ყივჩაღები სამხრეთ აფრიკიდან

ბური ფერმერები საკუთარი ინვესტიციებით საქართველოში დასახლებას აპირებენ: დეკემბერში ექსპერტები ჩამოვლენ, შეისწავლიან საქართველოს შიდა და საგარეო ბაზარზე მოთხოვნას და გადაწყვეტენ, ღირს თუ არა ქვეყანაში კაპიტალის დაბანდება. საქართველოს მთავრობა თანახმაა, ბურებმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში საკუთარი ექსპერტიზა დანერგონ. 

ბურები სამხრეთ აფრიკაში 200 წლის წინათ დასახლდნენ. ისინი ჰოლანდიელების შთამომავლები არიან და აფრიკაანსულად საუბრობენ. სიტყვა ბური ამ ენაზე ფერმერს ნიშნავს, ძველჰოლანდიურად კი – გლეხს. 
 
1899 წელს ბურებს ინგლისელებმა შეუტიეს. ანგლო-ბურების სამწლიან ომში ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, ნიკო
ბაგრატიონი მოხალისედ, ბურების მხარეს იბრძოდა. მამაცობისა და შეუპოვრობისათვის მას პოლკოვნიკობაც კი მიანიჭეს. ნიკო ბაგრატიონი დღემდე ნიკო ბურის სახელით არის ცნობილი.
 
აფრიკაში ბურებს პრობლემები არ ელევათ. ისინი უმცირესობაში არიან და მსოფლიოში რასობრივად მოტივირებული ძალადობის ყველაზე ხშირ სამიზნეს წარმოადგენენ: 1994 წლიდან – მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი გაუქმდა – დღემდე 3 ათასი ბური ფერმერი მოკლეს. რესპუბლიკის მთავრობა ძალადობის ამ ფაქტებს აკანონებს: ახალი კანონმდებლობით, მიწის 30% ბურებს ჩამოერთმევათ და მთავრობის შავკანიან მხარდამჭერებს გადაეცემათ. 
უახლოეს წარსულში რამდენიმე ათასი ბური ფერმერი უკვე ზიმბაბვედან იძულებით გამოყარეს. ისინი ზიმბაბვეს მთელი მოსახლეობის გამოკვებას და მორჩენილი პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტირებას ახერხებდნენ. მათ გარეშე ზიმბაბვე ეკონომიკური კოლაფსის პირასაა და შიმშილის დასაძლევად, უცხოურ დახმარებებზე სრულად დამოკიდებული გახდა.
 
ბურების ექსპერტიზა ვრცელდება მეცხოველეობას, მიწათმოქმედებასა და ღვინის წარმოებაზე: სხვადასხვა გათვლით, ერთი ბური ფერმერი საშუალოდ 1500 კაცის გამოკვებას ახერხებს.  
ამ ექსპერტიზის იმპორტირება საქართველოს მთავრობას სურს. ის აპირებს ქართლსა და კახეთში აუთვისებელი დაუმუშავებელი მიწები სიმბოლურ ფასად დაუთმოს ბურებს იმ პირობით, რომ მომდევნო წლებში ისინი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დააბანდებენ. თავიდან საქართველოში 10-20 ფერმერი ჩამოვა. ემიგრანტობის მოსურნე ბურების შეფასებით, საქართველოში ათასზე მეტი ფერმერი ჩამოსახლდება. ერთ-ერთმა მათგანმა, პიეტ კემპმა The Independent-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ენის, კლიმატური პირობებისა და მეთოდების მიუხედავად, მზად არის გარისკოს: „თუ ჩამოვალ, საქართველოში ახალი სამხრეთ აფრიკის შენებას არ დავიწყებ. ქართველი გავხდები”.
მსგავსი განწყობის მიუხედავად, ბურების საქართველოში დასახლების იდეას კრიტიკოსები არ ელევა. მთავარი არგუმენტია, რომ თუ ბურები შემოიტანენ ფულს და ტექნიკას, მაღალხარისხიან პროდუქციასაც აწარმოებენ და ქართველი გლეხების უმეტესობა გაკოტრდება. 
 
არგუმენტი მსჯელობაში არათანმიმდევრულია. საქართველოში საოჯახო ტიპის მეურნეობები ჭარბობს და ამიტომ მოგებაც ნაკლები მოაქვს: საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში, 2006-2009 წლებში, საშუალოდ 7%-ს არ აღემატება. ბურების ექსპერტიზა საერთაშორისო ბაზარზე კარგად ცნობილია. საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი კი საოჯახო ტიპის მეურნეობის კონკურენტი ვერ იქნება. ეს ორი სხვადასხვა სფეროა. 
მეორე მხრივ, თუ ფერმერს საკუთარი ოჯახის შენახვა უჭირს – რომ აღარაფერი ვთქვათ პროდუქციის შიდა ბაზარზე ან ექსპორტზე გატანაზე – ის უბრალოდ წარმატებული არ არის ამ სფეროში და სხვა საქმიანობას უნდა მოკიდოს ხელი. იმისათვის, რომ ფერმერმა დასაქმება უფრო წარმატებულად შეძლოს, ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. ეკონომიკის ზრდისთვის კი აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, სულ მცირე, ორი პირობა: ექსპორტმა გადააჭარბოს იმპორტს და ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს.
 
საქსტატის ცნობით, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითი – 2.41 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 5%-ით მეტია. ამავე უწყების ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა. თუ შარშან იანვარ-ივნისში 291.2 მილიონი დოლარი შემოვიდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში შემოსავალი მხოლოდ 272.6 მილიონი დოლარი იყო. ბურების ინვესტიცია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარების პირობა შეიძლება გახდეს.
კრიტიკოსები სხვანაირად ფიქრობენ: საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ძირითადი წინაპირობა, მათთვის, მთავრობის მხრიდან ქართველ გლეხებზე გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემაა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით ახდენს მათ სუბსიდირებას. ეს აუცილებელი ხდება, რადგან სოფლის მეურნეობის დარგი იმდენად განუვითარებელია, რომ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი უჭირს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2006-2009 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ საშუალოდ 2.2 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ყველაფრის იმპორტირება უბრალოდ შეუძლებელია. შედეგად, ქამრების მოჭერის პოლიტიკის მიუხედავად, თბილისის ბიუჯეტში ჩადებული ეკონომიკის პროგრამა 637 ათასი ლარით გაიზარდა. სულ, მცირე და საშუალო ბიზნესებზე იაფი სესხების გაცემას და
 
დამწყები ბიზნესმენების ტრენინგებსა და ბიზნესკონსულტაციებს, 2011 წელს 5.3 მილიონი ლარი მოხმარდება. 
ცხადია, რომ მთელი ეს თანხა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს ვერ გასწვდება. თანაც, სესხის გაცემას მათზე აქვს აზრი, ვინც საბოლოოდ მის დაფარვას შეძლებს. ამდენად, სახელმწიფოს მოუწევს გამოარჩიოს უფრო ეფექტიანი და ნაკლებ ეფექტიანი ქართველი გლეხები და შერჩევითად დააფინანსოს. ბურების შემთხვევაში მხოლოდ ის იცვლება, რომ მეტად და ნაკლებად კონკურენტუნარიან გლეხებს ბაზარზე კონკურენცია გამოარჩევს. თანაც, ამ პროცესში საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი დაიზოგება და ვალის დაფარვას ან დეფიციტის შევსებას მოხმარდება, რაც თავის მხრივ ისევ ეკონომიკას გააჯანსაღებს. 
 
სახელმწიფოსაც მეტი თანხა დარჩება, სამიზნე ტრენინგ პროგრამები დააფინანსოს და ქართველ გლეხებს ბურების მიერ შემოტანილი თანამედროვე ტექნიკა შეასწავლოს. ამით სახელმწიფო ქართველი გლეხების კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის და ფულსაც უფრო ეფექტიანად დააბანდებს. ტექნიკის ათვისების შემდეგ, შემცირდება ფიზიკური შრომის წილი წარმოებაში. შესაბამისად, შემცირდება ფასიც და საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება. ეს გაზრდის ექსპორტის მოცულობას. მთავრობის მიერ ამგვარად დაბანდებული ფული გლეხებისთვისაც უფრო მომგებიანი იქნება: მათ ფულის დაბრუნება არ მოუწევთ. 
 
ამ ეტაპზე ჯერ ცნობილი არ არის რამდენი ბური ჩამოსახლდება საქართველოში. სამხრეთ აფრიკაში სულ 41 ათასი ოჯახი ანუ 150 ათასამდე ბურია

კომენტარები