EXIT

2010 წლის ოქტომბერში Tbilisi/altervision/newcomers-მა მეორედ გამართა გრანდიოზული კონცერტი სპორტის სასახლეში და მსმენელს 12 ახალბედა მუსიკოსი წარუდგინა. ერთ-ერთი იყო Exit – ლუკა ნაკაშიძე, რომელიც 13 წლიდან წერს მუსიკას და გასულ კვირას დაბრუნდა ეგვიპტიდან, სადაც წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.

ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და 55-ე სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მუსიკას არა გართობად, არამედ საკუთარ პროფესიად მიიჩნევს. შექმნილი აქვს 50-მდე ტრეკი, აქედან 20 დასრულებულია. 
 
დასაწყისი
 
13 წლის ვიყავი, პირველად რომ მქონდა მუსიკასთან შეხება. თავიდან პატარ-პატარა კომპოზიციებით დავიწყე. დამაინტერესა, მომეწონა და შემდეგ უკვე კომპიუტერული სინთეზატორების და სემპლერების გამოყენებით სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. ვუკრავდი ტექნოს. პირველად ცოცხლად კუბიკ-რუბიკში დავუკარი, 15 წლის ვიყავი. საზოგადოებას მოეწონა ჩემი მუსიკა და შემდეგ ხშირად ვუკრავდი სხვადასხვა კლუბში. თუნდაც night office-ში, როდესაც M.A.N.D.Y იყო ჩამოსული. შემდეგ ტექნოს კეთებას შევეშვი და უფრო ექსპერიმენტულ მუსიკაზე გადავედი.
 
მუსიკის წერის პროცესი
 
შეიძლება ერთ დღეში გავაკეთო ტრეკი ან ორი თვე მოვანდომო, ყველაფერი ხარისხზე არის დამოკიდებული. თუ ბიტი კარგია, შესაბამისად ხარისხიც კარგი გამოდის.
დღის მანძილზე მუსიკას შეიძლება ექვსი საათი დავუთმო, ან ნახევარი საათი, მაგრამ ეს უბრალოდ გატაცება არ არის და არასდროს იქნება ჩემთვის მეორეხარისხოვანი. 
 
Exit
 
ერთი წელია ლუკა ნაკაშიძე გახდა Exit. თავიდან ვფიქრობდი, რომ Experience-it ყოფილიყო, მაგრამ ტირე ამოვიღე და უბრალოდ Exit გამოვიდა, რასაც გასასვლელთან არავითარი შეხება აქვს. სწორედ ამ სახელით წარვდექი სპორტის სასახლეში მსმენელის წინაშე.
 
Tbilisi/altervision/newcomers 2010
 
ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა, ამხელა პუბლიკის წინაშე პირველად დავუკარი. ვიფიქრე, რომ შემეძლო რაღაც ახალი მეჩვენებინა საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა. გასულ წელს არ ვიყავი მზად, ვიცოდი, რომ ვერ ვაჩვენებდი ისეთ ხარისხს, როგორიც მინდოდა, ამიტომაც მუსიკა დავხვეწე და წელს მივიღე მონაწილეობა.
 
Ministry of Sound
 
ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ ეგვიპტეში, ცნობილ კლუბში Ministry of Sound საკუთარი მომხმარებლებისთვის ფართი გააკეთა. მეც მიმიწვიეს. სტუმრები ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ და ჩემს მუსიკას კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
 
სამომავლო გეგმები
 
წელს მთელ დროს მუსიკას ვუთმობ,  მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალ წელს, აბიტურიენტი ვიქნები. ერთი ვიცი – მუსიკა არასდროს გახდება მეორეხარისხოვანი. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი თუ სად ჩავაბარებ, მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, აუცილებლად მუსიკასთან იქნება დაკავშირებული. ამჟამად ველოდები პასუხს ლეიბლებიდან, რომელთაც ჩემი მუსიკა გავუგზავნე. 
 

კომენტარები