პლასიდო დომინგოს მუსიკა, ფეხბურთი და სიყვარული

სტანდარტულ კითხვაზე – როგორ ხარ? – 25 ნოემბრის საღამოს რამდენიმე არასტანდარტული პასუხი მივიღე – ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით მჯდომმა ხანშიშესულმა კაცმა კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე წაიქვითინა. ბედნიერებისგან.

იმ დღეს ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. დაწყებული ამინდით: დილიდან მოღრუბლული იყო და ყველას წვიმის ეშინოდა, მაგრამ შუადღეს მზე გამოვიდა და ბათუმში დაცხა. დამთავრებული გალა-კონცერტით: ძალიან სადად და გემოვნებით იყო გაკეთებული სცენა, რომელიც მოუხდა ასევე კარგად გაფორმებულ პიაცას და ულამაზესი სივრცე შექმნა. მაღალ დონეზე დაუკრა თბილისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა და ბრწყინვალედ იდირიჟორა იუჯინ კონმა. როგორც ყოველთვის, ქართველმა მომღერლებმა ძალიან გვასიამოვნეს. და პლასიდო დომინგო. სამოცდაათი წლის ადამიანი, რომელსაც თვალები ოცი წლის ბიჭივით უელავს, ძალიან აქტიურია, ეპრანჭება ქალებს, დირიჟორობს და ცეკვავს ტანგოს.

მაესტროს გვიან შევხვდით ინტერვიუზე, მაგრამ მას საერთოდ არ ეტყობოდა გრძელი დღის კვალი. ის აღფრთოვანებული ლაპარაკობდა და რამდენჯერმე გაიმეორა: ამდენი ბედნიერი ადამიანის ნახვით ძალიან ბედნიერი ვარ!

 
 რაზე მეტყველებს ის, რომ საქართველომ, პატარა ქვეყანამ, თანამედროვე  მსოფლიო საოპერო ხელოვნებას რამდენიმე ვარსკვლავი აჩუქა. მაგალითად დღევანდელი გალა-კონცერტის მონაწილენი?
 
ეს დიდადაა დამოკიდებული შენს სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, იქაურ ტრადიციებსა და რასაკვირველია, გენეტიკაზე. საქართველოში უაღრესად საინტერესო ხმები მოვისმინე. სხვათა შორის, ვახშამზე ქართული ცეკვაც ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. თქვენთან ოდითგანვე სრულდებოდა მრავალხმიანი სიმღერა და ეს ბევრს ნიშნავს. ამიტომაც იმდენი კარგი საოპერო მომღერალი გყავთ, რომ უკვე დათვლაც მიჭირს. ვწუხვარ, რომ დღეს აქ არ იყო ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც შესანიშნავი ხმა და დიდი მომავალი აქვს. 
ასე რომ, შედარებით ძველ თაობას, პაატას, ლადოს და ეთერს ღირსეული შემცვლელები ეზრდებათ. ორივე ნინო (მაჩაიძე და სურგულაძე) ბრწყინვალეა. საერთოდ, დღევანდელი საღამო ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. იცით, ხმა ცოტა მისტიკური რამაა და როცა ეს მისტიკა შენკენაა, როცა ყველაფერი გამოგდით შენც და შენს კოლეგებსაც, როცა ბრწყინვალეა ორკესტრი, დირიჟორი, პუბლიკა, მაშინ იქმნება ჰარმონია და ეს ყველასთვის ბედნიერებაა, ჩემთვისაც და ჩემი მსმენელისთვისაც. ადრენალინისგან დავიცალე და ძალიან ბედნიერი ვარ.   
 
 ქველმოქმედებასთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობთ დამწყები არტისტების აღმოჩენას და განვითარებას. ვის გამოარჩევდით ახალგაზრდა მომღერლებიდან და ვინ მიგაჩნიათ თქვენს მემკვიდრედ?
 
ტენორების ძალიან კარგი თაობა მოდის, მაგალითად დიეგო ფლორესი, ან ვიტორიო გრიგოლო. ისინი ყველანი ძალიან ახალგაზრდები და ნიჭიერები არიან, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, ვის როგორ მიიღებს პუბლიკა. ეს გადამწყვეტი ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ტენორიც გამოჩნდება, თქვენ ხომ ასეთი საინტერესო ხმები გაქვთ. ჩემი მემკვიდრე ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ კონკურენცია იმდენად დიდია და თუნდაც ჩემს კონკურსებში ისეთი გამარჯვებულები გვყავს, რომ შემცვლელი აუცილებლად ღირსეული მეყოლება.
 
 სულ ცხრა გრემი გაქვთ მიღებული, მეხიკოში თქვენი ქანდაკება დგას, უამრავი წოდება და ორდენი გიბოძეს დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, მექსიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის ლიდერებმა და მონარქებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რომელი ჯილდოა თქვენთვის უძვირფასესი?
 
ნებისმიერი ჯილდო სასიამოვნოა, მისი მიღებისას ხვდები, რომ რაღაც კარგს აკეთებ, აკეთებ იმას, რაც ხალხს მოსწონს და ეს განუმეორებელი შეგრძნებაა. თუმცა მთავარი მაინც პუბლიკაა, მისი რეაქცია და ემოციები. როდესაც შენკენ სიყვარული და ბედნიერება მოდის, ამაზე დიდებული არაფერია.
 
 თქვენ, ხოსე კარერასი და ლუჩანო პავაროტი (სამი ტენორი) პირველად მსოფლიოს 1990 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის წინ წარსდექით მსმენელის წინაშე. იგივე განმეორდა მომდევნო ჩემპიონატებზე. ფეხბურთი გიყვართ თუ ეს უბრალოდ მაქსიმალურად დიდ აუდიტორიაზე გასვლის მცდელობა იყო?
 
ფეხბურთი ძალიან მიყვარს. 1950 წლიდან მოყოლებული აქტიური გულშემატკივარი ვარ. მაშინ ჯერ კიდევ რადიოში ვუსმენდი რეპორტაჟებს, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია, ყველგან ვიყავი. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი გამომიტოვებია, მით უმეტეს, რომ გამარჯვების არომატს ვგრძნობდი, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვემზადებოდი და ასეც მოხდა. სტადიონზე არნახული ატმოსფეროა და ფანების წინაშე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულად მსიამოვნებს.
 
 რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
 
რეალ მადრიდ!
 
 ორშაბათს ელ კლასიკოა ბარსელონაში, რეალი ჩადის. თქვენი პროგნოზი?
 
რეალი ერთი ქულით წინაა, 33 გოლი აქვს გატანილი და ექვსი გაშვებული, ბარსელონას 33 გატანილი და რვა გაშვებული, კრიშტიანუ რონალდუმ უკვე 15 გოლი შეაგდო, მესიმ – 13, ანუ ისეთი თანაბარი მდგომარეობაა, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ჩემი ნატვრაა რეალმა მოიგოს, მაგრამ თამაში ბარსელონაშია და ფრეც გამახარებს. ბარსა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, მეც სიამოვნებით ვუყურებ და ყველა სხვა გუნდთან წარმატებას ვუსურვებ, თუმცა რეალთან ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. დღეს ეს ორი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.
 
 რა მუსიკას უსმენთ თავისუფალ დროს და ვინაა თქვენი ფავორიტი მუსიკოსი/კომპოზიტორი?
 
უმეტესად, რასაკვირველია, კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. ძალიან მიყვარს ბახი, ის ჩემთვის განცალკევებულია. კიდევ ოთხ კომპოზიტორს გამოვყოფდი: მოცარტს, პუჩინის, ვერდის და ვაგნერს. მათ ძალიან მრავალფეროვანი და გენიალური რეპერტუარი დაგვიტოვეს. ხანდახან თანამედროვე მუსიკასაც ვუსმენ, უფრო რიტმულს, ბალადებიც მომწონს. ერთადერთი, რასაც ვერ გავუგე, რეპია. ეს არაა სიმღერა, თითქოს პოეზიას ჰგავს, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო შთამბეჭდავი პოეზია ყოფილიყოს. 
 
 გაქვთ თუ არა აუსრულებელი მუსიკალური ოცნება? მაგალითად, ვინმესთან ერთად სცენაზე გასვლა?
 
მგონი ყველა დიდ ვარსკვლავთან მიმღერია. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ ისაა, რომ მარია კალასთან ერთად ვერ მოვახერხე გამოსვლა და ეს შეგვიძლია ჩემს მუსიკალურ ოცნებად მივიჩნიოთ. ყველა ჩემი კოლეგა განსხვავებული და თავისებურად საინტერესო მომღერალი და ადამიანია, თუმცა ჩემთვის მთავარია ჩემი საქმე ვაკეთო კარგად და რაც შეიძლება დიდხანს.  
 
 თქვენი მეუღლე, მარტა ორნელასი, 1962 წელს მექსიკის წლის საუკეთესო მომღერლად აღიარეს, თუმცა მან პერსპექტიული კარიერა მიატოვა და მთლიანად ოჯახზე გადმოერთო. როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა?
 
თავად ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და რომ არასდროს უნანია ამის გამო. მან მითხრა – ძალიან ძნელია ერთად იყო კარგი მომღერალი, ცოლი და დედა. ის აუცილებლად დიდი მომღერალი გახდებოდა, მაგრამ გახდა ჩემი თანამგზავრი, დამცველი, კომპანიონი, მრჩეველი. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, მისი ნიჭი, ერთგულება, მისი გემოვნება ჩემთვის შეუფასებელია და უზომოდ მიყვარს
 

კომენტარები