პატარა ინდოეთი

მისამართი: თბილისი/საბურთალო/კანდელაკის 23 ტელ:890 526 999,868 888 002 სამზარეულო: ინდური საათები: ყოველდღე 12-24 ბარათები: მიიღება ამერიქან ექსპრესის გარდა ფასი: 75 ლარი (სადილი ორ ადამიანზე,
ალკოჰოლური სასმელისა და მომსახურების ჩათვლით) პარკინგი: კანდელაკის ქუჩაზე საიტი:www.letseat.at/littleindia13 არ ვიცი რამდენი ინდოელი სტუდენტი სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უფრო საინტერესო საკითხავი იქნებოდა თუ რას სწავლობენ და რატომ ამ უნივერსიტეტში, თუმცა ამ კითხვის ადგილი უფრო სხვა გვერდზეა და არა ამ რუბრიკაში. ჩვენთვის კი ეს ფაქტი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ვეძისს – უბანს, რომელსაც სტუდენტები ალბათ უნივერსიტეტთან სიახლოვის გამო საცხოვრებლად ეტანებიან, აგვისტოში ინდური რესტორანი – პატარა ინდოეთი შეემატა.  როგორც აღმოჩნდა, საქმე ჯერ კიდევ კარგად მიდის, ანუ ჯერ არ გაუფუჭებიათ.

ორი სიტყვა ინდურ სამზარეულოზე ქართულთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ინდური ქართულ სამზარეულოს ძალიან ჰგავს. ქართულმა სამზარეულომ, ისევე როგორც ინდურმა, სპარსულის დიდი გავლენა განიცადა. ქართველებს გვაქვს თონე – ინდოელებს თანდური, სადაც ისეთივე ლავაში ცხვება, როგორსაც მესხეთში დღემდე აცხობენ. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ უსაფუვრო პური ჰინდიზეც ზუსტად ისევე ჟღერს როგორც ქართულად – pūrī. თუ საქართველოში რეგიონალური მრავალფეროვნებით მოგვაქვს თავი, იგივე უფრო თამამად ინდურზეც შეიძლება ითქვას: ინდური სამზარეულო ინდოეთივით ჭრელი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. მდიდრული სანელებლებით გაჯერებული რეცეპტები, ისევე როგორც ქართული, საუკუნეების განმავლობაში დედიდან შვილს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ინდური სამზარეულოს მიხედვით გემოვნება ექვს კატეგორიად იყოფა: ტკბილი, მჟავე, მლაშე, ცხარე, მწარე და მსუსხავ-მკბენარი, თუ შეიძლება ასე ითქვას.  კარგად გაჯერებული ინდური კერძი ექვსივე არომატს შეიცავს, თუმცა ეს არც ისე ადვილი მისაღწევი და შესაბამისად იშვიათია. 

კანდელაკის ქუჩიდან რამდენიმე კიბით მკრთალად განათებულ სარდაფში ჩავდივართ და ფარდულ კუპეებად დაყოფილ გაურკვეველ სივრცეში ვხვდებით. მიუხედავად ამისა, ნამდვილად კარგი დასაწყისია, როდესაც ინდურ რესტორანში ინდური თანდური – ზარის ფორმის თონე დგას, სადაც პურს და თანდურის კერძებს ამზადებენ.  
 
პატარა ინდოეთის ატმოსფერო იმდენად არანაირია, რომ მიჭირს საერთოდ რაიმეს თქმა. რატომღაც ადრეული 1990-იანების პირველი კოოპერატივები გამახსენდა, სადაც ცარიელ ბინებში ნამცხვრები მარტივი კონსტრუქციის ხის თაროებიდან იყიდებოდა. დაკავებული კუპეების ფარდები დახურულია – ფარდებსმიღმა სივრციდან ინგლისური ყაყანი და შუახნის მამაკაცების მოურიდებელი სიცილი ისმის.  
 
მენიუ დაყოფილია ფრინველის, ხორცის, ბოსტნეულის და ბრინჯის კერძების პუნქტებად (items). სიტყვა item კერძთან მიმართებაში ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია: ინდურ მენიუში ხშირად შეხვდებით მაღალფარდოვნებას. შეკვეთისას კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდოელთა უმეტესობა ვეგეტარიანელია და ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება, ამიტომ, საქონლის ხორცის კერძის (curry) შეკვეთა ცოტა არ იყოს უხერხული ტონია. ოფიციანტი გოგონები საკმაოდ გაცნობიერებულები არიან მენიუში – ასე რომ, ვრცელი პუნქტების ჩამონათვალში გასარკვევად მათ დაეკითხეთ. 
 
პატარა ინდოეთი იაფი რესტორანი არ არის. შედარებით იაფია ირანული წარმოშობის ბირიანის კერძები (ბისმათის ბრინჯისა და ხორცის ფლავი). აუცილებლად დაიწყეთ ტანდორი ნაანით, გნებავთ ჩვეულებრივი, გნებავთ კარაქით (3-4 ლ). ძალიან კარგი იყო ჰიდერიბადული კერძი ქათამი დო-პიაზა (16ლ), მდიდრულად შეზავებული ცხვრის მასალა (20ლ.) და კარტოფილი დამ ალუ ქაშმირი (7ლ). თუ ექვსი არომატი არ იგრძნობოდა,  ორ-სამს მაინც ადვილად გამოარჩევდა დაკვირვებული ადამიანი. ხორციანი კერძების შეკვეთა იმიტომაც არ ღირს, რომ ხშირ შემთხვევაში რთული სათქმელია, რისი ხორცია ძვლოვან-ხრტილოვანი ნაჭრები, თუნდაც გემრიელ სოუსში მორთმეული. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს პატარა ინდოეთის დაგემოვნება – თუნდაც განსაკუთრებულად უფერული ატმოსფეროს, მაგრამ უდავოდ გემრიელი სამზარეულოს გამო, მით უმეტეს, რომ თბილისში ინდურის უკეთესი არჩევანი არ გვაქვს. 

კომენტარები