18 წლამდე რეკომენდებული არ არის!

საქართველოს საპატრიარქო ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად მიიჩნევა, ხოლო მისი მესაჭე და სამღვდელო დასი – საკრალური – ყველაზე მძლავრი ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში. 

წლებია, პატრიარქი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქმედებების ლეგიტიმატორია და საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შესახებაც გამოხატავს თავის პოზიციას; მოუწოდებს საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებისაკენ და ამ მიმართულებით, შესაბამის (მართალია, ჯერჯერობით უშედეგო) ნაბიჯებსაც დგამს. თავად საპატრიარქო  ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობს, ცენზორულ კვალს ამჩნევს კულტურას, განათლებას, მეცნიერებასა და მედიას, განსაზღვრავს მოქალაქეების ნაწილის განწყობებსა და პირად ცხოვრებას. ეკლესიის პოზიცია ზნეობრივი და იდეოლოგიური ფასეულობებისადმი დამოკიდებულების კუთხითაც დიდი წონის მქონეა.

ამავდროულად, საქართველოს საპატრიარქოს როლი გამოკვეთილია საგარეო ურთიერთობების ასპექტითაც. კათალიკოსმა ბარბარობაზე წარმოთქმული  ქადაგებისას ფაქტობრივად ტაბუ დაადო არა მარტო საქართველოს, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს კრიტიკულ კონტექსტში მოხსენიებას. თუკი თვალს გადავავლებთ 2008-2010 წლებში რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს, თუკი იმასაც გავიხსენებთ, როგორი კეთილგანწყობით საუბრობს ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტზე, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს ამ აკრძალვის რეალური, არათეოლოგიური მიზეზი. არადა, Wikileaks-ით გავრცელებული ინფორმაცია, კითხვებსაც კი აღარ ტოვებს იმაზე, თუ მოსკოვის საპატრიარქოს სახით, რა ტიპის დაწესებულებასთან გვაქვს საქმე. რუსმა მღვდელმთავარმა, ილარიონ ალფეევმა, კონფიდენციალური საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის ხელისუფლების ინტერესების (იმპერიალიზმის) სამსახურში დგას.  

კიდევ ერთი. საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეჰოვას მოწმე, მორწმუნე თუ ათეისტი საკუთარი შემოსავლიდან თანაბრად უხდის ფულს. წლეულს ეს თანხა 25 მილიონი იყო, მომავალ წელს მისთვის 22 მილიონია გამოყოფილი.

ყოველივე ამის გამო ზედმეტი მგონია იმის ახსნა და განმარტება, რომ სრულებით ლეგიტიმურია, მორწმუნემაც და ათეისტმაც ვიცოდეთ, რა ხდება საპატრიარქოში, როგორი წარსულისა და ინტელექტის, შეხედულებებისა და მორალური იერსახისანი არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, განსაკუთრებით კი ისინი, საეკლესიო ძალაუფლებისთვის ბრძოლის მარათონში რომ არიან უკვე ჩაბმულნი.

მაგრამ ამ სურვილის პასუხად კათალიკოსმა დათო პაიჭაძე და მისი გადაცემის სტუმრები ეკლესიისა და ერის მტრებად, უკიდურეს ცოდვილებად, როგორც თავად ბრძანა, ცუდზე, ათეისტზე უარესებად გამოგვაცხადა. 

მან მკაცრად მოითხოვა  ჩვენი და საერთოდ, სრულიად საქართველოს ერისა და ბერის დადუმება იმ „საკრალურ” საკითხებზე, რომლებიც პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, საპატრიარქოს ეხება.

ძნელი დასათვლელია, ღმერთის სახელით, ეკლესიისა და ერის ინტერესების საკეთილდღეოდ უკვე მერამდენედ მეკრძალება საუბარი საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე. მაგრამ ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის მთავარი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს წარმოთქმული ქადაგებით ჩემთვის ფარდა ახადა იმ უმთავრეს პრობლემას, რომლის სიმწვავის შესახებ პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა წმინდა სინოდმა, თავისი დადგენილებით, მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები ჯოჯოხეთში გაისტუმრა.

მთავარი ისაა, რომ, ჩემი აზრით, საპატრიარქოს დაკარგული აქვს ქრისტიანული იდენტობა, აღარ ახსოვს ვინ არის იესო ქრისტე!

პატრიარქის ქადაგებამ ბეჭედი დაასვა ჩემს განცდას, რომ საპატრიარქო (და არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი, რომლის წევრად საკუთარ თავსაც მივიჩნევ) ტოტალიტარული მიდრეკილებების მქონე, ხშირ შემთხვევაში სიძულვილისა და ძალადობის ენაზე მეტყველი ყველაზე დახშული, შეუწყნარებელი, არაქრისტიანული ორგანიზაციაა საქართველოში.

ამ ქადაგებამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საპატრიარქო მხოლოდ ადმინისტრაციულ-რეპრესიულ ორგანოდ მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც მზადაა ულმობლად გაუსწორდეს ნებისმიერს, ვინც პატრიარქს, სინოდს, სასულიერო პირებს თუნდაც სუსტი ხმით შეუბედავს კრიტიკას.

ბარბარობას კათალიკოსმა ფაქტობრივად ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს ჩვენ წინააღმდეგ საღვთო ომისაკენ მოუწოდა, ბოლოს კი, ციური ძალებიც გამოიხმო „უარესთა შორის უარესების” განსაგმირავად: მეხის დაცემა გვიწინასწარმეტყველა.

ამ ქადაგების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მყარი გახდა ჩემი რწმენა, რომ პატრიარქის, სინოდისა და საპატრიარქოს შესახებ კრიტიკული საუბარი მარტო კონსტიტუციური უფლება კი არა, ჩემი ქრისტიანული მოვალეობაცაა.

მე იმ გადაცემაში ვთქვი, რომ მღვდელმთავრების ნაწილს ღმერთი მოძალადედ წარმოუდგენია. ატომურ ბომბსა და „ბეტეერს” შევადარე ის არსება, რომლითაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ასე იმუქრებოდა: „სახარებაში წერია: ვისაც ღმერთი დაეჯახება, დაამსხვრევს, ვისაც  დაეცემა გაჭყლიტავს. ამიტომ გონს მოეგეთ” (ასავალ-დასავალი, 2007)!

გარდა იმისა, რომ სახარებაში მსგავსი არაფერია ნათქვამი, ღრმად მწამს, რომ ამ მოძალადე არსებას და იმათაც, რომლებიც მისით იმუქრებიან, არაფერი აქვთ საერთო  ჯვარცმულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან, რომელიც ზეციურ მამას ჯვრიდანაც კი ჯვარმცმელების შეწყალებას სთხოვდა. ღრმად მწამს, რომ არაფერი აკავშირებთ მაცხოვართან, რომელმაც აღდგომის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მისგან სამჯერ განდგომილ მოციქულს: გიყვარვარ, პეტრე?

მე ასეთი, მიმტევებელი ღმერთის მწამს და მხოლოდ იმ მღვდელმთავრებს ვემორჩილები, რომელთა საქმე ადამიანების თანადგომა და სიყვარულია.

ამავე დროს, მე მჯერა,რომ დღეს თუ არა, ხვალ საპატრიარქო უფრო მეტად შემწყნარებელი გახდება განსხვავებული, თუნდაც კრიტიკული, თუნდაც შეურაცხყოფად მიჩნეული აზრისადმი, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარტო ჩვენ, ცოდვილი ადამიანები არა ვართ, არამედ იესო ქრისტეცაა, რომელსაც ერთნაირად უყვარს ცოდვილიც და მართალიც, მტერიც და მოყვარეც.

საერთოდ მჯერა, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან ვიცნობ უამრავ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელთათვის მთავარი „წმინდა” ინკვიზიტორების კი არა, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს მორჩილებაა. და კიდევ: ცვლილებები გარდაუვალი თუნდაც იმიტომ მგონია, რომ არსებობს ისეთი ჟურნალისტი, როგორიცაა დავით პაიჭაძე და ისეთი „მარქსისტი”, როგორიცაა გიგა ზედანია, რომ არსებობენ თავისუფალი და განათლებული ადამიანები და, რომ პატრიარქის ამ ქადაგების შემდეგ მათი რაოდენობა კი არ შემცირდება, პირიქით – მოიმატებს!

ჩემი ღმერთის ძალა მხოლოდ უძლურებაში აღსრულდება. ჩემი ღმერთი ჭეშმარიტება და სიყვარულია, რომელიც სიმართლის გაგების სურვილისთვის, თუნდაც უაზრო დაეჭვებისა და ვარაუდის გამოთქმისთვის ან, ბოლო-ბოლო, თუნდაც ათივე მცნების ერთიანად დარღვევისთვისაც კი, არ დევნის, ელდას არ სცემს, არ ეჯახება, არ ამსხვრევს, არ ჭყლეტს, არ ანადგურებს, არ კლავს თავის შვილებს!

ჩემი ღმერთი მტერს, ცოდვილს, ათეისტსა და ათეისტზე უარესსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს: გიყვარვარ მე?

ამიტომ, მანამდე, სანამ საპატრიარქოს მესვეურები და მეც იესო ქრისტეს ამ შეკითხვას პასუხს მოვუმზადებთ, ჩვენს ტელევიზიებს ერთი თხოვნით მინდა მივმართო: პატრიარქის, მიტროპოლიტ დიმიტრისა თუ იობის ქადაგებები ეთერით მხოლოდ იმ პირობით გავრცელდეს, თუ ტელეეკრანის კუთხეში  გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება გამოსახული: 18 წლამდე რეკომენდებული არ არის.

 

კომენტარები