ახალი სტარტის ნაადრევი ფინიში

ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა აპრილში სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 2012 წლისათვის უნდა შევიდეს. იქამდე ახალი სტარტის რატიფიკაცია ამერიკის სენატმა უნდა მოახდინოს, თუმცა რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო სავარაუდოდ  ვერ განხორციელდება.

რესპუბლიკელი სენატორების აზრით, ხელშეკრულება არარელევანტურია. პირველ რიგში არასწორადაა შერჩეული მისი მიზანი. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების გათვალისწინებით რუსეთის ბირთვული არსენალის შემცირებას ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. Washington Post-ის მიმომხილველი ჩარლზ კრაუტჰამერი თვლის, რომ ობამა ცდილობს ახალი სტარტის გატანით შექმნას წარმატების შთაბეჭდილება, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა ირანის ბირთვულ პროგრამას ვერაფერი მოუხერხა.
 
რესპუბლიკელები არ იზიარებენ ობამას ენთუზიაზმს, რომ აშშ-ის ბირთვული არსენალის შემცირება მორალური მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვის. საეჭვოა, ამერიკის მიერ რაკეტების განადგურებას ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარულმა რეჟიმმა საკუთარი პროგრამის გაუქმებით უპასუხოს ან ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გადაიფიქრონ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდება.
 
ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკამ უნდა შეამციროს არა მხოლოდ რაკეტების, არამედ მათი გადამტანებიც რაოდენობაც, რომლებიც არაბირთვული იარაღისთვისაც გამოიყენება. შეიძლება ითქვას, ხელშეკრულება ამერიკის ჩვეულებრივ შეიარაღებასაც შეეხება და შორი დისტანციის რაკეტების წყალობით მიღებულ სტრატეგიულ უპირატესობას შეასუსტებს. ამას გარდა, ხელშეკრულების პრეამბულის ტექსტი არ განასხვავებს თავდაცვით და შეტევით იარაღს. ამ პუნქტმა შესაძლოა ამერიკას ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით მოკავშირეების ტერიტორიაზე რაკეტების განლაგებაში.
 
ხელშეკრულების ერთ-ერთი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც იყო. მისი ჩავარდნა რუსულ მხარეს კმაყოფილს არ დატოვებს, რაც დარტყმას მიაყენებს ობამას გადატვირთვის პოლიტიკას.
 
ობამა იმედოვნებს, რომ შეძლებს ოპონენტების გადარწმუნებას, როდესაც საქმე კენჭისყრაზე მიდგება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა საკითხის გადაწყვეტა წლის ბოლომდე მოესწროს. კონგრესის წინაშე სხვადასხვა ეკონომიკური საკითხები დგას, მაგალითად ახალი გადასახადები და უმუშევრობა. 2011 წლის იანვრიდან კი ახალი კონგრესი შეუდგება მუშაობას. კონგრესში ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. პრეზიდენტს წინ რთული დღეები ელის. 

კომენტარები