”სკაიპი” ისევ შეფერხებებით მუშაობს

უკვე მეორე დღეა პოპულარული ინტერნეტსერვისი ”სკაიპი” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებლისთვის მიუწვდომელია. ინფორმაცია პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელებზე გუშინ საღამოს გაჩნდა. ”სკაიპის” ადმინისტრაციამ ქსელ ”ტვიტერის” საშუალებით მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა და ხარვეზის ”უმოკლეს დროში” გამოსწორებას დაჰპირდა. ”ჩვენი ინჟინრები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ, რათა პრობლემა აღმოფხვრან,” აღნიშნეს ”სკაიპის” წარმომადგენლებმა.

”სკაიპის” ოფიციალური განცხადების მიხედვით, პრობლემის მიზეზი ქსელური კომუნიკატორების დიდი ნაწილის გათიშვა გახდა, რაც ”სკაიპის” ზოგიერთ ვერსიასა და ქსელურ კომუნიკატორებს შორის არსებულმა შეუთავსებლობამ გამოიწვია. ”ჩვენ ასეთ ინციდენტებს ძალიან სერიოზულად ვუდგებით,” განუცხადა ტელეკომპანია ბი ბი სი-ს ”სკაიპის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი ბეიტსმა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრობლემები ჰაკერული შეტევის შედეგია. ბეიტსის თქმით, ამ დროისთვის სპეციალისტები კომუნიკატორების სრულყოფაზე მუშაობენ, რათა ”მომავალში მსგავსი ხარვეზების თავიდან აცილება მოხერხდეს.”

რამდენ ხანში აღდგება სრულყოფილად ”სკაიპის” მუშაობა, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები