სოჭის ოლიმპიადა – არჩევანი ბოიკოტირებასა და თანამონაწილეობას შორის

საქართველო სოჭის ოლიმპიადის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას იწყებს. პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით დროებითი კომისია იქმნება, რომელმაც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.

საპარლამენტო კომისიის შექმნის განზრახვის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. საქართველო შეეცდება ქვეყნის დეოკუპაციამდე სოჭში ოლიმპიადის ჩატარება არ დაუშვას. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გადატანის აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს.

 საქართველოს ხელისუფლება ძირითადად სამი – ეკოლოგიური, ისტორიული და უსაფრთხოების არგუმენტების ამოქმედებას აპირებს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2010 წლის შემოდგომაზე გადაიდგა.

სოჭის ოლიმპიადის თემასა და მასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ საფრთხეებს სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას გაუსვა ხაზი. მან საქართველოს პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის მონიტორინგის განხორციელებაში დახმარება  სთხოვა.

სექტემბერშივე ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა.

ამას წინ გაეროს ბუნების დაცვის პროგრამის მიერ 2010 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიში უძღოდა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი უგულებელყოფს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მზადებისას ბუნების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეს.

ოქტომბერში, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ეკოლოგიურ საფრთხეებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც გაუსვა ხაზი.

მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ჩერქეზთა საკითხია. ტაბულა უკვე წერდა საქართველოში ახალი კავკასიური პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ამ პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განსახილველად ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნა შევიდა; ჩერქეზული დიასპორის აქტიური მონაწილეობით  საერთაშორისო კონფერენციები მოეწყო. გენოციდის თემა ახალ, უფრო მაღალ სადისკუსიო ფორმატში გადავიდა.

ჩერქეზთა თემა ერთ-ერთია ასევე იმ პრობლემებს შორის, რომელიც სოჭი 2014-ის უსაფრთხოებას უკავშირდება. გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომლის ავანგარდში ჩადგომას საქართველო ცდილობს, მსოფლიოში სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ისლამისტური წინააღმდეგობის გააქტიურებასაც ელიან.

ამ ვითარებაში რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს, ოლიმპიადის მოსამზადებელ პროცესში ოკუპირებული აფხაზეთი ჩართოს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში ოლიმპიადისთვის მოხალისეთა შეკრება მიმდინარეობს. მოსკოვი წლის დასაწყისიდან უშედეგოდ ცდილობდა ბაბუშერას აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მოპოვებას და შესაბამისი ფრენების განხორციელებას. ბოლო დროს კრემლში აქტუალური გახდა აფხაზეთის ოფიაციალურ პარტნიორად გამოცხადების თემაც. ეს იდეა ამ დღეებში რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის – ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს დირექტორმა ვალერი ხომიაკოვმა გააჟღერა. მისი თქმით, სოხუმი კავკასიაში მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია და რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ოლიმპიადა აფხაზეთის, როგორც საკუთარი პარტნიორის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შესათავაზებლად.

ამ იდეას ერთი მთავარი არგუმენტი უქმნის წინაღობას – ოლიმპიადის ქარტია მისი მიზნებისთვის ქვეყნის მიერ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას იძლევა. აფხაზეთში ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც კი ამ ქარტიას უკვე არღვევს.

მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის და ამ ტერიტორიებზე შავი ხვრელების არსებობის თემა ასევე ერთ-ერთია, რომელზე აქცენტსაც საქართველოს ხელისუფლება 2014 წლის ოლიმპიადაზე საუბრის დროს აკეთებს. სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი 25 ნოემბერს პრაღაში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. მან კომენტარი პარლამენტის მიერ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობაზე გააკეთა.

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონსერვატიზმის გათვალისწინებით, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მიმართული ღონისძიებების წარმატებაში დარწმუნებული არ არიან. თუმცა, არ გამორიცხავენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მუდმივად უჭერენ მხარს და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გმობენ.

ამ არჩევანთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება, ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა Washington Post-ში გამოაქვეყნა. იგი საერთაშორისო საზოგადოებას სოჭის ოლიმპიადის სამართლიანობის აღდგენის ბერკეტად გამოყენებას სთავაზობდა. ავტორის აზრით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის მესამე გზის მოძიებით არასასიამოვნო არჩევანი უნდა გააკეთონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს. 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს მიერ დეკლარირებული ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოლიტიკა რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას სწორედ მსგავს არჩევანს სთავაზობს.  

კომენტარები