აშშ-ს სენატი რუსეთის მიერ მიტაცებული შეიარაღების დაბრუნების საკითხს განიხილავს

რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში რუსული მხარის მიერ მიტაცებული ამერიკული შეიარაღების დაბრუნების საკითხს აშშ-ს სენატში დღეს განიხილავენ. ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების რეზოლუციის პროექტში ერთ-ერთი შესწორების სახით შევიდა.

დღეს სენატორები ასევე  განიხილავენ შესწორებებს აშშ-ს ბირთვული კომპლექსის მოდერნიზაციისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ. თუ რეზოლუციაში შესწორებები შევა, ვაშინგტონს მოსკოვთან ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს, იუწყება რუსული მედია. 2008 წლის 18 აგვისტოს  რუსმა სამხედროებმა ფოთში საზღვაო ბაზიდან აშშ-ს არმიის კუთვნილი საბრძოლო ჰამერები და სხვა სახის შეიარაღება წაიღეს. აშშ-მ რუსულ მხარეს ჰამერების დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაშინგტონის მოთხოვნას მაშინ უარით უპასუხა. 

კომენტარები