უმაღლესი განათლების რეფორმის ზიგზაგები

ბოლო დროს განათლების სამინისტროს სისტემის ცენტრალიზაციის გამო ხშირად საყვედურობენ. საფუძველს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიდგომები ქმნის, თუმცა ამის საპირისპიროა ინიციატივა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება და განათლების მინისტრმა 8 დეკემბერს გაახმაურა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვლებათ. ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაცვლად, არამომგებიანი კერძო სამართლის პირები ხდებიან. ცვლილება უნივერსიტეტს მეტ ავტონომიას მოუტანს, რაც სისტემის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

 
აღნიშნულ პროექტს სამინისტროში რამდენიმე თვეა ამუშავებენ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ. მინისტრ შაშკინის განცხადებით, სამინისტრო უნივერსიტეტების  ფონდების განკარგვასა და ფინანსურ მართვაში აღარ ჩაერევა. 
სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლის პირობა უმაღლესი განათლების შესახებ 2004 წელს მიღებულ კანონში იდო და ეს ცვლილება 2007-2008 წლებისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა გადავადდა.
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, რაც  მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას გულისხმობს. არამომგებიანი კერძო სამართლის პირის სტატუსი კი, უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, თავად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ოპერაცია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირები ხელმძღვანელობენ. 
 
ვინაიდან დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს  ამ თემაზე საუბარი უჭირთ. კითხვაზე, თუ რას შეცვლის ეს მისი უნივერსიტეტისთვის, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ ეს მათ გაათავისუფლებს მაგალითად იმ ხისტი კანონისგან, როგორიც არის შესყიდვების შესახებ კანონი. თევზაძის თქმით, იგი აფერხებს ისეთი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებას, როგორიც  უნივერსიტეტია. სტატუსის ცვლილება, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთან, მეორე მხრივ კი, ბიზნესპარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობას გაუადვილებს. 
ამგვარი ცვლილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების სფეროშია. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს კლიშე, რომ განათლების განვითარებაში სახელმწიფოს როლი შეუცვლელია, მაშინ როდესაც კერძო სექტორი წარმატებულად  ვითარდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 47 კერძო უმაღლესი სასწავლებელია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი – 23. 
 
წელს იმ სამ უნივერსიტეტს შორის, რომელშიც საუკეთესო მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტები მოხვდნენ, პირველი ორი კერძო უმაღლესი სასწავლებელია – თავისუფალი უნივერსიტეტი (საშუალო ქულა 2165,58) და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი” (საშუალო ქულა 2104,86). სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასრულებს (2051.70). მას კვლავ კერძო სასწავლებელი – კავკასიის უნივერსიტეტი (1972,74) – მოსდევს. 
 
უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, მაგალითად, სამედიცინო სფეროშიც ტარდება და ამგვარი მომსახურების სფეროების ლიბერალიზაციას გულისხმობს. რეფორმებამდე სახელმწიფო იყო მონოპოლისტი, მესაკუთრე და სერვისის მიმწოდებელი. ის ადგენდა წესებს და თავადვე ზრუნავდა სერვისის ხელმისაწვდომობაზე. ახალ მოდელში კი სახელმწიფო მონოპოლისტი აღარ არის, იქმნება კონკურენტული გარემო და კერძო სექტორი ვითარდება. იქ, სადაც რეფორმა წინაა წასული, სახელმწიფოს ორი ფუნქცია რჩება – რეგულირება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 
სამედიცინო სფეროში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო კი სოციალურად დაუცველ ფენებს სამედიცინო პოლისების სახით ეხმარება. პოლისების მსგავსი მოდელი სკოლის მოსწავლეების ვაუჩერული დაფინანსებაა. 
 
უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა განკერძოებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მათ სრულად განსახელმწიფოებრიობას არ ნიშნავს. დამფუძნებლად კვლავ სახელმწიფო რჩება. ჯერჯერობით უცნობია, გადაიდგმება თუ არა მსგავსი ნაბიჯები საჯარო სკოლებთან მიმართებაში. 
 
იმავე შეხვედრაზე მინისტრმა მეორე მნიშვნელოვან ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სწავლა უწინდებურად 30, 50, 70 და 100%-იანი გრანტებით დაფინანსდება, ხოლო ყველა დანარჩენზე აბიტურიენტები მხოლოდ 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას. შაშკინის თქმით, „ახალ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებაა”. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ დისციპლინებზე დაფინანსდება სწავლა ძველი ან ახალი წესით. გაცხადებული მიზანი პრიორიტეტული დისციპლინების არაპოპულარობის დაძლევაა.
ცვლილების გატარების შემთხვევაში „პრიორიტეტულ” მიმართულებებზე დაფინანსების ბარიერი ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე სხვაგან. ამან შეიძლება დიპლომის მოპოვების მოტივით სტუდენტების ისეთ მიმართულებებზე სწავლა გამოიწვიოს, რომლის მიმართაც ინტერესი არ გააჩნიათ. მაგალითად, საინჟინროზე ჩააბარებს სტუდენტი, რომელიც სხვა ვითარებაში იურიდიულზე ჩააბარებდა. შედეგად, არც ეროვნულ ინჟინერიას შეემატება რამე და ვერც სტუდენტი შეიძენს ისეთ უნარებსა და ცოდნას, რომელიც მომავალში გამოადგება.
 
გამოდის, რომ იურისტთა და ეკონომისტთა სიჭარბე „პრიორიტეტული” დიპლომების მქონეთა მომრავლებით გვინდა აღმოვფხვრათ. გაუგებარია, რატომ იქნება საზოგადოებისთვის ცუდ იურისტზე სასარგებლო არშემდგარი ფიზიკოსი.
თუ გვსურს პრიორიტეტულ მიმართულებებზე არა უბრალოდ იაფად სწავლის მსურველი, არამედ ამ დარგით დაინტერესებული სტუდენტები მივიზიდოთ, ეს მხოლოდ შრომითი ბაზრისა და მეცნიერების ადმინისტრირების გაუმჯობესებით მიიღწევა. თუ არ შეიცვალა საქართველოში დასაქმების პირობები, მეტი და უკეთესი სპეციალისტი ქვეყანაში მაინც არ დარჩება. გლობალიზებულ სამყაროში კარგი სპეციალისტები საკუთარ ქვეყანაში არ რჩებიან, თუ სხვას უკეთესი ანაზღაურებისა და პირობების შეთავაზება შეუძლია.
 
დღეს საქართველოში მრავალი დარგის დონე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებებზე არასაკმარისი სტუდენტი სწავლობს. პრობლემა არა სტუდენტთა რაოდენობაში, არამედ მათ მიერ მიღებული განათლების ხარისხსა და შრომის ბაზარშია.
 
ასევე გაუგებარია, როგორ უნდა დაინერგოს ახალი ინიციატივა იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც პროფესიის არჩევას სტუდენტს პირველივე წელს არ სთხოვენ. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ბაკალავრის ხარისხი მიიღოს, როგორც სოციალურ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მას პროფესიის არჩევა მხოლოდ პირველი სასწავლო წლის ბოლოს შეუძლია. მსგავს ფაკულტეტებზე ნაწილობრივი გრანტის არგაცემა კი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებსაც დააზარალებს, ანუ სწორედ მათ, ვისი წახალისებაც მინისტრს უნდა. 

კომენტარები