თბილისური ბუდა

„თბილისში ბუდას ქანდაკების დადგმას აპირებენ” – ჩურჩულით, აღშფოთებით თუ აღფრთოვანებით წარმოთქმული ეს მოარული ფრაზა გაზვიადებული სულაც არ არის. დიახ, მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალი გახლავთ. 

ბუდა ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. უკვე რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ამ ადგილას განლაგებული ერთადერთი შენობა იქნება და განახლებული რიყის ტერიტორიის 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. დანარჩენი სივრცე პარკს დაეთმობა.
 
ბუდა ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და სავარაუდოდ, არც სრულდება. მისი თავდაპირველი იდეა და კონცეფცია რუმინელი წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. თხუთმეტიოდე წლის წინ, მოგზაურობის მოყვარულმა ვისანმა მოისაზრა, ბიზნესისა და კრეატიული პროექტების კეთების უნარი საკუთარ გატაცებებთან შეეთავსებინა. ასე მოხდა ორიენტალური ეგზოტიკის სიყვარულის გარდასახვა ბარებისა და რესტორნების ქსელში. 1995 წელს გახსნილ B*Fly-ის მაღალი კლასის ბარების მყისიერმა წარმატებამ იდეებს ფრთები შეასხა და შედეგად, 1996 წელს პარიზში პირველი ბუდა ბარი, აწ უკვე ლეგენდარული მსოფლიო ბრენდი დაიბადა.
 
დღესდღეობით ბუდა ბარი ჰარმონიულად თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ეს ლუქს-კლასის ღირსშესანიშნაობა ვაშინგტონსაც შეემატება. სწორედ კრეატიული კონცეფციაა ის, რაც ტურისტებს თუ უბრალოდ, გართობის მოყვარულ ადამიანებს ამდენი წლის მანძილზე განუხრელად იზიდავს. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებითა და არტეფაქტებით, ეგზოტიკური სამზარეულო და რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზე მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ კომპანია ჯორჯ V-ემ  ბარის დიჯეების მიერ შემოთავაზებული მუსიკის რამდენიმე ათეული ალბომის გამოცემაც მოასწრო. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა ბარს ევალება. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს სიამოვნება მომხმარებელს არც ისე იაფი უჯდება, თანაც, როგორც „ბოროტი ენები” ამბობენ, მსოფლიოში სხვა უკეთესი სამზარეულოს მქონე დაწესებულებებიც არსებობს, ბარის გულშემატკივრებს შეუძლიათ, არ ინაღვლონ: მისი სახელი და გართობის განსხვავებული საშუალებების სინთეზი მყარ გარანტიას იძლევა, რომ მაგიდები კიდევ კარგა ხნის მანძილზე არ დარჩება დაუჯავშნელი.
 
ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნის და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს „შემდგომში” საერთოდ იარსებებს.
 
საქმე ისაა, რომ ბუდა ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არა იმიტომ, რომ ჩვენ გასართობი ან საკვები დაწესებულებების მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკური დამოკიდებულება გვაქვს, მიზეზი რესტორნის კონკრეტული კონცეფცია, უფრო სწორად – ამ კონცეფციის გაზვიადებული აღქმაა. მდგომარეობას დელიკატურობას ბუდას ქანდაკებით „აღჭურვილი” გასართობი დაწესებულების ადგილმდებარეობა სძენს. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს. ეკლექტური თბილისისთვის და მისი სანაპიროებისთვის უცხო არ არის საკრალური და გასართობი ობიექტების მშვიდობიანი თანაარსებობა, მაგრამ ამ ქანდაკებისთვის რელიგიური კონოტაციის მინიჭებამ საკითხს სპეციფიური ელფერი შესძინა: დღის წესრიგში რელიგიური მიუღებლობისა თუ ტოლერანტობის საკითხები დადგა, დისკუსიაც ამ კუთხით წარიმართა. „ბუდისტებიღა გვაკლდა” – წუხან მუსლიმებისგან, კათოლიკეებისგან თუ იუდეველებისგან რატომღაც გადაღლილი მართლმადიდებლები. „ბუდისტები გვაკლია!” – დაჟინებით ითხოვენ სხვანი. 
 
სხვათა შორის, ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტა გახლავთ. თუ საქართველოში ბარის “რელიგიური” დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ, ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. 
ამრიგად, ვერც თბილისში ვიხილავთ ბუდისტური რიტუალების აღსრულებას ან ლოტოსის პოზაში მყოფ ბერებს ალკოჰოლური სასმელისა და აღმოსავლური კერძების ოხშივარში გახვეული ქანდაკების წინ.  თუ პროექტი განხორციელდა – რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებს და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით. 

კომენტარები