ნიკა გილაური: დიდხანს შევინარჩუნოთ ლიბერალური გარემო

0 კომენტარი

2010 წელი ეკონომიკური გამოწვევების წელი იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41%-ით შემცირდა. ინფლაციამ 10.5%-ს მიაღწია. თუმცა, საბოლოოდ ეკონომიკა მოსალოდნელი 2%-დან, სულ მცირე, 6%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, საბიუჯეტო დეფიციტისა და ვალის დინამიკას, წლის მთავარ წარმატებასა და მარცხს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ტაბულასთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აჯამებს.

 მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ, ხოლო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, კორუფციის დაბალი დონით, მსოფლიო ათეულში შევდივართ. როგორ შეაფასებდით ამ კვლევათა შედეგებს?

პირველი კვლევა ძალიან კარგი სტიმულია, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ რეგულაციები და უფრო მიმზიდველები გავხდეთ კერძო სექტორისთვის. გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის რეკლამა. ისეთი ქვეყნების გვერდით ვართ, როგორებიცაა ახალი ზელანდია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. რა თქმა უნდა, რეიტინგში გერმანიას ან იაპონიას თუ ვუსწრებთ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ქვეყნების ეკონომიკაზე უფრო ჯანსაღია. თუმცა იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოში, ბიზნესმენს ისეთივე პირობები აქვს შექმნილი ან უფრო უკეთესი, ბიზნესის დასაწყებად და მის გასავითარებლად, როგორც გერმანიასა და იაპონიაში. უბრალოდ, ეს პირობები უფრო დიდი ხანია, აქვს გერმანელ და იაპონელ ბიზნესმენს. შესაბამისად, გერმანელმა და იაპონელმა ისინი უკეთესად გამოიყენა. ახლა მთავარია, დიდხანს შევინარჩუნოთ ლიბერალური გარემო, რომ ქართველმა ბიზნესმენმაც ნახოს სარგებელი.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას, აქ ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო – 12 თვის განმავლობაში თქვენ და თქვენი ოჯახის წევრს გადაგიხდიათ თუ არა ქრთამი. საქართველოში ამ კითხვას დადებითი პასუხი მხოლოდ 3%-მა გასცა. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 5%. ჩვენზე წინ არიან მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა და ჰოლანდია. ათეულში შევედით – მსოფლიო ათეულში დაბალი კორუფციის მხრივ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა ორ კვლევას ატარებს – კორუფციის აღქმის ინდექსს და გლობალური კორუფციის ბარომეტრს. პირველში ე.წ. ექსპერტები აფასებენ ქვეყანაში კორუფციის დონეს, ხოლო მეორეში რიგით მოქალაქეებს ეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა პირადად მათ კორუფციასთან შეხება. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 30-ის მიღმა აღმოჩნდა. ამ ორი კვლევის შედარება შემდეგზე მეტყველებს: როდესაც ერთ ან ორ ე.წ. ექსპერტს ეკითხები, სხვა შედეგის იღებ, მაგრამ როდესაც ეკითხები ხალხს, მაშინ საქართველო ათეულში ხვდება.

 წარმატებებთან ერთად საერთაშორისო გამჭვირვალობა პრობლემებზეც საუბრობს, მაგალითად ელიტური კორუფციის შესახებ. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

 

ამ განცხადების საფუძველს მე ვერ ვხედავ. თუ ექსპერტები ამბობენ ამას, მათ უნდა ვთხოვოთ რაიმე კონკრეტული მაგალითის დასახელება – იმისთვის, რომ ჩვენც მივხვდეთ, რას გულისხმობენ.

ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგში ყველაზე ცუდი შეფასება გაკოტრებისა და საგადასახადო სისტემის კუთხით გვაქვს. რა კეთდება საგადასახადო სფეროს მოსაწესრიგებლად?

საგადასახადო სისტემის რეფორმა უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საგადასახადო კოდექსში ჩვენ ერთხელ უკვე შევიტანეთ მასშტაბური ცვლილებები. შევეცადეთ კოდექსის ნორმათა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მოგვესპო, მაგრამ სასურველ შედეგამდე ამ გზით ვერ მივედით, რადგანაც ძველი კოდექსი იმ განწყობით იყო შექმნილი, რომ ყველა გადამხდელი და საგადასახადოს ყველა თანამშრომელი კორუმპირებულია.

ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. კოდექსის შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო კერძო სექტორმაც.

რეფორმა შეეხო ინფრასტრუქტურასაც. აქამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კერძო სექტორს სრულყოფილი მომსახურება მიეღო. ვგულისხმობ საბაჟო გამშვებ პუნქტებს, რომელთაგანაც დღეს უკვე ყველა მოწესრიგებულია, გარდა სარფისა. სარფის აღჭურვა მაისში დამთავრდება.

ვმუშაობთ ინტერნეტ სერვისის სრულყოფაზე – ჩვენ უკვე ვართ ქვეყანა, სადაც ბიზნესის დიდი წილი ელექტრონულად აგვარებს საგადასახადოსთან ურთიერთობას, მაგრამ ინტერნეტ სერვისი კიდევ უფრო ფართოვდება.

თუ აქამდე საგადასახადოს თანამშრომელი თავად წყვეტდა რომელ ობიექტზე შესულიყო შესამოწმებლად, ახლა ვამზადებთ ახალ პროგრამას, რომელიც 21 კრიტერიუმის მიხედვით (გასული წლის ბრუნვა, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ.) შეაფასებს ყოველ ობიექტს, თვითონ დაალაგებს რისკის მიხედვით და შეტყობინებას გაუგზავნის საგადასახადოს თანამშრომელს, თუ რომელ ობიექტში უნდა შევიდეს შესამოწმებლად. ამით საგადასახადოს თანამშრომელს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის საშუალება ეზღუდება და საგადასახადო სისტემა უფრო სამართლიანი და ეფექტიანი ხდება.

თუ ადრე ბიზნესის დალუქვა იყო შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი, ახალი მექანიზმების ამუშავებით ვცდილობთ, დალუქვათა რაოდენობა საერთოდ გავანულოთ. ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკას თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ დალუქვის შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია.

 დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. რატომ?

როდესაც საშემოსავლო გადასახადის შემცირება გადავწყვიტეთ, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში სხვა ეკონომიკური ვითარება იყო. 2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა კრიზისმა და 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკის შემცირებამ გვაიძულა საშემოსავლო გადასახადის შემცირება გადაგვევადებინა. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, გადასახადები გაიზარდა მთელ მსოფლიოში. იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საბერძნეთი, თუ თვით შეერთებული შტატები. საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაძვრენად გადასახადები არ გაზარდა.

 მაღალ გადასახადებთან ერთად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციაც უშლის ხელს. კანონი კრძალავს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაფინანსებას, თუმცა მოიძებნა ხვრელი, რომლის საშუალებითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს ფულს, ისინი კი თავის მხრივ სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობენ. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პრაქტიკა ამ კანონის მიზანს, რომელიც ეროვნულ ბანკს ფულის ემისიას უზღუდავს ინფლაციის თავიდან ასაცილებლად? 

ეროვნული ბანკი რა ფულსაც დებს ეკონომიკაში, ამ ფულს ეკონომიკიდან ისევ უკან იღებს იმით, რომ კომერციულ ბანკებზე ყიდის მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს, შესაბამისად, ამ პროცესის გავლენა ინფლაციაზე მინიმალურია.

ინფლაციას უფრო ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს, ვიდრე ენდოგენური. საქართველოში ინფლაციის წყარო არის საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები. ფასი გაიზარდა ხორბალზე, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და სხვა საკვები პროდუქტებიც გაძვირდა. ამ პროცესმა გავლენა იქონია საქართველოზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტს ვეწევით.

ამ სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. ერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ბაზრის დივერსიფიკაციაა. ამ რეგიონში ხორბლის მომწოდებლები არიან უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი. დღეს ქართველ იმპორტიორებს ასევე შეუძლიათ ხორბალი შემოიტანონ ლიტვიდან, უნგრეთიდან და საფრანგეთიდან. მეორე, ადგილობრივი ხორბლის ჯიშები ჩავანაცვლოთ უკეთესი და მეტი მოსავლის მომტანი ახალი ჯიშებით. ამას უკვე ვაკეთებთ.

 მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის მოცულობაა. წლიდან წლამდე საქართველოს დეფიციტური ბიუჯეტი აქვს, ხოლო ვალი – იზრდება. როდის მოევლება ამ პრობლემას?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტი 9.2%-დან  4.3%-მდე შევამცირეთ 2 წლის განმავლობაში. 2011 წლის ბიუჯეტში, 4.3% დეფიციტია დაგეგმილი. ამავე ბიუჯეტში ბიუროკრატიისთვის განსაზღვრული ხარჯები ყველა მიმართულებით 10%-ით შევკვეცეთ.

სხვათა შორის, ტაბულაში წავიკითხე კრიტიკა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით 3% უნდა იყოს და რეალურად 6%-აო. ერთი ის, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი ჯერ არ დაგვიმტკიცებია და ასეც რომ არ იყოს, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შედის 2012 წლიდან; მეორე – როცა ვამბობთ, რომ დეფიციტი 6.3%-ია, იქვე ვახსენოთ დინამიკაც, რომ წინა წელს ეს მაჩვენებელი 9.2%-ს უდრიდა, მომავალ წელს კი 4.3% იქნება. იმის თქმასაც არაფერი უდგას წინ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც დეფიციტი 60%-ით შეამცირა ასე მოკლე დროში, რასაც სხვათა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს – მაშინ, როდესაც მაასტრიხტის კრიტერიუმის მიხედვით მშპ-ს 60%-მდე საგარეო ვალი ჯანსაღად ითვლება, საქართველოს ვალი მშპ-ს 38%-ს შეადგენს. ამ სესხის დიდი ნაწილი დაბალპროცენტიანია, გადახდის ვადა კი ხანგრძლივი. ვალის მოცულობა მშპ-ს 39%-მდე აიწევს და შემდეგ ისევ შემცირდება. სხვა ქვეყნების მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ეს არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია.

ვალის გადახდა 2013 წელს უნდა დავიწყოთ. გარდა სახაზინო ანგარიშებზე დარჩენილი ნაშთების გამოყენებისა, წამყვანი საერთაშორისო ბანკების დახმარებით, ვგეგმავთ კიდევ ერთხელ 10-წლიანი ევრობონდის გამოშვებას, რითიც არსებული ვალის რეფინანსირებას მოვახდენთ. 

საყურადღებოა, რომ ევრობონდის საპროცენტო განაკვეთი საქართველოსთვის შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზრების ნდობა საქართველოს ეკონომიკისადმი გაზრდილია. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებიც.

ბოლო წლებში მკვეთრად იკლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ. რით ახსნით ამ გარემოებას?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო, მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვითარება შეიცვალა. კერძო ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოცემული თანხით ჩანაცვლდა. იგულისხმება ის 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ ომის შემდეგ მიიღო. არავინ ელოდა, რომ შევძლებდით ამ თანხის მთლიანად მიღებას. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2012 წლისათვის ეს თანხა სრულად ათვისებული გვექნება. მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს დახმარებაა.

ზოგადად, სულ ცოტა, 850 მილიონი კერძო ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნორმალურად განვითარდეს. დღეს ჩვენ ამ ოდენობით ინვესტიციას არ ვიღებთ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოსული თანხა ორწლიან ვადას გვაძლევს იმისთვის, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა 2 წლის შემდეგ კერძო ინვესტიციებმა საჭირო ნიშნულს მიაღწიოს.

ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ სვამს კითხვას: გეოპოლიტიკური პრობლემა ხომ არ შეექმნება ამ რეგიონს. გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო საკმაოდ ბევრი პროექტი შეფერხებულია, შეჩერებული ან საერთოდ არ ხორციელდება. ამ მხრივ პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა ინვესტორების მოზიდვას მხოლოდ ხელს შეუწყობს.

 ინვესტიციების მოსაზიდად თავისუფალი ტურისტული ზონები იქმნება. რატომ კეთდება ასეთი აქცენტი ტურიზმზე?

ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია. ამ სფეროს განსავითარებლად ყველაზე მარტივი და ალბათ სწორი ვარიანტი თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნაა. რას გულისხმობს თავისუფალი ტურისტული ზონა? მსურველს მიწა ეძლევა უფასოდ, ინფრასტრუქტურით სახელმწიფო უზრუნველყოფს და 15 წლის განმავლობაში არ იხდის მოგების და ქონების გადასახადს. ინიციატივა პოპულარობით სარგებლობს. ქობულეთის ტურისტულ ზონაში 30-ზე მეტმა მსურველმა შემოიტანა განაცხადი და 20 უკვე იწყებს მშენებლობას. ანაკლია სულ ახლახან გამოცხადდა. შედეგებს იანვრამდე უნდა დაველოდოთ.

 ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მთავრობა ენერგეტიკასაც მიიჩნევს. რას ეფუძნება ეს მიდგომა?

საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა რეგიონის ენერგოცენტრია. ადრე საქართველოს ენერგეტიკას ყველა თავისი მეზობლის ვალი ჰქონდა, როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის კუთხით. დღეს, აზერბაიჯანის გარდა, ყველა მეზობელს საქართველოს ვალი აქვს. ჩვენ გაზპრომისგან გაზს აღარ ვყიდულობთ, პირიქით, გაზპრომი აქეთ გვიხდის ფულს იმაში, რომ მის გაზს საქართველოს გავლით სომხეთში ვატარებთ. დღეს გაზპრომს ჩვენი ვალი აქვს. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს გაზპრომი ურჩი გადამხდელი იყოს. არა, უბრალოდ ჩვენ ეს თანხები დარეზერვებული გვაქვს და როცა მოგვინდება, წამოვიღებთ.

მსოფლიო ნავთობის მომარაგების 1%-ზე მეტი, საქართველოზე გადის. ელექტროენერგიის ექსპორტს ვაკეთებთ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. მოხმარებული ელექტროენერგიის 88% ადგილობრივი ჰიდრორესურსებით გამომუშავდება.

ჩვენ ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა ვართ რეგიონში. ამიტომაც, ევროკავშირი ენერგეტიკულ სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიჩნევს. მათი სტრატეგიის მიხედვით, ესპანეთი არის სარეზერვო ელექტროენერგიის მიმწოდებელი სამხრეთ და დასავლეთ ევროპისთვის, ნორვეგია – ჩრდილოეთ ევროპისთვის, შვეიცარია – ცენტრალური ევროპისთვის და საქართველო – აღმოსავლეთ ევროპისთვის. ჰესების და ხაზების ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რეალურად საკმარისია იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტიორები გავხდეთ. 2009-2010 წლებში საქართველოში ხუთი ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. მომავალ წელს კიდევ ხუთი ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ევროკავშირმა რეალურად დაინახა საქართველო, როგორც უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ქვეყანა

ჩვენი ჟურნალის წინა ნომრის მთავარი თემა ჯანდაცვის რეფორმა იყო. რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?

გასული წლის ბოლოს დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება – ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და განკერძოება. ცხადია, რომ კერძო მფლობელი უკეთ მოუვლის საავადმყოფოს, ვიდრე სახელმწიფო.

ახალი რეფორმისთვის ახალი მიდგომა შევიმუშავეთ: საქართველო დავყავით სამედიცინო რაიონებად, თითო რაიონს თითო სადაზღვევო კომპანია ემსახურება, სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანიამ ამ რაიონში კლინიკა უნდა ააშენოს. ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოში 46 ახალი კლინიკა შენდება. საავადმყოფოს მინიმალური სტანდარტი უკვე დავაწესეთ – იგი ძალაში 2011 წლის 31 დეკემბერს შევა.

განკერძოებული კლინიკები ბიუჯეტიდან თანხას აღარ მიიღებენ. თანხას მიიღებს გაჭირვებული და თავად აირჩევს, სად იმკურნალოს. თბილისში ნამდვილად ასე იქნება. სახელმწიფოს კუთვნილებაში რეალურად მხოლოდ ოთხი კლინიკა დარჩება: შიდსის ცენტრი, ტუბდისპანსერი, ფსიქიატრიული და ინფექციური საავადმყოფოები. ეს ის საავადმყოფოებია, რომლებიც ინვესტორებისთვის არ არის მიმზიდველი, მაგრამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები