Wikileaks: ახალი მასალები საქართველოზე

ვიკილიქსი აშშ-ს დიპლომატების სახელმწიფო დეპარტამენტთან კონფიდენციალური მიმოწერის  გამოქვეყნებას აგრძელებს. საიტის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ 1600-ზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი გამოქვეყნდება. ამ დოკუმენტების ნაწილი საიტზე დღეს გამოჩნდა. გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 26 ივნისს რუსეთში აშშ-ს ელჩს, უილიამ ბარნსს შეხვდა.

”სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ პუტინი უშუალოდ არის დაინტერესებული საქართველოს დანაწევრებით, რომ პუტინი უშუალოდ არის ჩარეული საქართველოსთვის აფხაზეთის ჩამოცილებაში", — წერს ბარნსი. მისი აზრით, ერთადერთი, რაც პუტინს აკავებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისაგან,  აშშ-ს (და არა ევროპის) შიშია. "ამერიკის მთავრობას სჭირდება იყოს მკაცრი პუტინის მიმართ, რათა გაანეიტრალოს რუსეთთან პარტნიორობის ევროპული ტენდენციები", — ასკვნის დიპლომატი.

2008 წლის 20 აგვისტოს აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი წერს: "კრემლის მიზანი სააკაშვილის გადაყენება, საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შემობრუნება, მისი რუსეთის დაქვემდებარებაში დაბრუნება და ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება იყო, რაც საქართველოს დასავლეთთან დააშორებდა... რუსეთი გრადის ჭურვებითა და სხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებით ამარაგებდა სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და  საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდა, რათა ”აეფეთქებინა" საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს. რუსეთის მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ მოიცავდა სარაკეტო დარტყმებს, მკვლელობებს და სხვადასხვა უფრო მცირე ქმედებებს".

ამ მოსაზრებებს ტეფტი 2008 წლის აპრილშიც იმეორებს. აშშ-ს ელში აგრეთვე საუბრობს  აგრესიულ ქმედებებზე, ”დაუშვებელ თამაშის წესებზე”, რომლებითაც ”ბოლო რამდენიმე წელი” რუსეთი საქართვლოს წინააღმდეგ ”თამაშობს”. რუსეთის ქმედებების სიაში ტეფტი ახსენებს კოდორში სარაკეტო დარტყმას, ქართული პოლიციის მანქანის აფეთქებასა და ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის მცდელობას.

2007 წლის მაისში ტეფტი წერს: ”რუსული ვერტმფრენები კოდორის ხეობაში აფხაზეთის დევნილი მთავრობის სახლს ბომბავდნენ, შემდეგ კი ჭურვები დანარჩენ სამიზნეებსაც ესროლეს. მართალია, გაეროს გამომძიებლები რუსეთის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ, მაგრამ ეთანხმებიან ქართულ მხარეს იმაში, რომ შეტევის განხორციელება მხოლოდ რუსეთს შეეძლო”.

2009 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგნლის, ჟან ლევიდის შეხვედრაზე ფრანგი დიპლომატი აცხადებს: ”მოსკოვი ცდილობს არაფრად აქციოს ვალდებულებები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში კრიზისის დროს იკისრა. რუსეთმა პოლიტიკური საფასური უნდა გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებაზე.  რუსებმა  ამერიკის ზრუნვა ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის იმ ვალდებულებებისთვის თავის არიდების ლიცენზიად შეაფასეს, რომლებიც კრიზისის დროს იკისრეს.”

უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩის, კურტ უოლკერისა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმოწერაში ვკითხულობთ: ”საქართველოში შეჭრის შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრა. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პუტინის განცხადებებმა რუსეთის სამხედრო აქცია საქართველოში ახლებურად წარმოაჩინა... 2008 წლის 4 აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმით, რუსეთს საქართველოსკენ მწვანე შუქი აენთო".

კომენტარები