ტექნოლოგიური დაიჯესტი

ახალი Google Phone

გაჯეტების მოყვარულებს სალაპარაკო თემა მიეცათ. Google-მა და Samsung-მა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია Google-ის სმარტფონის გამოშვების შესახებ, რომელსაც Nexus S ერქმევა და წინამორბედისაგან, Nexus One-ისგან განსხვავებით მრავალ სიახლეს გვპირდება. ტექნოლოგიურ ბლოგებზე უკვე სურათების ხილვაც შეიძლება, სადაც მომრგვალებულკუთხეებიანი, სოლიდური თხელი შავი ტელეფონი იწონებს თავს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ტელეფონზე ოპერაციული სისტემა Android-ის ახალი რელიზის, Gingerbread-ის (Android 2.3) სუფთა ვერსია იქნება დაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ზუსტად ისეთი სახე ექნება, როგორიც ის Google-ის ინჟინრებმა შექმნეს.
 
განსხვავებით წინამორბედისაგან, Nexus S-ს 4-დუიმიანი WVGA ეკრანი, გაუმჯობესებული 1-გიგაჰერციანი პროცესორი, 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით, 16-გიგაბაიტიანი გარე და 512-მეგაბაიტიანი შიდამეხსიერება ექნება. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში და ევროპაში Google Nexus S იმავე ფორმით გაიყიდება, როგორც ეს Google Nexus One-ის შემთხვევაში ხდებოდა: ოპერატორზე მიბმული და კოდირებული ტელეფონების შეძენას სხვადასხვა ოპერატორების ქსელში შეძლებთ, კოდმოხსნილები კი მხოლოდ ინტერნეტში გაიყიდება და 529 დოლარი ეღირება. ასევე ცნობილია თარიღიც, თუ როდის მოახერხებენ ტექნომანები Google-ის ახალი სიამაყის შეძენას: აშშ-ში გაყიდვა 16 დეკემბრიდან დაიწყება, დიდ ბრიტანეთში კი – 20 დეკემბრიდან.
 
მათ გასაგონად კი, ვინც Google Nexus S-ის შეძენას აპირებს, უნდა ითქვას, რომ Android-ის ოპერაციული სისტემა კვლავაც არ ითვალისწინებს ქართული ენის მხარდაჭერას და ერთადერთი შანსი, რომ თქვენს Android ტელეფონს ქართული შრიფტი წააკითხოთ, კვლავაც Root უფლებების მოპოვებაზე გადის, რაც თავის მხრივ ტელეფონის ქარხნული პროგრამული უზრუნველყოფის ხელყოფას და ახლის ჩაწერას გულისხმობს. ასეთ შემთხვევებში Google-ის ინჟინრები პასუხისმგებლობას იხსნიან და დამამშვიდებელს ვერაფერს გვპირდებიან, ჯერჯერობით კი არც ერთ ოფიციალურ ფორუმზე არ გაჟღერებულა ინფორმაცია იმის შესახებ, ექნება Nexus S-ზე დაყენებულ Android Gingerbread-ს ქართული შრიფტის მხარდაჭერა თუ არა.
 
 
Baidu: ჩინური ინტერნეტი
 
არავისთვის საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ჩინეთი დანარჩენი მსოფლიოსგან არამხოლოდ დიდი კედლითაა გამოყოფილი. ჩინელები თავს იცავენ დასავლური ინფორმაციული ნაკადისაგან, რაც უპირველესად ინფორმაციის გაფილტვრვაში და ცენზურაში ვლინდება. ოქროს ფარის პროგრამაც აამოქმედეს, რომელიც დასავლეთში უმალვე „Great Firewall of China”-დ მოინათლა. სწორად ამ პრობლემატიკის გამო Google-სა და ჩინეთის მთავრობას შორის დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია. ამერიკელებს არ სურთ დასავლური სტანდარტების დათმობა, ჩინელებს კი – თავისი არ ეთმობათ, ამიტომაც ციური იმპერიის შვილებმა შუალედური გამოსავალი მოძებნეს და საძიებო სისტემა Baidu შექმნეს.
 
2000 წელს რობილ ლი და მისი ათი თანამზრახველი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ათი წლის შემდეგ ჩინური ამბიციის მაგისტრალი მათზე გაივლიდა. ამ ადამიანებმა მაშინ ჩვეულებრივი warez საიტი შექმნეს, Baidu უწოდეს და ჩინურ ინტერნეტში პირატული მუსიკისა და ვიდეოს გავრცელება დაიწყეს, თუმცა მადა ჭამაში მოვიდა და საძიებო სისტემის შენებაც დაიწყეს. სწორად ამ საძიებო სისტემით შეძლო Baidu-მ ჩინეთის დაპყრობა, იქიდან Google-ის გამოძევება (ბოლო მონაცემებით Baidu ჩინეთის ბაზრის 73%-ს ფლობს) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ Baidu-ს Google-ზე უკეთესად ინფორმაციის მოძიება კი არა – დამალვა ეხერხება.
 
ჩინელებს სჯერათ, რომ მოვა დრო და Baidu არა მხოლოდ ჩინელ 420 მილიონ ინტერნეტ-მომხმარებელს მოემსახურება, არამედ კედლისიქითა მსოფლიოშიც გავრცელდება. მათი იმედი კიდევ უფრო გაძლიერდა, Baidu-მ იაპონურ და კორეულ ბაზარზეც რომ შეაღწია. მაგალითისთვის Baidu იაპონიაში №1 ინტერნეტ-აუქციონს, Rakuten-ს ემსახურება, რომლის დარეგისტრირებულ იუზერთა რაოდენობა 50 მილიონს აღწევს. რამდენად შეძლებენ ჩინელები მიზნის მიღწევას, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა თანამედროვე სამყაროში Baidu-მ რომ საკუთარი ნიშა იპოვა, ამასაც ვერ უარვყოფთ – Baidu არის ადგილი, სადაც უფასოდ შეგიძლიათ იპოვოთ ის ebook, mp3 თუ ვიდეო, რომელთა გავრცელებასაც დასავლეთში საავტორო უფლებები იცავს.
 
World of Warcraft:  კატაკლიზმი იწყება!
 
კომპანია Blizzard-მა დეკემბრის დასაწყისში World of Warcraft-ის ახალი, შეცვლილი სამყარო წარუდგინა 12 მილიონ დარეგისტრირებულ მოთამაშეს, რომელთაგან თითოეული თვეში 10 ევროს იხდის, რაც ჯამში მილიარდ ევრომდე გროვდება და ეს ფაქტი Blizzard-ს უმსხვილეს სათამაშო გიგანტად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მომრავლდა უფასო სერვერები, World of Warcraft-ის ოფიციალურ ვერსიას მაინც ვერავინ უწევს კონკურენციას, რაც მუდმივი ინოვაციისა და სრულყოფის შედეგია. 
 
ყველაზე დიდი MMORPG-ს (ინგლ. Massively Multiplayer Online Role-Playing Game – მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში) ახალ ვერსიას Cataclysm ერქმევა და 12 მილიონ ნოულაიფერს (ასე უწოდებენ თამაშებზე გადამკვდარ გეიმერებს, რომელთაც პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ) ახალი ტერიტორიების ათვისებას, ახალ პერსონაჟებს, ახალ დავალებებს და კიდევ მრავალ სიურპრიზს უმზადებს. უმთავრესი განსხვავება წინა ვერსიასთან შედარებით კი ის იქნება, რომ მოიმატებს განვითარების მაქსიმალური დონე 80-დან 85-მდე და დაემატება სათამაშო პერსონაჟების ორი ახალი კლასი: ვორგენი და გობლინი, პირველი ალიანსის მხარეს და მეორე – ჰორდის.
 
Blizzard-მა აზეროტში, სამყაროში, სადაც მიედინება World of Warcraft-ის ვირტუალური ცხოვრება, ძველი მოთამაშეების დაბრუნება განიზრახა, რომლებმაც ეს თამაში მიატოვეს, ამიტომაც რამდენიმეთვიან უფასო ხელმოწერას სთავაზობს ყველა იმ მომხმარებელს, ვინც მიტოვებულ ექაუნთს აღადგენს და თამაშს გააგრძელებს. თამაშის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ახალი ვერსია იმდენად გადააკეთეს, რომ ძველმა მოთამაშეებმა შეიძლებმა ვერც კი იცნონ ის. და სანამ ისინი ფიქრობენ დაბრუნდნენ თუ არა აზეროტში, 12 მილიონ ნოულაიფერს ღამეები არ სძინავს ახალი ვირტუალური გასართობის მოლოდინში.
 
 

კომენტარები