საპოლიციო რეფორმა — ნაბიჯი ამერიკანიზაციისაკენ

დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ პოლიციის რეფორმის გეგმა გაახმაურა. ეს ცვლილებები აშშ-ში არსებული არჩევითი შერიფის მსგავსი ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს, რაც პურიტანული პოლიციის ამერიკანიზაციაზე მიუთითებს. გაერთიანებული სამეფოს ძალოვან სტრუქტურაში 1960-იან წლებში გატარებული ცვლილებების შემდეგ შემოთავაზებული რეფორმა ყველაზე მასშტაბური იქნება. მაღალჩინოსნების განცხადებით, მისი ძირითადი მიზანი საზოგადოებასა და პოლიციას შორის „ჩატეხილი ხიდის” აღდგენაა.

ინიციატივის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა თავად აირჩევს ახალი თანამდებობის პირებს – საპოლიციო და დანაშაულის კომისრებს. ეს კომისრები დღეს არსებულ ე.წ. საპოლიციო ხელმძღვანელობას სრულიად ჩაანაცვლებენ. მათ დაქვემდებარებაში იქნება ინგლისსა და უელსში არსებული 41 საპოლიციო ძალა (ზედამხედველობა არ გავრცელდება შოტლანდიის და ლონდონის ორ ფორმირებაზე). სწორედ კომისრების კომპეტენციაში შევა პოლიციის უფროსების დანიშვნა და გათავისუფლება. პოლიციის უფროსები კი თავის მხრივ დანარჩენ ოფიცრებს დანიშნავენ.

ახალი რეფორმა კომისრებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ძალაუფლებასაც მიანიჭებს: ისინი დაგეგმავენ საფინანსო წელს და განაგებენ უწყების დანახარჯებს. როგორც ცნობილია, პოლიცია დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს (22%) ადგილობრივი საბჭოს გადასახადებიდან იღებს. თავად კომისრების საქმიანობას გააკონტროლებენ რეფორმირებული საბჭოები, რომლებიც ადგილობრივი საბჭოს წევრებით, სასამართლოს მაგისტრებითა და სხვადასხვა დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება. საგულისხმოა, რომ არსებული საპოლიციო სისტემა მნიშვნელოვნად დეცენტრალიზებული და თვითმმართველობის შემცველია. დღეს საპოლიციო საბჭოების წევრების ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს. მასში მაგისტრებიც შედიან.

პარალელურად, შეიქმნება ეროვნულ დანაშაულებათა სააგენტო, რომლის ძირითადი დანიშნულება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და საზღვრების კონტროლი იქნება. ეს ამერიკული საპოლიციო სისტემის კიდევ ერთი ანალოგია. აღსანიშნავია, რომ ტონი ბლერის დროს დაფუძნდა სერიოზულ დანაშაულებათა სააგენტო (გამოძიების ფედერალური სააგენტოს მსგავსი უწყება). სწორედ ამ სტრუქტურის რეფორმის შედეგი იქნება ეროვნულ დანაშაულებათა სააგენტოს დაარსებაც.

რეფორმის მთავარი დადებითი მხარე მოსახლეობისადმი პოლიციის ანგარიშვალდებულების გაზრდაა. თუმცა ოპონენტები მის განსახორციელებლად საჭირო დანახარჯების სიდიდეზე მიუთითებენ: საპოლიციო კომისრების შემოღება ოფიციალური მონაცემებით 136 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ასევე აღსანიშნავია, მათ ასარჩევად ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებული არჩევნებისთვის საჭირო თანხა (50  მლნ ევრო). ცენტრალური მთავრობა კი ძალოვანი სტრუქტურებისთვის გამოყოფილი ფონდების 20%-ით შემცირებას აპირებს. არსებობს შიშები, რომ რეფორმა კანონის აღმსრულებელი სტრუქტურის პოლიტიზირებას გამოიწვევს. პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩარევა კონსულტანტების დახმარებით სცადონ. ასევე, მოსალოდნელია გართულდეს ადგილობრივი და ეროვნული პასუხისმგებლობების გამიჯვნა.

რეფორმა მართლაც საკამათოა, თუმცა კოალიციურ მთავრობაში მასთან დაკავშირებით კომპრომისი უკვე მიღწეულია. საყოველთაო არჩევნებზე ორივე პარტია (კონსერვატორები და ლიბერალ-დემოკრატები) ხაზს უსვამდა საპოლიციო რეფორმის აუცილებლობას. სწორედ კონსერვატორებს ეკუთვნით არჩევითი კომისრების იდეა. მთავარი წინააღმდეგობა პოლიციის უფროსების ასოციაციისგან მოდის. მას კომისრების მიერ მისი წევრებისთვის თავისუფლად მოქმედების შესაძლო შეზღუდვა აშფოთებს. იგი ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საპოლიციო პოლიტიკის განვითარებისთვის 1948 წელს შექმნილი კომპანიაა. ის მთავრობას არა მარტო გამოძიების წარმოებისას, არამედ  სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელებისას ეხმარება.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი განხორციელება 2012 წლიდან დაიწყება. კომისრებსაც პირველად ამ წელს აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ 1990-იან წლებში, ნიუ იორკში სწორედ ამგვარი რეფორმით მკვეთრად შემცირდა დანაშაულთა რიცხვი.

კომენტარები