დამნაშავეა, რადგან მართალია

პროკურორის ბოლო საბრალდებო სიტყვისა და დაცვის მხარის საბოლოო სიტყვების შემდეგ “კრიმინალ” ხოდორკოვსკისა და მისი “თანამზრახველის” პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. განაჩენი ცნობილი გახდება ერთ ან ორ თვეში. შესაძლოა 15 დეკემბრისთვისაც? ეს არის ის დრო, რომელიც სჭირდებათ კრემლის მაღალჩინოსნებს შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. რუსების მოტყუება არცთუ ისე იოლია. მოსახლეობის 40%-სათვის (19%-ის საპირისპიროდ) ისედაც ცნობილია “კრემლის კულუარებში” გამოტანილი განაჩენის შესახებ. რუსული ნავთობგიგანტის ყოფილ მეპატრონეს ბრალი 1998-2003 წლებში რუსული პროდუქციის 20%-ის მითვისებაში ედება, რაც თავისთავად უსაფუძვლო ბრალდებაა (გამომდინარე იქიდან, რომ ტანკერებით თუკი განვსაზღვრავთ მითვისებულ თანხის ოდენობას, ეს ტანკერები ეკვატორს ორჯერ შემოარტყამდნენ წრეს). მაგრამ ხოდორკოვსკი დამნაშავეა. თავაზიანმა პროკურორმა ყოველგვარი განმარტების გარეშე, მითვისებული თანხის მაჩვენებელი 349 მილიონიდან 218 მილიონ ტონა ნავთობამდე შეამცირა, ალბათ ეს ციფრი მას უფრო სარწმუნოდ მიაჩნია. 

ამასთან კასიანოვი (იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი,) ვიცე-პრემიერი კრისტენკო და განვითარების ყოფილი მინისტრი გრეფი სასამართლოს წინაშე აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის თანხის მითვისება წმინდა წყლის სიცრუეა, რადგან ეს მათ შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ. პროკურორი იმდენად მოხერხებით ვარირებს და ცვლის მოპარული ნავთობის ბარელის მაჩვენებლებს, როგორც წმინდა სახარებაში პურის გამრავლების ფაქტია მოთხრობილი. “მადლობას ვუხდი პროკურორს, რომელიც ადასტურებს ჩემს უდანაშაულობას”, – ირონიულად აცხადებს ხოდორკოვსკი, “ნორმალური ადამიანისათვის ამდენი სისულელის  დაჯერება შეუძლებელია”. რუსეთის მთავრობამ დაშლილი კომპანია სიხარულით გადაუნაწილა კრემლთან დაახლოებულ პირებს. როგორ ხდება, რომ უსამართლოდ დასჯილი ყოფილი ოლიგარქი, რომელმაც ციმბირის კატორღაში 7 წელი უკვე დაჰყო, კვლავ პატიმრობაში რჩება? რატომ არ ხდება თუნდაც მისი გადასახლება? რატომ არ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების დამშვიდებას, რომლებიც თავს იკავებენ, საკუთარი კაპიტალის თუ კადრების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენონ იმ ქვეყანაში, სადაც მასიური კორუფცია და კლეპტოკრატი ხელისუფლების მესვეურების უსამართლობა მძვინვარებს?
 
თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ ხოდორკოვსკის რეალური ბრალეულობა საკმაოდ მძიმეა: ის მართალია ვლადიმერ პუტინთან.
რუსეთი, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ბრაზილიის მაჩვენებელს 5-ჯერ ჩამოუვარდება. 2010 წლის Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთმა ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ნუსხაში 154-ე ადგილზე გადაინაცვლა და ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ტაჯიკეთი, პაპუა ახალი გვინეა და იემენი. მომდევნო პოზიციას იკავებს სომალი. არსებული მაჩვენებლით რუსეთი მნიშვნელოვანწილად  ჩამორჩება ზიმბაბვეს. მოდი და ანდეთ თქვენი კაპიტალი რუსეთს! მექრთამეობა და მკვლელობები, უკიდურესი კორუფცია “ბირთვულ საფრთხეზე დიდი საფრთხის შემცველია”, აღნიშნავს ხოდორკოვსკი, ადამიანი, რომელმაც ათი წლის წინ წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთს უნდა მოეხდინა მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის შერწყმა და პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების მაფიური კლანებისაგან გაწმენდა. მართვისა და ბიზნესის ადგილობრივი ტრადიციების სწორედ ამ ზედმეტად გულახდილი ზიზღის საფასურს იხდის ამჟამად ყოფილი ოლიგარქი. “იმისათვის, რომ აღარავის გაუჩნდეს ისეთი უგუნური განზრახვა, როგორიცაა თავისუფლად ქმედება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სურვილი, ყველასათვის საჩვენებელი მაგალითია ხოდორკოვსკი, რომელსაც -40 გრადუს ყინვაში რამდენიმე ფიცარზე სძინავს. ყოფილ ოლიგარქს ისღა დარჩენია, ჩაუღრმავდეს კომუნისტური თუ კაპიტალისტური რუსეთის ჯოჯოხეთურ რეალობას, რომელიც ასე გვაგონებს დოსტოევსკის კოშმარებს”. (მარიო ვარგას ლიოსა, 2010 წლის ნობელის ლაურეატი).
 
ჯერ კიდევ ახლო წარსულში მიხეილ ხოდორკოვსკის სურვილი მთელი მოსკოვის მასშტაბით შესაძლოა ნაადრევად ან თუნდაც უტოპიურად წარმოჩენილიყო. თუმცაღა დღეს სიტუაცია შეიცვალა და გამოცდილების დახმარებით საგრძნობი ხდება, რომ რისკი სწორედ პუტინი და მისი მმართველობის შედეგებია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ეკონომიკური ფიასკო: ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან შემოსულმა უზარმაზარმა თანხებმა კრიზისის დაწყებამდე მხოლოდ ზოგიერთი მსხვილი ოლიგარქის ქონება გაზარდა. ეს თანხა არ იქნა მიმართული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოდერნიზებისაკენ. მსოფლიო კრიზისი რუსეთის დასუსტებულმა საზოგადოებამ მტკივნეულად განიცადა ჩინეთისაგან განსხვავებით, რომელიც მიუხედავად ენერგორესურსების არარსებობისა, აღმავლობის გზას ადგას. შედარება იმდენად სავალალოა, რომ მედვედევმა მწუხარებაც კი გამოთქვა იმის გამო, რომ გიგანტური, მაგრამ პარალიზებული “ნავთობის ემირატის” მეთაურია. და ვინ არის ამაში დამნაშავე? ამას ემატება სტრატეგიული მარცხიც: სისხლიანი ომი, რომელიც პუტინმა 2000 წელს წამოიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ჯერაც არ დასრულებულა, არასტაბილურობამ მეზობელი რესპუბლიკებიც მოიცვა და ეს 200 ათასი დაღუპულის, დიქტატურული რეჟიმის დამყარების და მის მიერ განხორციელებული დაუნდობელი რეპრესიების, წამების ფაქტების, სიკვდილით დასჯის, კორუფციის, ისლამიზაციის, ჩადრის ტარების იძულების მიუხედავად. ამას დაერთო გაუთვალისწინებელი დიპლომატიური წარუმატებლობა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსეთის ტანკებმა გაარღვიეს პატარა საქართველოს დაცვის რიგები, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ანექსია (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის), რუსეთის ამ ნაბიჯის ლეგიტიმაცია მსოფლიოს და თვით რუსეთის მეზობელ ვასალ სახელმწიფოებსაც კი არ მოუხდენიათ. სააკაშვილი, შავი აჩრდილი არც მკვდარია და არც ხელისუფლებიდან ჩამოგდებული. წარუმატებლობა ერთმანეთზე აეწყო, დემოკრატიით ნაკლებად გამორჩეულმა ბელარუსმა დასავლეთისაკენ აიღო გეზი. ნავთობ-მეფეებს ისღა დარჩენიათ, მავნებლობას და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შანტაჟს მიმართონ.
 
ახლა ორიოდე სიტყვით დემოგრაფიულ, ალკოჰოლიზმის, ტუბერკულოზისა და შიდსის მწვავე პრობლემებს, ასევე ქვეყანაში არსებული უმუშევრობის, პროსტიტუციის, ნარკომანიის საკითხებს და იმ საყოველთაო უიმედობას შევეხოთ, რომელიც დიდი ქალაქების დატოვებისთანავე გვეუფლება. ზაფხულის პერიოდში მძვინვარე ხანძრები, რომელთანაც გამკლავება დროში საკმაოდ გაჭიანურდა, ნათელი დადასტურებაა იმ ქაოსისა და არაკომპეტენტურობისა, რომელიც ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან იწყება და ქვედა ფენებზე ვრცელდება. რაც არ უნდა იმეორონ და საქვეყნოდ აცხადონ  გულუბრყვილო და მოსყიდულმა ადამიანებმა, პუტინმა ვერ შეძლო რუსეთის პრესტიჟის აღდგენა. ქვეყანა ბრეჟნევის ეპოქის სტაგნაციისა და “იურიდიული ნიჰილიზმის” პირობებში აღმოჩნდა (მედვედევი). პუტინის მუდმივი ხელქვეითი, ამჟამინდელი პრეზიდენტი, გაზპრომის ყოფილი ხელმძღვანელი, თანხების გაფლანგვა-დანიავების თანამონაწილე, სახელმწიფოს მეორე პირი ძალაუფლების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილების გაჟღერებით შემოიფარგლება, რომელსაც ხანდახან აუდიტორიის მოსახიბლად მხიარული კრიტიკაც ახლავს თან. Good cop, bad cop, ბებერი გაიძვერა. მოსკოვის მერიიდან თაღლითი ლუჟკოვის  გაძევებითა (ეს ნაბიჯი გარეგნულად საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის იქნა გადადგმული) და მის ადგილას პუტინის პირწავარდნილი მომხრის დანიშვნით მედვედევმა დაადასტურა თუ რამხელა ცვლილებები ხდება იმ დროს, როდესაც რეალურად არაფერი იცვლება. 
 
რუსეთი ღრმა სტაგნაციის პირობებშია, თუმცაღა მაინც რჩება ქვეყნად, რომლის მაღალმა კულტურამ 1914 წლამდე ცარიზმის პირობებშიც კი მთელი ევროპა გაასხივოსნა. ეს “მეორე” რუსეთი, დოსტოევსკისა და ჩეხოვის, სოლჟენიცინისა და სახაროვის, ანას და ნატაშას რუსეთი ჯერაც არ მომკვდარა და ხოდორკოვსკის  მტკიცე წინააღმდეგობაც ამის დადასტურებაა. მას შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მან დარჩენა და წინააღმდეგობის გაწევა არჩია. სწორედ ამის გამოა იგი დამნაშავედ მიჩნეული. ერთ-ერთი მოსკოველი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ “თავისუფლებაზე მყოფი ხოდორკოვსკი იქნებოდა განსახიერება მონტე კრისტოსა და ნელსონ მანდელას ნაზავისა”. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კი ანა პოლიტკოვსკაია ჩემთან საუბარში ხოდორკოვსკის “რობინ ჰუდს” უწოდებდა. 

კომენტარები