NATO ლისაბონში: ზომიერი წარმატება

სამიტის ხმაურიანმა რეკლამირებამ, რომელსაც, ძირითადად, NATO აწარმოებდა, დამკვირვებლებს გადაჭარბებული მოლოდინი კი გაუჩინა, მაგრამ 19-20 ნოემბრის NATO-ს სამიტი ლისაბონში ზომიერ წარმატებად შეიძლება შეფასდეს. ალიანსმა რამდენიმე მოზომილი ნაბიჯი გადადგა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ოსტატურად აარიდა თავი რამდენიმე პოლიტიკურ ნაღმზე დაბიჯებას და განსაზღვრა ის დიდი სამუშაო, რომელიც მას ელის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც, ალბათ, ლისაბონში გაკეთდა, NATO-ს გამოცოცხლება იყო.

ირონიულია, მაგრამ მაშინ, როდესაც NATO-ს გაფართოება დღის წესრიგიდან მოხსნილია და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ყველაფერს ჩრდილავს, სამიტიდან გამარჯვებული საქართველო გამოვიდა. უფრო ირონიულია, რომ საქართველოს სამიტზე დასწრების მოკრძალებულმა აფიშირებამ მედვედევის ტრიუმფალური ღიმილის გვერდით, როგორც ჩანს, ალიანსს უფრო ფხიზელი მსჯელობისაკენ უბიძგა, ვიდრე ამას ბოლო დროს აკეთებდა.
 
საქართველომ წარმატების სამი ქულა ჩაიწერა. პირველი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. ობამა, აშკარად, კარგად იყო ინფორმირებული და შეხვედრაც სერიოზული გამოდგა. მან შეაქო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვა ამერიკის დახმარებას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
 
უეჭველია, ობამა გარკვეულწილად მოტივირებული იყო, მედვედევის პერსონით შეშლილ ადამიანად არ გამოჩენილიყო – სააკაშვილის იგნორირება ამერიკის პრეზიდენტს ზიანს მიაყენებდა ვაშინგტონის ახალ, სუპერდამუხტულ პოლიტიკურ გარემოში. ამაში საქართველომ ამერიკას კარგი სამსახური გაუწია და დაეხმარა მედვედევზე შეშლა რაღაცა ტიპის მისაღებ პერსპექტივაში მოექცია.
 
მეორე, სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია ავალდებულებს NATO-ს, „გააგრძელოს და განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან”. ეს მოკრძალებული პასაჟია, მაგრამ შეტანილია იმ დოკუმენტში, რომელიც ალიანსის ყველა განცხადებებსა და სამიტის დეკლარაციებს გადაწონის. 
 
მესამე, NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა: გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება; მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. და ლისაბონის სამიტის დეკლარაციამ აღიარა საქართველოს წვლილი NATO-ს ოპერაციებში, განსაკუთრებით, ავღანეთის მისიაში.
 
ის, რომ 2010 წლის მიწურულს ამის კიდევ ერთხელ დადასტურება გახდა საჭირო, სამიტის მონაწილეებისთვის, როგორც ჩანს, გარკვეული დაფიქრების მიზეზი გახდა. მედვედევის დახვედრა უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე მისი ჩამოსვლის ანონსი. და რამდენიმე ფრთხილი ჩანაწერი, რომლებიც სამიტის დოკუმენტებში მოხვდა. მაგალითად, სტრატეგიული კონცეფცია ალიანსს ავალდებულებს, „იმუშაოს ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერებისთვის თანამშრომლობის, გამჭვირვალობის და მასპინძელი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე”, რაც თითქმის დაუფარავი ქარაგმაა რუსეთთან არსებულ პრობლემაზე.
 
უფრო ფართო კონტექსტში, სამიტი ახალი სტრატეგიული კონცეფციის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და ავღანეთის შესახებ უნდა ყოფილიყო. გულახდილად თუ ვიტყვით, ახალი კონცეფცია არ ბრწყინავს. იგი განიხილავს ახალ საფრთხეებს, აფართოებს NATO-ს პარტნიორობის არეალს და გამოხატავს რუსეთთან პარტნიორული თანამშრომლობის სურვილს. თუმცა, ახალს არაფერს ამბობს და ალიანსს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას უსახავს. მისი მთავარი წვლილი ალიანსის დისკუსიებისთვის პარამეტრების დადგენაა და ამით იმ დიდი სამუშაოს განსაზღვრა, რაც გასაკეთებელი დარჩა. 
 
კონცეფცია, ასევე, თავს არიდებს ერთ-ერთ პოლიტიკურ ნაღმს და ნიღბავს ბირთვული იარაღის ირგვლივ არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს. NATO იმუშავებს, რათა „მსოფლიო ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდეს”, ნათქვამია კონცეფციაში, „მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO დარჩება ბირთვულ ალიანსად მანამ, სანამ მსოფლიოში ბირთვული იარაღი იარსებებს”.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კიბერუსაფრთხოებაა. დოკუმენტში კიბერშეტევა განსაზღვრულია მთავარ საფრთხედ, რომელმაც „შესაძლოა ისეთ მასშტაბს მიაღწიოს, რომ საშიშროება შეუქმნას ეროვნულ და ევრო-ატლანტიკურ წინსვლას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას”. ეს გულისხმობს იმას, რომ ზოგი კიბერშეტევა შეიძლება განხილული იქნეს NATO-ს ქარტიის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შეტევად, თუმცა დოკუმენტი ამას არ აკონკრეტებს.
 
მასობრივი განადგურების იარაღი კიდევ ერთი მთავარი საფრთხეა, რომლის აცილების მნიშვნელოვანი საშუალება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაა. მედვედევი დაეთანხმა თანამშრომლობას ჯერჯერობით განუსაზღვრელ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე. თუმცა, მან განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს „სრულფასოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთსა და NATO-ს შორის... სხვა შემთხვევაში, თანამშრომლობა არ შედგება”. NATO-ცა და რუსეთიც გულისხმობენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ან მეტ დამოუკიდებელ სისტემას, თუმცა, ეშმაკი დეტალებში გამოჩნდება – და იმაში, თუ რა მიმართულებას მიიღებს რუსეთთან ურთიერთობები.
 
სამიტმა ასევე თავი აარიდა პოლიტიკურ სკანდალს თურქეთთან იმით, რომ არ დაასახელა ირანი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის სავარაუდო წყაროდ.
 
შემდეგ იყო ავღანეთის საკითხი, ყველაზე დიდი გამოწვევა NATO-ს მომავლისათვის. იყო კამათი მისიის დასრულების მომხრეებსა და ჯარების გამოყვანის განრიგის შემუშავების მომხრეებს შორის, მაგრამ სამიტმა სანაქებოდ შეძლო მძიმე საკითხების შეჯერება. სტრატეგია ითვალისწინებს უსაფრთხოების ფუნქციების გადაბარებას NATO-სა და NATO-ს სარდლობის ქვეშ მყოფი ძალებისაგან ავღანეთის ძალებისთვის 2014 წლის ბოლომდე. „გადაბარება”, როგორც სამიტის დეკლარაციაში წერია, „დამოკიდებული იქნება წაყენებული პირობების შესრულებაზე და არა კალენდარზე”.
 
ამ სტრატეგიის გამოცდა უკვე მომავალ თვეს მოხდება, როდესაც ობამას  სტრატეგიის გადასინჯვაა დაგეგმილი, და შემდეგ, დროდადრო, პირობების შემუშავებისა და იმ ზეწოლის მიხედვით, რომლის ქვეშაც ქვეყნების ლიდერები მოექცევიან, რომ სამხედროები შინ დააბრუნონ. და მაინც, სამიტმა შეძლო ის, რაც შესაძლებელი იყო ალიანსის ამჟამინდელი მსოფლიო ხედვის ფარგლებში.
 
ავღანეთის საკითხზე სამიტმა კონსენსუსს მიაღწია. სხვა საკითხებზე – პარამეტრები განსაზღვრა მრავალმხრივი დებატისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო – და შესაძლოა, სამიტის ხმაურიანი რეკლამირება, ამ თვალსაზრისით, სასარგებლოც კი იყო – ლისაბონმა გამოაცოცხლა NATO იმ რთული სამუშაოსათვის, რომელიც მას ელის. 

კომენტარები