გაიცანი GEORGE!

 მე და ჩემი კოქტეილის თეთრი კაბა

გადაწყვიტა, რომ თეთრი კოქტეილის კლასიკური კაბა,  მისთვის სახასიათო პომპეზური დეტალით ძალიან მომიხდებოდა. ეს ყველაფერი კარგად წარმოიდგინა და ჩათვალა: ახლა უკვე მზად ვიყავი მასთან სასაუბროდ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კინოს...

მასთანაც ყველაფერი ვიზუალიზაციით იწყება. ფანტაზიები, კადრები, მონტაჟი და ხელოვნება. ოღონდ სულ სხვა ხელოვნება, არავის და არაფრის მსგავსი – ეს გიორგი ქებურიას ხელოვნებაა, ცოტა “ალყაიდური”, როგორც ამბობენ და ცოტა “უცხოპლანეტელური”, მაგრამ ისეთი, რომელსაც სახელს მაინც ვერ დაარქმევ. ბავშვობაში ძალიან ჩუმი, წყნარი და მორიდებული, წარმოსახვაში აცმევდა და ალამაზებდა ადამიანებს, თავისი ხედვით, ფანტაზიით, სილუეტებითა და ფერებით, რომელიც უსაზღვრო და დაუსრულებელი იყო.  არასოდეს უყვარდა, როდესაც მის ჩანახატებს ვინმე ნახულობდა, რადგან სულ ეგონა, რომ არასოდეს ესმოდათ მისი – არც  ნამუშევრების. სწორედ გარშემომყოფების რეაქციის გამო იყო, რომ დიდი ხნის წინ, მთელი 5 წლით შეწყვიტა ხატვა.

მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, რომელიც მხოლოდ ნიშნების გულისთვის სწავლობდა და ამით ოჯახში კონფლიქტებს ერიდებოდა, საბოლოოდ გადაწყვიტა აღარ შეეზღუდა საკუთარი გატაცება. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, პირველი ნაბიჯები გადადგა და დაიწყო სტილზე, ესკიზებზე, ფერებზე ფიქრი. “მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფების ინტერესი რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი მომავალი გეგმებისგან, ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ეს მომენტი პოზიტიურად გამოვიყენო და სტიმულად გარდავქმნა”.

ინტერნეტში მოდის ბლოგებზე და მაღალ პოლიგრაფიულად გაფორმებულ ჟურნალებში მსოფლიო მოდის გამოჩენამ თავისი გააკეთა. გადაწყვიტა – ოცნება, ერთხელაც, მისი ნამუშევრებიც იმავე ჟურნალების ფურცლებზე აღმოჩენილიყო, რეალობად ექცია. 

 ამერიკული ოცნება

 თბილისის დროით 15 სთ და 40 წუთია...  ნეტავ რა დროა ნიუ იორკში?  გიორგი ხვდება, რომ თბილისშია და ამერიკული ოცნება ჯერ კიდევ შორსაა. ახსენდება, რომ მშობლების მოთხოვნით ბიზნესფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და არც კი იცის რატომ. თვითონ ირჩენს თავს და ჰიპერმარკეტ გუდვილში ორი წლის განმავლობაში კონსულტანტად, ახლა კი ოპერატორად მუშაობს. არასოდეს უფიქრია ბიზნესზე ესწავლა. მისი ნება რომ იყოს,  საერთოდ არ ისწავლიდა. “იმას, რაც მე მიყვარს, სწავლა არ სჭირდება, უბრალოდ, ბუნებით უნდა შეგეძლოს ამის კეთება. სამხატვრო აკადემიაშიც კი არასოდეს მიცდია ჩაბარება, რადგან ვშიშობ, თავისებური ზეგავლენა, რაც ამგვარ ინსტიტუტებს ახასიათებთ, რაიმე სახით მაინც მოახდენს გავლენას ჩემს შემოქმედებაზე, აზროვნებაზე, სტილისტიკაზე. ამიტომაც ასე ვცდილობ ჩემი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო...” სწორედ ამ არგუმენტით არ უყვარს წიგნების კითხვაც.

“ცხოვრებისგან ბევრად უფრო მეტის სწავლა შეიძლება, ვიდრე ეს წიგნებიდან არის შესაძლებელი. სასაცილოა პერსონაჟებისა და სიუჟეტების განხილვა”. თვლის, რომ ამ ყველაფერს ბევრად უფრო ბუნებრივად ჩვენ გვერდით აღმოვაჩენთ. უბრალოდ, მისი დანახვა, მისგან სწავლა უნდა შეგვეძლოს. ბევრი მეგობარი არასდროს ჰყოლია – ვერ ვეწყობი ხალხსო. ჰყავს ერთი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა – „ფაქტობრივად, ის არის კიდეც ჩემი ნამუშევრების ინსპირაცია, მასზე ყოველთვის აღმოჩენებს ვაკეთებ და ბევრს ვსწავლობ. საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ერთდროულად ბევრ ადამიანს უგებდე ან გესმოდეს მათი”. 

Hello... Fashion Week

„დავიბადე საქართველოში, გავიზარდე თბილისში. თბილისში, სადაც ჩემი ადგილი არ არის... ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ მაინცდამაინც აქ, სადაც ისეთი მწირია მოდის შესაძლებლობები, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ძალიან გამიჭირდება”,  სწორედ ამიტომაც დაიწყო ყველაზე მარტივით, თბილისის მოდის კვირეულით. განსხვავებულმა, არაორდინარულმა კოლექციამ გიორგი ქებურიას თბილისის მოდის კვირეულზე წარმატება მოუტანა. დამწყები დიზაინერი, რომელიც აღმოჩენად იქცა და არამხოლოდ საქართველოში. ის მოდის უცხოურ ბლოგებზე და ჟურნალ-გაზეთებშიც მოხვდა.

ქართული ტრადიციებისა და გემოვნების “გათვალისწინებით” გიორგიმ სპეციალურად შექმნა არქიტექტურულად აგებული, არაორდინარული კოლექცია, რომელიც, გარკვეულწილად, პროტესტის მატარებელია. თვლის, რომ ბოლომდე გახსნის საშუალება მაინც არ მიეცა. “მოდის კვირეულზე ჩემი შოუ ნამდვილად განსხვავებული და უცხო იყო. ვთვლი, რომ უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ არ გავრისკე, დავინდე ქართველი მაყურებელი. მომავალში ასე აღარ მოვიქცევი, ბოლომდე გავაკეთებ იმას, რაც მთელი გულით მინდა, რაც ნამდვილად ჩემია”. სულ ძიებაშია, ახალი ესკიზებისთვის კომპოზიციებსა და ფერებს ეძებს. საზოგადოებაში მიღებული ნორმებით, კომბინირებული ფერების დაშლას ცდილობს. აინტერესებს შინდისფერისა და იისფერის, ცისფერისა და იასამნისფერის კომბინაცია, რომელიც მიღებული ტენდენციის თანახმად, საერთოდ არ უხდება ერთმანეთს. ელიავას ბაზრობაზე შეძენილი მასალებით და ქსოვილებით დაწყებული სტარტი უჩვეულოდ კარგი აღმოჩნდა. არატრადიციული, პომპეზური დეტალებით გაწყობილი კოლექცია, რომელსაც სახელი ვერ მოუძებნეს. უბრალოდ ძალიან მაგარია –  “უცხოპლანეტელები”...

საათ-ნახევარზე მეტი გავიდა, სახეზე დაღლილობას ვამჩნევ, მაშინვე ვიხდი ჩემს არარსებულ, კოქტეილის თეთრ კაბას და საუბარიც სრულდება...

კომენტარები