Femanism

0 კომენტარი

კაცები ნადირობდნენ და ადამიანის ფიზიკური არსებობისათვის უმთავრესს – საკვებს – მოიპოვებდნენ.
სინამდვილეში, ქალების შეგროვებული კენკრა, ჩიტის კვერცხები და სხვადასხვა თხილეულობა ბევრად უფრო ჯანსაღი და მნიშვნელოვანი საკვებია ორგანიზმისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ მორთმეული დამარცხებული შემწვარი ბრონტოზავრი.

კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნით.
მარია სკლადოვსკა-კიური, დოროთი ჰოჯკინი, ადა ბაირონი, ჰაიდი ლამარი, სტეფანი კვოლეკი, ბეტ ნესმიტი, გერტრუდა ელიონი, სარა ბრიდლავი, ფერი ფელპს იაკობი, მადამ კლიკო, ჯანეტ ჯენსენი.   
 
არ იცით ხომ ამ ქალების ვინაობა?! გაიკითხეთ!…

რა თქმა უნდა, კაცების ჩამონათვალი უფრო გრძელია, მაგრამ ქალების სიაც საკმაოა იმისათვის, რომ მათ შეზღუდულ უნარებზე საუბარი მითად იქცეს, აღმოჩენები კი ტენდენციად და არა გამონაკლისად, რომელიც წესს ადასტურებს.
  
ქალები ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე კაცები.
გაიხსენეთ ძველი და ახალი ლიტერატურა, სადაც ქალი კონფლიქტების სათავე, ბოროტი სული, ომების მაპროვოცირებელი, ეშმაკი, კრეატიული და მოქნილი არსებაა. 

კაცებისათვის, განსხვავებით ქალებისგან, დამახასიათებელია რაციონალური აზროვნება.
კაცების უმრავლესობის სექსისტური მიდრეკილებები სწორედ რაციონალურად განსჯის უუნარობაზე მეტყველებს. აბა, როგორ შეიძლება, კამათის დროს ქალის სქესი იყოს კაცის ყველაზე მძლავრი არგუმენტი. კონფორმიზმიც, რომელიც გენდერული სტერეოტიპების მიხედვით უფრო ქალური თვისებაა, მათ პრაგმატულობასა და რაციონალიზმზე მიუთითებს
 
კაცებს უფრო უყვართ ჭამა და კომფორტი, ვიდრე ქალებს.
სინამდვილეში ქალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კარგ პატრონს ჩაჰბარდნენ. ანუ, კარგად ჭამონ, სვან და ჩათბნენ. იტარებენ ათასნაირ მტკივნეულ პროცედურას, იკლავენ თავს შიმშილით, არ აძლევენ კანს და საკუთარ თავს სუნთქვის საშუალებას. ითმენენ თაფლის მასაჟებს, მერე თავს იმართლებენ, რომ ეს ყველაფერი თვითონ მოსწონთ და საკუთარი თვითშეფასებისთვის აკეთებენ. და, აი, ამდენი შიმშილისა და ტანჯვის მერე ისინი მიჰყვებიან იმ ერთადერთს, რომელსაც, როგორც ბეტონის კედელს, ისე მიეყრდნობი. ოღონდ ერთი პირობაა. რაც უფრო გამძლე კედელს ეძებთ, მით უფრო მეტი ეპილაცია, დიეტა, აკვა-აერობიკა და პედიკური დაგჭირდებათ. საკუთარ მომხმარებლობას კაცები ესთეტობად შემოგჩრიან და როცა თქვენ, ამოისუნთქავთ, მოეშვებით, დაწყნარდებით და უკვე მყარად კედელს მიყრდნობილი “კაი ოსტრის” ჩაუჯდებით, კედელი სხვასთან წავა. ამიტომ მასზე მიყრდნობას, მიწაზე მყარად დგომა ჯობია, სამი ზედმეტი კილოგრამი და ზურგით სათრევი ინტელექტი კი გაცილებით მყარად დაგაყენებთ მიწაზე.  

კაცებს უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ. განსაკუთრებით შავი იუმორის.
ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო ეშინიათ სიკვდილის, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი დრო აქვთ ფიქრისთვის, იმიტომ, რომ ყოფით საქმეებს ქალები აგვარებენ.

ფემინისტები დაბოღმილი და მახინჯი ქალები არიან.
არ შეგეშინდეთ, თუ კაცებს თქვენთან კამათის დროს ცინიკური, შემწყნარებლური და არასერიოზული ტონი აქვთ. ეს თავდაცვის მექანიზმი და დროთა განმავლობაში შეძენილი ე.წ. “ქალური თვისება” – ეშმაკობაა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კი ნელ-ნელა გაქრება ზღვარი კაცურს და ქალურ თვისებებს შორის. ასევე, ნუ შეგეშინდებათ თქვენი სქესის წარმომადგენლების, რომლებიც კაცების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერ იტანენ “ფემინისტებს, ხოჭოებს და კაცებს ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით”. ანტიფემინისტი კაცები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალები სულელები არიან, რადგან ვერ ხვდებიან, გენდერული თანასწორობა თანაბარ პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს და ინტელექტიც თავის ტკივილია.
პასუხისმგებლობების გადანაწილებასთან ერთად, ფართოვდება თქვენი არეალი, სამოქმედო სივრცე, იზრდება შინაგანი და გარეგანი თავისუფლება. ვეღარავინ გაბედავს ხელით შეგეხოთ, შეგაშინოთ. ხაჭაპურის გამოცხობა კი თქვენი კიდევ ერთი ნიჭი, ჰობი და არა მოვალეობა გახდება. 

ზიგმუნდ ფროიდი, ანატომია, ფემინიზმი
ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა, რომ მორფოლოგიური განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეუძლებელს ხდის მათ თანასწორობას. ანატომია განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკას და აყალიბებს მათ ფუნქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სქესობრივი განსხვავებების განპირობება გენეტიკური, ბიოლოგიური ფაქტორებით საკმაოდ საკამათოა, მეცნიერულად არც დამტკიცებულია და არც უარყოფილი. ზოგიერთი ფსიქოლოგი კვლავ ტრადიციული და ერთი შეხედვით დამაჯერებელი თეორიის გავლენის ქვეშ არის. ისინი ნებით თუ უნებლიეთ ივიწყებენ, რომ ადამიანის განვითარება და პიროვნული ჩამოყალიბება, ისევე როგორც სექსუალური ქცევა, დეტერმინირებულია სოციალური ფაქტორებით. სოციალურ ფაქტორებს დომინანტი სქესი განაპირობებს და ისევ წრეზე ვტრიალებთ.
ფემინისტები ფროიდს ვერ იტანენ, მაგრამ ღირსეული კონტრარგუმენტები ჯერჯერობით არ გააჩნიათ და ელოდებიან ბაზალეთის ტბის ძირას მდებარე კიდევ ერთ აკვანს, სადაც ახალი თეორიით ფროიდიზმის დამთრგუნველი იწვება. სასურველია ქალი იყოს (ბალანსისთვის).

რელიგია და გენდერული თანასწორობა
რელიგია ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. ქრისტიანული რელიგია ქალისა და კაცის თანასწორობას ქადაგებს, თუმცა რიტუალები საპირისპირო სურათს გვიჩვენებს. მღვდელიც, ეპისკოპოსიც, პაპიც, პატრიარქიც და თავად ღმერთიც – კაცია. აწმყოსთვის რელიგია ნელ-ნელა ანაქრონიზმი ხდება, გენდერული თანასწორობა კი დროებითი უტოპია, რომელსაც კაცობრიობის განვითარება აქცევს ნორმად.

მასმედია და გენდერული სტერეოტიპები
კაცები რეკლამაში რაციონალურები, სხარტები, გრილები, ჭკვიანები, საქმიანები, ინიციატივიანები, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით (რენოს ირჩევს, ოცნება უნდა მართოს. მაშინ, როცა მისი ცოლი ფეირით რეცხავს ჭურჭელს, მალე ირეცხება და დრო რჩება ტაიდით სარეცხის დარეცხვისთვის და მისტერ მუსკულით უნიტაზის გახეხვისთვის).
კაცები იღებენ სწორ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ ყველაფერი. ადიან მწვერვალებზე, დადიან წყალზე, უსწრებენ დროს და იძლევიან შანსს.
ქალები რეკლამაში ახალი ფხვნილის შეძენის ნიადაგზე აღელვებული, არაადეკვატურად ემოციური, ზედმეტად სენტიმენტალური, შოკოლადების გამო დედის, მამის, ქმრის და სამშობლოს გამყიდველი, მოსულელო და მოსაყვარლო.
ტელევიზორიდან შემოთავაზებული ეს ტიპაჟები ნელ-ნელა გაჯდება ჩვენს თავებში და შაბლონად იქცევა.
 
ხელთ არსებული სტატისტიკა:
ქალებს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწების მხოლოდ ორი პროცენტი ეკუთვნით. ანორექსიით დატანჯულთა 95% ქალია. სექსუალურ ნიადაგზე მკვლელობათა 93% შემთხვევებში მსხვერპლი ქალია. 

გენდერული უკიდურესობანი:
ფემინიზმის ზოგიერთი, რადიკალური ფრთის წარმომადგენელი უკვე მოძალადეს და უსამართლო დომინანტს კი არ ებრძვის, არამედ ზოგადად კაცს. ეს კი არაფრით განსხვავდება კაცების სექსიზმისგან. სეპარატისტმა ფემინისტებმა ხომ საერთოდ გენდერული თანასწორობის იდეის მარგინალიზაცია მოახერხეს და გააჩინეს ეჭვი, რომ მათ კაცები აფინანსებენ.

ობიექტური რეალობა:
არ არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები