საუკეთესო ფილმი შობა-ახალი წლის დღესასწაულისთვის

შობა-ახალ წელს ქართული ტელევიზიები საეთერო დროს რატომღაც საბჭოთა ფილმებს უთმობენ. „ბედის ირონია”, „მიმინო”, შურიკას ხუმრობები, ნიკულინი, ვიცინი და მორგუნოვი იმ დროს ახსენებს ხალხს, 37 მანეთად მოსკოვში რომ გადაფრინდებოდნენ, იქაურ ქალებს გათანგავდნენ და ბედნიერები უბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწას, მაგრამ იმ ფილმების დიდ ნაწილს არაფერი აქვს საერთო ახალ წელთან, შობის დღესასწაულთან და საერთოდ კინოსთან. 

ჟურნალი ტაბულა წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო საშობაო ფილმს, რომელიც გოზინაყზე და საცივზე გემრიელია (უმეტესობა მაინც). 

10) როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (2000)
დოქტორ სიუზი ძალიან კარგი საბავშვო მწერალია. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” კი – მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები. რონ ჰოვარდს მშვენიერი ფილმი გამოუვიდა. მსხვილი ბიუჯეტი, ჯიმ ქერის ქარიზმა და სამსახიობო ნიჭი, საშობაო ფილმებისთვის დამახასიათებელი ჰეფი ენდი. შობა და ახალი წელი – ეს ხომ ის დღესასწაულებია, როდესაც ყველაზე ბოროტი არსებაც კი სიყვარულისა და სითბოს ძიებაშია. 

 
9) ახალი საშობაო ზღაპარი (1988)
ჩარლზ დიკენსის რომან „საშობაო ზღაპრის” საუკეთესო კინოვერსია. ფრენკ კროსი ცივსისხლიანი ცინიკოსია, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი დღესასწაულები, მას არც ოჯახი და ახლობლები აინტერესებს. „ცუდი ცხოვრების” წესის გამო, მას სამ მოჩვენებასთან დაპირისპირება მოუწევს. ბილ მიურეი, კერენ ალენი, რობერტ მიჩუმი, მაიკლ ჩეპმენის ოპერატორული ნამუშევარი და დენი ელფმანის მუსიკა – ეს ყველაფერი ერთად რიჩარდ დონერის მშვენიერ საშობაო ფენტეზიში. 
 
8) ცუდი სანტა (2003)
ბილი ბობ ტორნტონი მსოფლიოში ყველაზე ცუდი სანტა კლაუსია. ის ვერ იტანს ბავშვებს, თავის მეგობართან ერთად იპარავს ყველაფერს, რისი მოპარვაც შეიძლება, 8 წლის ბავშვის თვალწინ სექსით კავდება და ლოთია. თუმცა ის, ისევე როგორც ყველა (ალექს დელარჯის, უცხოსა და ერიკ კარტმენის გარდა), გულის სიღრმეში კარგი ადამიანია და ამის გაცნობიერებაში პატარა ბიჭი დაეხმარება, რომელსაც ზედმეტი წონის გამო ყველა დასცინის და საკუთარი პრობლემები თავზესაყრელად აქვს. 
 
7) საშობაო ამბავი (1983)
საოცარი საშობაო ისტორია. სასაცილო, საინტერესო, ბრწყინვალედ გადაღებული. ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, მათთვის, ვისაც ენატრება უდარდელი დრო, როდესაც სანტა კლაუსის სჯეროდა. ეს არ არის უბრალოდ კომედია ბიჭზე, რომელსაც საჩუქრად მხოლოდ და მხოლოდ თოფი სურს, ეს ფილმი ბავშვობასა და ნოსტალგიაზეა. 
 
6) ელფი (2003)
სუპერ, სუპერ, სუპერ სასაცილო საშობაო კომედია. უილ ფერელი ადამიანია, რომელიც ელფებთან ერთად გაიზარდა და თავი ნამდვილი ელფი ჰგონია. თუმცა ერთ დღეს სიმართლეს გაიგებს და მშობლების საძებნელად აშშ-ში წავა. წარმოიდგინეთ, ზრდასრული მამაკაცი ნიუ იორკში, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით. აქედან იწყება დაუსრულებელი სიცილის 90 წუთი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. 
 
5) საშობაო არდადეგები (1989)
ჯონ ჰიუზი იყო და დარჩება ერთ-ერთ უდიდეს სცენარისტად, რომელიც ჰოლივუდს ოდესმე ღირსებია. ამ კაცმა ძალიან კარგად იცოდა, როგორ შეექმნა სასაცილო, ყველასათვის ერთნაირად მიმზიდველი ფილმები. საშობაო არდადეგები გრისუოლდების ოჯახისთვის „დიდ უბედურებად” იქცა, რომელიც მაყურებელს აუცილებლად მხიარულ განწყობაზე დააყენებს და მთელი ოჯახისთვის საშობაო ატმოსფეროს შექმნის.
 
4) მარტო სახლში 1, 2 (1990, 1992)
კევინ მაკალისტერზე თუ არაფერი გსმენიათ, ეს მიუთითებს: 1. თქვენ დათვი ხართ და მთელ ზამთარს ძილში ატარებთ. 2. თქვენ არ ცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე. 3. ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, განდეგილი 2-ს დაწერდა და თქვენი ცხოვრების წესს მიუძღვნიდა. კევინი ერთი შეხედვით უწყინარი ბიჭია, რომელსაც თავისი სახლისა და თავის დაცვა სურს, თუმცა სავარაუდოდ მასში დემონია ჩასახლებული, რომელიც აიძულებს, ქურდებს სასტიკად გაუსწორდეს; აწამოს დენით, ააფეთქოს, ესროლოს აგურები, დაუგოს უამრავი მახე და ბოლოს ციხეში ჩასვას ორივე. „მარტო სახლში” კრის კოლამბუსის უკვდავი საშობაო დილოგიაა, მუდამ სასაცილო, როგორც „ტომი და ჯერი” და მიმზიდველი, როგორც შარლიზ ტერონის ფეხები. 
 
3) რეალური სიყვარული (2003)
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხართ – ინგლისის პრემიერ-მინისტრი, ძველი როკ-ვარსკვლავი, მარტოხელა მამა თუ ძმაკაცის მეჯვარე, თან მისი ცოლი რომ გიყვართ. მნიშვნელობა არ აქვს – კირა ნაიტლი, ლაიამ ნისონი, ჰიუ გრანტი, ბილ ნაი, კოლინ ფირტი, ემა ტომპსონი, იცხაკ რაბინი, კარლ ჩაპეკი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, მეწაღე თუ მფრინავი ხართ. ყველას უნდა, სჭირდება, სწყურია სიყვარული, მით უმეტეს შობის დღეს, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროთ. რიჩარდ კერტისი თავის ფილმში სიყვარულზე რამდენიმე განსხვავებულ ისტორიას მოგიყვებათ და თქვენ თავად შეგეძლებათ სასურველი ცხოვრებაში გაიმეოროთ ან ახალი, თქვენეული ვერსია შექმნათ.
 
2) საშინელება შობის წინ (1993)
რაც უნდა გასაკვირი იყოს, კინოს ისტორიაში ეს ყველაზე ბარტონისეული ქმნილება ამ რეჟისორის არ არის. ტიმ ბარტონი მხოლოდ იდეის ავტორი და სცენარისტია, მაგრამ მისი ხელი ყოველ დეტალსა და ეპიზოდში იგრძნობა. ვიზუალურად განუმეორებელი მიუზიკლი, არანორმალურად ლამაზი და ორიგინალური. უნაკლო მუსიკით და სცენებით, ბრწყინვალე სიუჟეტით. ყველაზე არასაშობაო ფილმი შობაზე. რა მოგიტანათ თოვლის ბაბუამ საჩუქრად? ფრთხილად იყავით, ამანათის გახსნისას გული არ გაგისკდეთ.
 
1) ცხოვრება მშვენიერია (1946)
არ არის აუცილებელი ფრენკ კაპრას ფილმის შესაყვარებლად შობას ან ახალ წელს დაელოდოთ. ეს სურათი წელიწადის ნებისმიერ დროს, თვესა და დღეს უხდება. ჯორჯ ბეილის ისტორია, რომელიც თავს იკლავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ოჯახისთვის უკეთესი იქნება. ანგელოზი კი აჩვენებს, რა იქნებოდა მისიანების ცხოვრება მის გარეშე. კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ძალიან ადამიანური დრამა, რომლის ფინალიც უბრალოდ განუმეორებელია. ფრენკ კაპრას დამსახურებით კი მიხვდებით – თუ მოინდომებთ, ცხოვრება მართლაც მშვენიერია.

კომენტარები