმენტით დასტურდება. ფორმა 2 ხორცის ვარგისიანობის შესახებ მოწმობაა. თუმცა თბილისში ასეთი ხორცის გაყიდვაც აკრძალულია.
 
სურსათის უვნებლობის სამსახური ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321-ე მუხლზე მიუთითებს: „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში”. ეს მუხლიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ წინასწარ შერჩეულ ადგილას, ვეტერინარულ-
 
სანიტარული ზედამხედველობით დაკლული ხორცი თბილისში არ უნდა გაიყიდოს. 
 
სურსათის უვნებლობის სამსახურისთვის ეს არგუმენტი არ არის; თუკი თბილისში მოქმედი ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი ან ბაზარი ჩაიბარებს და ივაჭრებს ისეთი ხორცით, რომელიც არ არის დაკლული სამსახურის მიერ დადგენილ ოთხ სასაკლაოზე, მას 1000-1500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. 

კომენტარები