შიშველი სიმართლე

შიშველი სიმართლე

ასეთი სიზმარი თუ გინახავთ? – მისეირნობთ ხალხმრავალ ქუჩაზე, თითქოს უჩვეულო არაფერია. მაგრამ, უცებ აღმოაჩენთ, რომ შიშველი ხართ. 
 
მე – კი! უსიამოვნოა. 
 
29 ნოემბერს გამსკდარი სკანდალი, ჩემს სიზმარს მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად შიშველი მე კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებია და ეს სიზმარი კი არა, ცხადია. 
 
ბურუსით მოცული ორგანიზაციის, Wikileaks-ის მიერ გავრცელებულმა ვაშინგტონისა და მისი დიპლომატიური კორპუსის საიდუმლო მიმოწერამ მთელი მსოფლიოს ელექტრონული თუ ბეჭდური მედია დაიპყრო და ყველა მიმდინარე ამბავი გადაფარა. 
 
გასული კვირის, თითქოს მთავარი საერთაშორისო მოვლენის, ეუთოს სამიტის შესახებ ინფორმაციის ძიებასაც კი Wikileaks-ამდე მივყავართ. ყაზახეთის დედაქალაქში ხომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მსოფლიოს იმ ლიდერებს შეხვდა, რომელთაც მისი ხელქვეითები დიპლომატიურ მიმოწერაში ხშირ შემთხვევაში ზუსტი, მაგრამ დამცინავი ეპითეტებით ამკობდნენ. 
 
მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ადამიანების კონფიდენციალური და თანაც მოპარული მიმოწერის კითხვა არაეთიკურად მიმაჩნია, გამოქვეყნებულმა მასალამ მომნუსხა და ინტერნეტს მიმაჯაჭვა. თუმცა, ჩემთვის და როგორც ჩანს, უამრავი სხვა ადამიანისთვის, საიდუმლო კორესპონდენციას ახალი არაფერი უთქვამს, უბრალოდ სამზარეულოში შეგვახედა და დაადასტურა ის, რაც აქამდეც ვიცოდით. 
 
ვინ არ იცის, რომ პუტინს უფრო დიდი გავლენა აქვს რუსეთზე, ვიდრე მედვედევს? ვის ჰგონია ანგელა მერკელი კრეატიულობის განსახიერება? ვის არ უტოვებს სარკოზი უმართავი და მოუსვენარი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას? ვის სჯერა, რომ ჰამიდ კარზაი ეფექტიანი პრეზიდენტია? ვის არ სმენია ბერლუსკონის კორუმპირებულობის შესახებ? ან ვის უკვირს ლიბიის დიქტატორით, მოამარ კადაფით “მოხიბლული”, ვნებიანი უკრაინელი მედდა? თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მედვედევისა და პუტინის ტანდემის რობინთან და ბეტმენთან შედარებამ მეტისმეტად გამამხიარულა. 
 
სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები – პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა – ამერიკელ დიპლომატებს არ დავიწყებიათ. ისინი არ იტყუებიან. 
ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები და მასთან ერთად, მსოფლიო დიპლომატია, დარტყმის ქვეშაა. მომხდარი ცხადყოფს, რომ ამერიკას არ შესწევს უნარი საიდუმლო შეინახოს. 
 
რამდენი დაელაპარაკება გულწრფელად ამერიკელ დიპლომატს, ან რამდენი გაბედავს შეერთებული შტატების სამსახურებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდოს, მაშინ როდესაც დაზღვეული არავინაა, რომ საკუთარ გვარს New York Times-ში არ ამოიკითხავს და თავის რეპუტაციას ან სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის? რატომ გარისკავენ ამერიკელი დიპლომატები ხელმძღვანელობას გულწრფელი ანალიზი შესთავაზონ თუ მუდმივად იმის შიში ექნათ, რომ მეორე დღეს მათ მოსაზრებებს ტელევიზიები გადასცემენ? 
 
“სიტყვის თავისუფლების სახელით, Wikileaks-მა გულწრფელი სიტყვა შეავიწროვა”, – ამბობს The Washington Post-ის ავტორი ან აპელბაუმი. ვფიქრობ, მართალია. 
 
შესაბამისად, მოპარული დიპლომატიური მიმოწერის გამოაშკარავება, აუცილებლად შეაფერხებს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას – იქნება ეს საერთაშორისო ტერორიზმი, ირანული საფრთხე თუ სხვა რამ. 
 
ამას გარდა, მომხდარი ეჭვქვეშ აყენებს Wikileaks-ის მისიას, რომელსაც ორგანიზაციის შემქმნელები ასე განმარტავენ: 
 
“ჩვენი მთავარი მიზანია ნიღაბი ჩამოვხსნათ აზიის, ყოფილი საბჭოთა ბლოკის, სუბ-საჰარას აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რეპრესიულ რეჟიმებს. ამავდროულად, შევეცდებით დავეხმაროთ ადამიანებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთაც სურთ მათი ხელისუფლებისა და კორპორაციების არაეთიკური ქმედების გამჟღავნება”. 
 
მიუხედავად იმისა, რომ Wikileaks-ის თავდაპირველ სამიზნეებს შორის კენიის მთავრობა, შვეიცარიული ბანკი, ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტია და რამდენიმე სხვა სუბიექტი გამოერია, ეჭვგარეშეა, რომ მისი ინტერესის მთავარ საგანს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. 
 
Wikileaks-ის მიერ წამოწყებული “სიმართლის თქმის” კამპანიის ფარგლებში შევიტყვეთ 2008 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, სარა პეილინის “მძიმე დანაშაულის შესახებ” – თურმე იგი, პერსონალურ ელექტრონულ ფოსტას იყენებდა პერიოდულად სამსახურებრივი ინფორმაციის გასაცვლელად და ამით საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი დაარღვია.  პეილინის კომპიუტერში მისი პოლიტიკური ოპონენტის, ტენესის შტატის დემოკრატი კანონმდებლის ვაჟი შეიჭრა და მოპარული ფაილები გასავრცელებლად Wikileaks-ს გადასცა. 
 
გასულ აპრილს, სკანდალების მოყვარულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიღუპა Reuters-ის ორი ჟურნალისტი ერაყში. ამერიკელმა სამხედროებმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს, ფოტოკამერები ცეცხლსასროლ იარაღში აერიათ და ვერტმფრენიდან ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს. “აქ არც ისაა ნაჩვენები, რაც მანამდე მოხდა, არც ის, რაც ამის შემდეგ”, – განაცხადა გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესახებ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეითსმა.
 
საქმე ისაა, რომ Wikileaks-ი მედიასტანდარტის დაცვაზე უარს ამბობს – მკითხველისთვის კონტექსტის მიწოდება მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ის თავს არა ჟურნალისტურ, არამედ იდეოლოგიურ ორგანიზაციად მიიჩნევს. Wikileaks-ი არ ერიდება თუნდაც ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ უდანაშაულო ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. 
ამ ბრალდების გასაქარწყლებლად, Wikileaks-ი აცხადებს, რომ ყველა შესაძლო საფრთხის აწონ-დაწონის შესაძლებლობა მას არ აქვს, და ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა დახმარება. ბუნებრივია, ამერიკის საგარეო უწყებამ Wikileaks-თან თანამშრომლობა არ ისურვა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მოუწოდა ნაქურდალი დაებრუნებინათ. 
 
ივლისში, Wikileaks-მა მედიას ავღანეთის ომის შესახებ 90 ათასზე მეტი დოკუმენტი მისცა. აღნიშნული მასალა შეიცავდა ინფორმაციას, როგორც აშშ-ის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების, ისე ავღანელი ინფორმატორების შესახებ. პასუხად, თალიბებმა საჯარო პირობა დადეს, რომ დამსმენების ვინაობას დაადგენდნენ და სამაგალითოდ დასჯიდნენ.
 
ავღანელი ინფორმატორების ვინაობის არასათანადო შენიღბვამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. Wikileaks-ი არა მხოლოდ ამერიკის მთავრობამ, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა – რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე და Amnesty International-მაც გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა სულ რაღაც ერთი წლით ადრე, Wikileaks-ი კენიის მთავრობის ქმედებათა გამჟღავნების გამო დააჯილდოვა. 
 
ავღანეთის ფაილებს, ოქტომბერში ერაყის დოკუმენტაციის გამოქვეყნება მოჰყვა. შეთქმულების თეორია, რომ ბუშმა ერაყს ომი ნავთობის გამო დაუწყო, არ დადასტურდა, სამაგიეროდ გაირკვა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს და ვერ შეძლო ერაყი სულ რაღაც შვიდ წელიწადში დემოკრატიის ოაზისად ექცია – Wikileaks-ი ამერიკის ხელისუფლებას საყვედურობდა, რომ არ აღკვეთა ერაყში ადამიანების წამების ფაქტები. 
 
მეგა-გაჟონვის თემაზე მასალის კითხვისას, საყურადღებო დეტალს წავაწყდი – გასულ თვეში, Wikileaks-ის ხელმძღვანელი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კრემლის სკანდალურ მხილებას დაგვპირდა. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული მასალა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესორგანიზაციებსა და მთავრობებს ეხება, და რუსეთზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არასწორი იქნებოდა. 
მართლაც, რა დროს რუსეთია, როცა საქმე ამერიკის “ტირანიას” ეხება.
 
“სიმართლის მთქმელი” ორგანიზაციის სულისჩამდგმელი ავსტრალიელი ჰაკერი ჯულიან ასანჟია. “დარწმუნებული ვარ, რომ ჯულს განუკურნებელი პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა სტანჯავს”, – განუცხადა დედამისმა New Yorker-ს, რომელმაც გასულ ივნისს ასანჟის ვრცელი პროფილი შემოგვთავაზა. ჰაკერის ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა მეთქვა – მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ასანჟ! 
ქრისტინ ასანჟი ვაჟის ავადმყოფობისა და თმის დეპიგმენტაციის მიზეზად გაუთავებელი სასამართლო დავებით გამოწვეულ სტრესს ასახელებს, მაგრამ განსაკუთრებული ფსიქოანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი შვილის წინაშე პირველ რიგში მშობელი დედა სცოდავს. 
 
ჯულიან ასანჟი 1971 წელს, ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში დაიბადა. New Yorker-ი გვიამბობს, რომ ის იზოლაციაში გაიზარდა და სკოლაში არ უვლია. როგორც ჩანს, ქალბატონი ასანჟი მიიჩნევდა, რომ სკოლა მის ვაჟს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი  არაჯანმრთელ მორჩილებას მიაჩვევდა. 
 
მომავალი ჰაკერი 11 წლისა იყო, როდესაც დედამისი მისი უმცროსი ძმის მამას დაშორდა, და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შიშით “აორთქლება” გადაწყვიტა. შემდეგი 5 წელი ჯულიან ასანჟმა მალვაში გაატარა. 14 წლის ასაკში მას უკვე 37 საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა გამოცვლილი. 
 
Wikileaks-ის დამფუძნებლის ბავშვობის ტრავმები ამით არ ამოწურულა. ის დღესაც დარწმუნებულია, რომ მისი უმცროსი ძმის მამა კულტის წევრი იყო, სადაც ქალებს აიძულებდნენ ახალშობილი ბავშვები ლიდერისთვის დაეთმოთ. მისივე მტკიცებით, კულტს, რომელსაც სახელად Family (ოჯახი) ერქვა, ხელისუფლებაში ჰყავდა აგენტები და მათი საშუალებით იგებდა ჯულიანის და მისი ოჯახის ადგილსამყოფელს. “სინამდვილეში კი, ცნობილია, რომ დედამისი მეგობრებს მისამართს არ უმალავდა, და ხშირად უბრუნდებოდა უწინდელ საცხოვრებელ ადგილს”,  – ამბობს New Yorker-ი. 
 
დედა-შვილის პარანოია ჰაკერის ყოფილმა ცოლმაც გამოსცადა. განქორწინების შემდეგ, ქრისტინ და ჯულიან ასანჟები მისთვის დედობის უფლების შეზღუდვას მოითხოვდნენ, ამტკიცებდნენ რა, რომ ჯულიანის ყოფილი ცოლი მათ ვაჟს საფრთხეს უქმნიდა, რასაც მრავალწლიანი სასამართლო პროცესი მოჰყვა. ყოფილი ცოლის ბრალეულობა არ დადასტურდა – ეს კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა ჰაკერისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გაბრაზებულიყო.  
 
ასანჟისა და პროგრამირების სიყვარული ღრმა ბავშვობაში დაიწყო. New Yorker-ის მიხედვით, 16 წლის ასაკში მას უკვე პროფესიონალ ჰაკერად იცნობდნენ, რომელსაც ყველაზე დაცული ქსელის გატეხვა შეეძლო. სწორედ ამ დროს, ორ მეგობართან ერთად, ჯულიან ასანჟიმ დააარსა ჯგუფი, სახელწოდებით International Subversives (საერთაშორისო ძირგამომთხრელნი) და ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის დაცულ ქსელებში მოგზაურობას შეუდგა. თან  ამტკიცებდა არაფერს ვაშავებო.  
 
Wikileaks-ი ჯულიან ასანჟმა 2006 წელს დააფუძნა. დამფუძნებელი საბჭოს წევრებად ის ჩინელ დისიდენტებს, მათემატიკოსებს და პროგრამისტებს მოიხსენიებს. როდესაც სხვადასხვა გამომცემლობა დასახელებულ დისიდენტებს დაუკავშირდა, მათ ამ ორგანიზაციასთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს.
 
Wikileaks-ის თანამშრომელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, გასაიდუმლოებულია წყაროებიც. როგორც ჯულიან ასანჟი ამტკიცებს, თანამშრომლები მოხალისეები არიან და ხელფასს არ იღებენ. ასანჟი თითქმის ყოველდღიურად იცვლის ტელეფონს და მისამართს. მაგრამ ბავშვობიდან გამოყოლილი განცდა, რომ დევნიან, არასოდეს ისეთი საფუძვლიანი არ ყოფილა, როგორც დღეს – შვედეთის მართლმსაჯულებამ მას ქალის გაუპატიურებაში დასდო ბრალი. შეერთებულ შტატებში მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ჰაკერს ინტერპოლი ეძებს.  
 
მიმდინარე სკანდალმა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გამოააშკარავა – Wikileaks-სა და რესპექტაბელურ პრესას შორის მჭიდრო თანამშრომლობა შედგა. ისინი შეთანხმებით მოქმედებენ. Wikileaks-ის ვებგვერდზე იდება მხოლოდ ის კორესპონდენცია, რასაც ეს ხუთი გამოცემა აშუქებს (New York Times, Guardian, Le Monde, El País, Der Spiegel). 
 
ამასთან დაკავშირებით კლაიმატგეითის ისტორია გამახსენდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის ნოემბერში, ისტ ანგლიის უნივერსიტეტის, კლიმატის კვლევის ცენტრის სერვერი გატეხეს და გარემოს დამცველთა მიმოწერა გამოააშკარავეს. როგორც გაირკვა, კეთილშობილების მანტია მოსხმული მეცნიერები იმ მონაცემებს, რაც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა, საზოგადოებას უმალავდნენ. მასალის გამოქვეყნება New York Times-ს შესთავაზეს. “ნაცრისფერ დედოფლად” წოდებულმა გამოცემამ, კორესპონდენციის გამოქვეყნებაზე უარი თქვა, იმ მოტივით, რომ უკანონოდ მოპოვებული იყო. 
 
კლაიმატგეითი ის შემთხვევაა, როდესაც საქმე გვაქვს მეცნიერების მიერ ნათქვამ ტყუილთან. დიპლომატიური მიმოწერა კი ცხადყოფს, რომ ამერიკელი დიპლომატები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. მატყუარა პროფესორები რესპექტაბელურმა პრესამ დაინდო, გულწრფელი დიპლომატები კი – არა. ნეტა რატომ? თუმცა, რა გამიკვირდა, “ნაცრისფერი დედოფალი” ტრადიციებს არ ღალატობს – მისი კორესპონდენტები, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ადიდებდნენ სტალინს და უარყოფდნენ გოლოდომორს. 
 
Wikileaks-ის სკანდალმა ობამას ადმინისტრაცია კრიტიკის ობიექტად აქცია. პოლიტიკური ოპონენტები გაკვირვებას გამოთქვამენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ფედერალურმა მთავრობამ 70-ზე მეტი ვებგვერდი დახურა პირატული მუსიკისა და ფილმების გავრცელებისთვის. “ჰოლივუდი დაცულია, Wikileaks-ი კი თავისუფალი”, – უჩხვლიტა ობამას, ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწემ მარკ თისენმა. 
 
მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა. ასანჟის განადგურება ბოთლიდან გამოშვებულ ჯინს უკან ვერ შეაბრუნებს. თავისუფალი ქვეყანა ჩინეთის მსგავს ცენზურას ინტერნეტში ვერ დააწესებს. 
 
11 სექტემბრის ტრაგედიამ ყველას დაანახა, რომ გასაიდუმლოებული მონაცემთა ბაზების პირობებში ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლა შეუძლებელია. ტერაქტის გამოძიებამ ცხადყო, რომ ალ-ყაიდას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ამერიკის სხვადასხვა უწყების კარგად დაცულ მონაცემთა ბაზებში გარკვეული ინფორმაცია ინახებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ პრიორიტეტად ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა და არა მისი გაზიარება მიიჩნეოდა, მთლიანი სურათის აწყობა ვერ მოხერხდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გარდა, ყველა უწყების მონაცემთა ბაზა საერთო ქსელში გაეერთიანებინათ – ამ ქსელზე 900 ათას თანამშრომელს მიუწვდება ხელი. 
 
სულაც არ არის საჭირო ჯულიან ასანჟი – გულუბრყვილოთა და ამერიკის მოძულეთა ახალი მესია – იყო, იმისთვის რომ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხემ შეგაშფოთოს და მზის სხივი, საუკეთესო დეზინფექტორად მიიჩნიო. საიდუმლოს გამოაშკარავების სურვილი ისეთივე ძველია, როგორც სამყარო, მაგრამ თანამედროვე მეთოდები ინფორმაციის მოპოვებას განუზომლად ამარტივებს. როგორც ხელისუფლებას შეუძლია კერძო პირების ცხოვრებაში უფრო იოლად შეიჭრას, ისევე იოლად შეუძლიათ კერძო პირებს ხელისუფლების კარგად დაცული საიდუმლოების გასაჯაროება. განსხვავება ისაა, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ამომრჩევლისა და კანონის წინაშე აგებს პასუხს მცდარი პოლიტიკისა და შესაძლო დანაშაულების გამო. მის ძალაუფლებას შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები ბოჭავს, განსხვავებით Wikileaks-ის მსგავსი, მეგალომანიით შეპყრობილი დაჯგუფებებისგან, რომლებიც განუკითხაობის პირობებში მოქმედებენ. 
 
“უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლმა” ორგანიზაციამ პუტინის, აჰმედინეჟადის, კიმ ჩენ ირის და უგო ჩავესის მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აირჩია არაეთიკურობის განსახიერებად. რა ლოგიკით? ახსნა ერთია, თუ იმავეს პუტინს გაუბედავს, ის პოლონიუმით გაუმასპინძლდება. შეერთებულ შტატებში კი, ვინც არ უნდა მოითხოვოს ჯულიან ასანჟის თავი, მის ბედს თავისუფალი სასამართლო გადაწყვეტს.