პენ-მარათონელი მგზავრის წერილები…

პენ-მარათონელი ავტორების ლიტერატურული ცხოვრებაც ზღაპარს ჰგავს. მათთანაც, ისევე როგორც ზღაპარში, მუზები, ფანტაზიები, ოცნებები და პერსონაჟთა ნაირსახეობები ბინადრობენ. მარათონის ისტორიაც ზღაპრების სიუჟეტების მსგავსად, უკვე 5 წელია, მეორდება. ერთი და იგივე შინაარსობრივი დატვირთვით, ერთი და იგივე მიზეზითა და მიზნით, თუმცა სხვადასხვა პერსონაჟებით, განსხვავებული ემოციებით და რაც მთავარია – კეთილი დასასრულით. “პენ-მარათონი უნიკალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომლის მონაწილეებმა ორიგინალური პროზაული ნაწარმოებები კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში უნდა შექმნან. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მწერლის ნიჭი და მარათონელის გამძლეობა... და დაუოკებელი სწრაფვა გამარჯვებისაკენ...”  ასეთია ლიტერატურული კონკურსის, პენ-მარათონის დამაარსებელი გამომცემლობის – დიოგენეს – მიმართვა ყველა კონკურსანტისადმი.

2010 წლის 28 დეკემბერს, ახალი წლის სუფთა ფურცლის გადაშლამდე 2 დღით ადრე, 3 გამარჯვებული და 10 საუკეთესო მოთხრობის ავტორი გამოვლინდება. ეს  მოხდება კვლავ საგურამოში, კვლავ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ახალგაზრდა მწერლების ბედი უნდა გადაწყდეს.
 

 

დღე I

დილის 9 სთ და 30 წუთი... მონაწილეთა შორის ზოგი ერთმანეთს კარგად იცნობდა, ზოგიც ვინმესთან დამეგობრებას, აზრების გაზიარებასა და ამგვარად საკუთარი ემოციების განმუხტვას ცდილობდა. სხვა თუ არაფერი, კონკურსანტთა შორის იყვნენ ისეთი სტაჟიანი მწერლები და პენ-მარათონელები, როგორებიც არიან ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომანაშვილი, გიგა ნასარიძე, ბესო ხვედელიძე და სხვ. ასე რომ, გარემო  განსაკუთრებით მიმზიდველი ახალბედა მონაწილეებისთვის აღმოჩნდა. დანიშნულების ადგილზე  26 კონკურსანტი შეკრებილიყო... ამის შემდეგ კი იყო გზა საგურამოსაკენ, ილიას სახლ-მუზეუმი, პირველი ნახვითა და შთაბეჭდილებებით გამოწვეული ემოცია. ზუსტად დღის 12 სთ-ზე კი მონაწილეები ჟიურის მიერ შერჩეულ თემას („მგზავრის წერილები”) გაეცნენ  და 30-საათიანი მწერლომანიაც დაიწყო…

 

დღე II

ასეთი დაქანცული სახეები თქვენ ჯერ არ გინახავთ. მწერლებს თითქოს მთელი ღამე სიუჟეტებთან, პერსონაჟებთან, მუზებთან ჭიდილში გაეტარებინოთ. მთელი ღამის ნამუსრალ-ნაცმაცუნები სამუშაო დარბაზებში იყო მიმოფანტული, ზოგს საკუთარ სამუშაო მერხზე ფურცლებჩახუტებულს ეძინა, ზოგიც ფანჯრის რაფაზე წამოწოლილიყო. არყის ბოთლსაც მოკრავდით თვალს, ზოგმა ალბათ თრობაში წერა ამჯობინა. ფინალში გასული რამდენიმე მწერალი გიტარის ჰანგებით ირთობდა თავს, ვიღაცებს წერა უკვე დაესრულებინათ და მარათონის დამთავრებას ელოდნენ. 

ნინო ტეფნაძეც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც წერა დაასრულა. ის წლევანდელი პენ-მარათონის ყველაზე პატარა მონაწილეა. ერთი წელიც არ არის რაც წერს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო რამდენიმე კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა 2009 წლის 15 საუკეთესო მოთხრობას შორის მოხვდა. 19 წლისაა და ფიქრობს, რომ  მწერლობას საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა და დიდი  გამოცდილება სჭირდება, რომელსაც ასე, ლიტერატურულ კონკურსებზე იძენენ ხოლმე. საქართველოში გამოცხადებულ ყველა ლიტერატურულ კონკურსში არ იღებს მონაწილეობას, რადგანაც მიაჩნია, რომ მათი კრიტერიუმები ხშირად მის ჩანაფიქრებსა და მიმართულებას არ ემთხვევა. პენ-მარათონი მისთვისაც, როგორც მასში მონაწილე ბევრი კონკურსანტისთვის, ყველაზე მისაღები და თანამედროვეობაზე მორგებული კონკურსია, სადაც ყოველ წელს კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა პირობებში, თავიანთი ლიტერატურული პოტენციალი გამოავლინონ –  “როგორც წესი, მოთხრობებში ადამიანურ ამბებს ვყვები, ისტორიებს ეროტიკული ელფერით, რომელიც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. როდესაც კონკურსზე შეკვეთილი თემა მოდის, ძნელია ის შენს სტილს მოარგო. ამიტომაც სწორედ ახლა, როდესაც საკონკურსო თემა  “მგზავრის წერილებია”,  ისეთი მოთხრობა დავწერე, როგორიც ჯერ არასდროს დამიწერია. დავივიწყე, რომ ილიას უკვე აქვს დაწერილი „მგზავრის წერილები” და ვეცადე, ეს ჩემთვისაც ექსპერიმენტი ყოფილიყო”. პენ-მარათონი მისთვის თამაშია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, Time Play-ს უწესებს, სადაც ყველაზე კარგად ვლინდება, ვინ არის ნიჭიერი და ვინ უბრალოდ ნიჭიერობს. 

პენ-მარათონი ნიჭიერი მწერლებით ნამდვილად გამოირჩევა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (მონაწილეთა მინიმალური ზღვარი 16 წელია), აქ ყველა კონკურსანტი ერთ სიბრტყეზეა და მათი იდენტიფიკაცია ჟიურის არა სახელისა და გვარის, სტატუსის ან ასაკის მიხედვით შეუძლია, არამედ კოდური სიტყვების მეშვეობით, რომლის მფლობელთა ვინაობაც მხოლოდ გამარჯვებული მოთხრობების გამოვლენის შემდეგ მჟღავნდება.

ნიკუშა ანთაძემ 2005 წლის პენ-მარათონში, 16 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა. წელს უფრო დიდი გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდა კონკურსს - “პენ-მარათონი საინტერესო და მიმზიდველია. ამდენი მწერლის ერთად შეკრება, ყოველთვის  გამორჩეულ, შემოქმედებითად დატვირთულ და მხიარულ სიტუაციას ქმნის, ხოლო ის რეგლამენტი და ჩარჩოები, რომელსაც მარათონი მონაწილეებს უწესებს, მხოლოდ დამატებით სტიმულსა და სიმძაფრეს მატებს მას. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ინსპირაციისთვის ყველაფერია, იმისთვის, რომ მწერალმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. უფრო მეტიც, ყველა კუთხიდან გვიყურებდა ილია და ხანდახან თვალსაც გვიკრავდა. მთავარია, რომ არც წასვლისას და არც უკან დაბრუნებისას, წიწამურთან არანაირი უსიამოვნო ინციდენტი არ მომხდარა”.

პენ-მარათონი 2010, რომელიც მწერალმა, ყველაზე გამოცდილმა კონკურსანტმა ზურაბ ლეჟავამ ჭადრაკის ბლიცტურნირს შეადარა, დასრულდა. 26-ვე მონაწილემ თავისი სვლა გააკეთა,  მათი ფიგურები კი ჭადრაკის დაფაზე 28 დეკემბერს დაიკავებენ სათანადო ადგილს

კომენტარები