Seazone in Deadzone

0 კომენტარი

საქართველოში მივეჩვიეთ იმას, რომ არაფერი თავის დროზე არ ხდება. კონცერტი გვიან იწყება, ფილმის პრემიერა თბილისის გზებზე საცობებზეა დამოკიდებული, რადგან რეჟისორს ან პროდიუსერს ნამუშევარი ბოლო წამს მიაქვს კინოთეატრში. Seazone-მა ყველა რეკორდი მოხსნა. ნამუშევარი კინოში 28 ოქტომბრიდან უნდა გასულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პრემიერა 12 ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა ის მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული ფილმი. დათო ბორჩხაძის ნამუშევარი, ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის დახურულ ჩვენებაზეც ჟურნალისტებისთვის დასაჯდომი ადგილი არ იყო გამოყოფილი. 

Seazone-ის დასაწყისი არაფერ კარგს არ მოასწავებდა. ზედიზედ რამდენიმე კომპანიის product placement, რეკლამა, რომლის უაზროდ ჩასმასაც ვერ გადაეჩვივნენ ქართველი რეჟისორები. ბორჩხაძემ პირნათლად მოიხადა ვალი სავარაუდო სპონსორების წინაშე და ნელ-ნელა ფილმიც გახურდა. ოთხი მთავარი პერსონაჟი გაგვეცნო: რატი, ნიკა, გიგა და სანდრო. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ბათუმში მიდიან დასასვენებლად, გზაში ხუმრობენ, გოგოების შებმას ცდილობენ. მეორე დღეს ოთხივე მეგობარი აღმოაჩენს, რომ ბათუმში მათ გარდა არავინაა. თავიდან დაბნეულობა და შიში იპყრობთ, ფიქრობენ,  რომ ქალაქი ეპიდემიის განგაშის გამო დაცარიელდა. მაგრამ მალე დამშვიდდებიან და გართობას გადაწყვეტენ – განიზრახავენ ტანსაცმელი და ფული მოიპარონ და თბილისში დაბრუნდნენ. აი აქ იწყება მთავარი ამბავი, ფილმის ოთხი გმირი ბათუმიდან გასვლას ვერაფრით ახერხებს. ეს ადგილი რეჟისორმა კარგი ოპერატორის და მშვენიერი მონტაჟის წყალობით ნორმალურად გააკეთა. რიტმი სწრაფია, სასაცილო ეპიზოდები და დაძაბულობა ერთმანეთს ცვლის. კომედია, დრამა, ჰორორი ერთმანეთში ირევა და თითქოს ყველაფერი საინტერესოდ მიდის. ბიჭები ნელ-ნელა უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონის” პერსონაჟებს ემსგავსებიან. რატისა და ნიკაში ცხოველური ინსტინქტი იღვიძებს, გიგა შეშინებულია და თვითმკვლელობასაც კი ცდილობს, სანდრო საკუთარ თავში იკეტება და მხოლოდ შეყვარებულზე ფიქრობს. ამ დროს ბიჭების ცხოვრებაში ორი გოგო ჩნდება – ანკა და სოფო. აქ კვდება ფილმი. 
 
ახალგაზრდა, გამოუცდელი რეჟისორი დათო ბორჩხაძე ვერ გაერკვა რისი გადაღება სურდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ  მეორე ნაწილი რეჟისორმა არ დაამონტაჟა, რა კადრებიც გადაიღო, ყველა ფილმში ჩასვა, თან ზოგიერთი ისეთი, რომელსაც  სიუჟეტთან არაფერი საერთო არ აქვს. მსახიობების თამაშიც სწორედ მაშინ სუსტდება, როდესაც მეტი ექსპრესია და სიღრმე იყო საჭირო. ფილმში ატმოსფერო სულ უფრო ხელოვნური ხდება. მეორე ნაწილში რიტმი საერთოდ ეცემა... აი თუნდაც, ერთი ეპიზოდია, როდესაც სანდრო ტყის გავლით ცდილობს ბათუმიდან გასვლას. ეს ეპიზოდი იმდენად გაწელილია, რომ შეგიძლიათ მეგობართან ერთად თავისუფლად განიხილოთ – 2010 წლის ფილმები, წლევანდელი ოსკარის პრეტენდენტები, 2 pac შაქურის სიკვდილის მიზეზები, ჰანსელისა და გრეტელის და-ძმური სიყვარულის უკვდავება. საუბრის დასრულების შემდეგ კი მაინც ტყეში იქნებით დათრგუნულ სანდროსთან ერთად, რომელიც შეყვარებულს მისტირის. 
 
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Seazone არის თანამედროვე ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე გაწელილი ფილმი, ბორჩხაძის ფილმთან შედარებით დევიდ ლინის სამსაათნახევრიანი “არაბი ლოურენსი” მოკლემეტრაჟიანი კინოა. 
 
Seazone deadzone-ში შევიდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. არადა ფილმს აქვს პლუსებიც: დათო ევგენიძის მშვენიერი მუსიკა და ომარ გელაშვილის საინტერესო ოპერატორული ნამუშევარი. თუმცა კარგი კინოს გასაკეთებლად, მარტო ეს საკმარისი არ არის. ფილმს თავისი ჟანრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები: ექშენი და სასპენსი აკლია. ვიმედოვნოთ, რომ ეს მხოლოდ რეჟისორის გამოუცდელობის ბრალია.  
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები