რატომ ბრუნდებიან ჩემპიონები?

ეს კითხვა არაერთხელ გამჩენია. შარშან მიხაელ შუმახერი მიუჯდა მერსედესის ბოლიდს, იმავე პერიოდში კორტს ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ჟუსტინ ენენი და კიმ კლაისტერსი, თბილისში მარადონას ვეტერანებთან ერთად ჩამოსული მატიას ალმეიდა კი დღესაც რივერის კაპიტანია...

უფრო ხშირად “ქამ-ბექი” უშედეგოდ მთავრდება – ბიორნ ბორგის ხის ჩოგანი აშკარად მოძველებული გამოდგა თანამედროვე ჩოგბურთისთვის, ვეღარ ივარგეს გორან ივანიშევიჩმა და მონიკა სელეშმა, მარტინა ჰინგისი კოკაინზე ჩავარდა და ახლა ცხენით ჯირითობს, ჯორჯ ფორმენის მესამე ცდა კი უსახურ გერმანელთან წაგებით დასრულდა...
 
ერთ ასეთ ჩემპიონს ბედმა მეც შემახვედრა.
 
...2005 წლის აპრილია. მე და ოთარ ბაქრაძე კანში ვართ სატელევიზიო ბაზრობაზე. დილიდან 9 შეხვედრა გავმართეთ. ახლა პალე დე ფესტივალის წინ ყავა უნდა დავლიოთ, მერე ისევ შეხვედრები, 7 საათზე კი მარტინესში ბრაზილიური ტელესერიალების მწარმოებელი გიგანტი გლობო მართავს MIPTV-ს გახსნას...
 
კრუაზეტზე უამრავი ხალხი ირევა, ადგილი თითქმის არც ერთ კაფეში არაა. 
 
– ბიჭო, მეჩვენება, თუ ეს მართლა ჰოლიფილდია?! – ეჭვით მეკითხება ოთარი და კაფეს წინ მოწყენილად მოყურყუტე გიგანტ ზანგზე მიმანიშნებს.
 
– ეგაა, ტო, უეჭველი...
 
– მოდი მივაჭრათ! – ჩვენ ორში ბაქრაძე უფრო თამამია.
 
– ტეხავს, რა უნდა უთხრა?!
 
– დაიკიდე! მივიდეთ, ხომ ხედავ მარტო დგას, ყურადღებას არავინ არ აქცევს, ჩვენ გარდა, ვერავინ ვერ ცნობს...
მივედით, გამოვეცნაურეთ, გავუშინაურდით. რომ გითხრათ, გამოცოცხლდა-მეთქი, დავაკლებ – ასეთი სიხარულით დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებსაც არ შეხვდებოდა... 
 
ფოტოებიც გადავიღეთ, ავტოგრაფებიც გამოვართვით და ბოლოს ოთარმა შინაურულად უთხრა – ხო იცი, საღამოს ტუსოვკაა მარტინესში და იქ გნახავთო...
 
8 საათისთვის კანის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს პირველ სართულზე რამდენიმე ათასი კაცი “გუგუნებს”. აქეთ სამბა, იქით ლამბადა, ნახევრადშიშველი მოცეკვავეების შემხედვარე ხვდები, რატომ გარბის ყველა ბრაზილიელი ფეხბურთელი რიოს კარნავალზე და მერე უკან დაბრუნებას აღარ ჩქარობს. მზად ვარ მოვიტყუო და თავი “სელესაოს” გულშემატკივრადაც კი გავასაღო... მადლობა ევანდერს! ორი ბოდიგარდის თანხლებით მოდის, მეგობრულად გვესალმება, წვენს გვართმევს და ჩვენთან რჩება – ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიფერებთ... 
 
ოთარი თავის ამპლუაშია, გაკვირვებულ ნაცნობებს ეუბნება ჰოლიფილდი ჩვენი ძმააო და პაატა გაბელიას ყურმოჭმულ ჩემპიონთან ფოტოს აღებინებს. იქვე ვიღაც ფრანგი “ტელევიზიონშიკი” მეკითხება ვინაა ეს კაციო და ჩემგან დაკვალიანებული ისიც უერთდება “კამპანიას”... 10 საათისთვის ვიშლებით.
 
...ღამის 1-ლ საათზე მონპელიედან ჩამოსულმა ზაზა ქასაშვილმა რესტორან ბაოლიში დაგვპატიჟა. ცოტა ხანში ჰოლიფილდიც მოვიდა, გარს უკვე 5-6 ლამაზმანი ეხვია, კისერზე კი ის ფრანგი ჰყავდა ჩამოკიდებული, სამიოდე საათის წინ რომ არკვევდა მის ვინაობას.
 
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კანში კიდევ 2 დღეს გრიალებდა, კუდში იმდენი ხალხი დასდევდა, ვეღარც მიეკარებოდი...
 
ეს კაცი იმიტომ გამახსენდა, რომ ახლაც რინგზეა – 9 დეკემბერს დეტროიტში, ჯო ლუის არენაზე, 48 წლის ჰოლიფილდი შერმან უილიამსს ეჩხუბა...
 
...ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანებისთვის ძნელია ჩრდილში მოქცევა. მათ მუდმივად, ჰაერივით სჭირდებათ ტაში, ოვაციები და ფანების ამალა. ყურადღებას მოკლებულები ან გარინჩასავით ლოთდებიან, ან ჯო ფრეზერივით სპორტული დარბაზის მანსარდაში იბუდებენ და მოგონებებში ჩაფლულნი კარგავენ რეალობის შეგრძნებას...
 
ამიტომაცაა, რომ ძველებს ყოველთვის უფრო ვგულშემატკივრობ. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ დიდების დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც რისკავენ, ზოგჯერ პრესტიჟისა და სიცოცხლის ფასადაც კი. იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ იციან, ისინი ხომ ჩემპიონები არიან... 
 

კომენტარები