სახალხო კრების აქციების მეორე დღე

სახალხო კრების  მონაწილეებმა აქცია დღეს 3 საათზე განაახლეს. პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამით დარჩენილ მომიტინგეთა მცირე ჯგუფს მოქალაქეები პირველი საათიდან უერთდებოდნენ. ორი საათისთვის ნაწილობრივ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.

დღეს მიტინგზე არ გამოჩენილან წარმომადგენლობითი სახალხო კრების ინიციატორები და ორგანიზატორები — ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი. აქციაზე მივიდნენ  ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები და „სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები — ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი, გოგი ქავთარაძე და ელიზბარ ჯაველიძე, ასევე  თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

ოთხი საათისთვის ეკა ბესელიას ინიციატივით მომიტინგეთა ნაწილი საპროტესტო მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა. მიზეზი გუშინდელი აქციის ”არასათანდოდ გააშუქება” გახდა. ამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად აღდგა.

ტელევიზიისკენ მსვლელობამ გაურკვევლობა გამოიწვია ეროვნულ ფორუმსა და სახალხო კრების ინიციატორებს შორის. ფორუმის წარმომადგენელმა რეზო შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მსვლელობა ფორუმთან შეუთანხმებლად მოეწყო, რის გამოც მისი ლიდერები და მხარდამჭერები ამ აქციას არ შეუერთდნენ და პარლამენტის შენობის წინ დარჩნენ. მოგვიანებით, ფორუმის კიდევ ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრები  პარლამენტთან იქ დარჩენილი მოაქალაქეების  ”გასამხნევებლად” გაჩერდნენ.

მაუწყებლისკენ  მიმავალმა მანიფესტანტებმა კოსტავას ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტეს, რასაც მანქანის მძღოლებთან შელაპარაკებები მოჰყვა, თუმცა ვითარება მშვიდობიანად განიმუხტა. ტელევიზიასთან მისული სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გია ჭანტურიას შეხვდნენ. ჭანტურიასთან შეხვედრაზე  გადაწყდა, რომ სახალხო კრების ლიდერებს პოლიტიკურ თოქ-შოუში მიიწვევენ. ამის შემდეგ, აქცია დაიშალა.  

სახალხო კრების წარმომადგებლენთან ერთად ტელვიზიის წინ იმყოფებოდა გოგა ხაინდრავა, რომელმაც პირველი არხისა და რუსთავის 2-ის ჟურნალისტებს ”საროსკიპოს წარმომადგენლები”, ვიგინდარები და ”ბინძური დაწესებულების ჟურნალისტები” უწოდა.

მოგვიანებით სახალხო კრების ოფისში გაიმართა თათბირი ”სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და აქციის მხარცდამჭერ  ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელსაც ნინო ბურჯანაძეც დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეკრებილმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოება არ არსებობს და ანტისახელისუფლებო მოქმედებების დაგეგმვას ერთად აგრძელებენ. ეკა ბესელიას განაცხადებით, რომ მომავალი აქციის თარიღი  სამ დღეში გამოცხადდება.

კომენტარები