2010 წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომები

KANYE WEST / MY BEAUTIFUL  DARK TWISTED FANTASY

მეინსტრიმ ჰიპ-ჰოპ სამყაროში საკმაოდ ცნობილმა პროდიუსერმა და რეპერმა ქანიე ვესტმა წლის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გამოსცა. შეიძლება ითქვას – ეს არის ნამუშევარი, რომელიც, როგორც მისმა კოლეგა Common-მა შეაფასა, დღეს  ჰიპ-ჰოპს სჭირდება.
ამ ჩანაწერში ვესტი უფრო დამძიმებული ბითებით, მეტად ექსცენტრული ლირიკით და ტრადიციულად, ბევრი მოწვეული სტუმრით წარდგა მსმენელის წინაშე.
თავიდან ალბომის ყდა ამერიკულ ბაზარზე აიკრძალა. აკრძალვა ასე ჟღერდა: „ზედმეტად შიშველი ვოლმარტისთვის”. თავად ვესტმა ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე დაპოსტა. ის წერდა, რომ 70-იან წლებშიც კი, ასეთი ცენზურა არ არსებობდა, 90-იანებში ჯგუფ ნირვანას შეეძლო საკუთარი ალბომის ყდაზე შიშველი ადამიანი გამოესახა. მას კი არ შეუძლია შექმნას ნახატი, რომელზეც უხელებო მონსტრი და ზურგით მდგარი, შიშველი, ფრთიანი არსებაა გამოსახული. როგორც ჩანს, ამ წერილმა შედეგი გამოიღო და ყდაზე ნებართვა გაიცა.

ალბომისთვის ეს ნამუშევარი ამერიკელმა ვიზუალარტისტმა, ჯორჯ ქონდომ შექმნა.

 
ARCADE FIRE / THE SUBURBS

ამ კანადურმა ჯგუფმა პირველივე ალბომით დაიპყრო Indie სცენა და შეიძლება ითქვას, რომ მას მერე ჟანრში ერთ-ერთ ფლაგმანად მოიაზრება.
აგვისტოში მათ რიგით მესამე ალბომი გამოუშვეს, რომელიც საკმაოდ გრძელია და 16 თრექია შესული. კრიტიკოსებმა ალბომს გამოსვლისთანავე მაღალი შეფასება მისცეს, Pitchfork-მა კი წლის საუკეთესო თრექად Sprawl II (Mountains Beyond Mountains) დაასახელა. ჯგუფმა არ გადაუხვია მიმართულებას და ტრადიციულად, ძალიან მელოდიური მუსიკა შემოგვთავაზა.
ალბომიდან კიდევ ერთი პოპულარული თრექი Rococo გახდა.
The Suburbs ნამდვილად იმსახურებს ადგილს 2010 წლის საუკეთესო ალბომების სიაში.

 
THE NATIONAL / HIGH VIOLET

ეს ბრწყინვალე Indie ჯგუფი 1999 წლიდან არსებობს და პრაქტიკულად ჩავარდნა არ ჰქონია. ისინი წლიდან წლამდე იზრდებოდნენ და 2010 წელს გამოუშვეს ალბომი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა სორტის მელომანი აალაპარაკა. High Violet არის ნამუშევარი, რომელსაც ნაკლს ძნელად თუ ვუპოვით. ძალიან დახვეწილი, ფრთხილი და აუღელვებელი ჩანაწერია, რომელიც ყოველ მოსმენაზე ახლებურად ჟღერს.
ალბომში ათი თრექია და განსაკუთრებულად ვერც ერთს გამოვყოფ, რადგან თითქმის ყველა კომპოზიცია ერთმანეთზე უკეთესია.
ჯგუფი აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო. 2005 წლიდან ფართო აუდიტორიაზეც გავიდა, მაგრამ ახლა High Violet-მა ერთი-ორად გაზარდა მის თაყვანისმცემელთა რიგები. ის მართლაც ერთ-ერთი ლიდერია 2010 წლის საუკეთესო ალომების სიაში.

 
BEACH HOUSE / TEEN DREAM

Beach House ამერიკული დუეტია, რომელიც აშკარად 80-იანი წლების ე.წ. Dream Pop-ის შემსრულებელი მუსიკოსებისგანაა შთაგონებული, როგორებიც იყვნენ: Cocteau Twins, My Bloody Valentine და ამ სტილში მოღვაწე სხვა გრანდები.
დუეტი 2004 წლიდან არსებობს და დღეისთვის სამი სრული ალბომი აქვთ ჩაწერილი.
Teen Dream, ჩემი აზრით, საუკეთესო ალბომია, აქ უფრო მეტად ჩამოყალიბებულია საუნდიც, „Shoegazing” ატმოსფეროც და ვიქტორია ლეგრანიც გაცილებით სექსუალური ხმით ესაუბრება მსმენელს.
გადმოქაჩეთ, მოუსმინეთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ ამ ალბომის ადგილი სიაში ნამდვილად არის.


SUFJAN STEVENS / THE AGE OF ADZ

Sufjan Stevens მიჩიგანელი ინდი-ფოლკ მომღერალი და მულტიინსტრუმენტალისტია, რომელიც 1999 წლიდან მოღვაწეობს და დიდი წარმატებითაც. წელს მან კიდევ ერთი, რიგით მეათე ალბომი The Age of Adz გამოუშვა, თუმცა შეიძლება ითქვას, ოდნავ განსხვავებული. ამ ალბომში ემოციურ მრავალფეროვნებასთან ერთად, ელექტრონული მიმართულებაც ჭარბობს, რაც საბოლოო ჯამში საუნდს ფსიქოდელიურს ხდის და მეტად ექსპერიმენტულია. ალბომის ყდად გამოყენებულია ამერიკელი არტისტის, როიალ რობერთსონის (1936-1997) ნახატი.
The Age Of Adz-ს მსმენელი არაერთხელ დაუბრუნდება.
 

Deerhunter /Halcyon Digest

Deerhunter-მა წარმატებულ ალბომთა სერიას, წელს კიდევ ახალი ჩანაწერი შემატა.  სექტემბერში გამოსული Halcyon Digest-ი მანამდე გამოსული სამი ალბომის ლოგიკური გაგრძელებაა, რომლებსაც ქება-დიდება არ აკლდა ავტორიტეტულ მუსიკალურ პრესაში.

დისკზე 11 თრექია და სუსტი რგოლის დასახელება გაგვიჭირდება, გამორჩეული კომპოზიციები ბევრად მეტია. მაგალითად – Helicopter, Revival, Desire Lines, Don’t cry  და ასე შემდეგ.
 
ჯგუფის ფრონტმენი, ბრედფორდ კოქსი, როგორც ჩანს, ავადმყოფობას (ის მარფანის სინდრომით არის დაავადებული) არ ეპუება და ორმაგი ძალებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ კი წარმატება უნდა ვუსურვოთ, რადგან ის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, ალბომი Halcyon Digest-ი კი – წლის ერთ-ერთი უძლიერესი ჩანაწერი.


How To Dress Well / Love Remains

სექტემბერში გერმანელი მუსიკოსის, Tom Krell-ის  (იგივე How To Dress Well) ალბომი Love Remains გამოვიდა. ალბომის გამოცემამდე მუსიკოსი სინგლებს უშვებდა და ეს ფაქტობრივად ცალ-ცალკე დაფანტული თრექების კრებულია, რომელიც სავსეა R&B / Soul-ის ელემენტებით, თუმცა ეს ჩანაწერი იმით არის განსაკუთრებული, რომ  მუსიკოსმა ყველაფერი lo-fi / Dream Pop ატმოსფეროში გამოჭედა.

შედეგად მივიღეთ საკმაოდ პრეტენზიული, თუმცა კი, ჩემი აზრით, მომავლის პოპ-მუსიკა. ეს ალბომი ერთ-ერთი უნიკალურია 2010 წლის ნამუშევრებიდან.


Grinderman / Grinderman 2

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა, ნიკ ქეივმა, რომელსაც ქართველი მელომანების წრეში არცთუ ისე ცოტა მსმენელი ჰყავს, თაყვანისმცემლებს არ უღალატა და პროექტ Grinderman-ის ფარგლებში რიგით მეორე ალბომი გამოსცა.

ალბომში ცხრა კომპოზიციაა – მეტად სიღრმისეული და რბილი, ვიდრე წინამორბედი ნამუშევარი.

კლასიკური ქეივის გარდა, ის ასევე გვიანი სამოციანების და სამოცდაათიანების ატმოსფეროს მოყვარულთათვისაა რეკომენდებული. ალბომის საკვანძო თრექი ალბათ მაინც Bellringer Blues-ს შეგვიძლია ვუწოდოთ.


Gorillaz / Plastic Beach4

ეს უკვე საკმაოდ ცნობილი პროექტი, რომელიც დეიმონ ალბარნის (Blur) მიერ ჩამოყალიბდა, 2010 წელს ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს უშვებს.

Plastic Beach მათ დისკოგრაფიაში რიგით მესამე ნამუშევარია, რომელიც მათივე განცხადებით, ბოლო უნდა იყოს.

ალბომში შეხვდებით ჰიპ-ჰოპს, თრიფ-ჰოპს, ელექტრონიკას, ალტროკს და საბოლოო ჯამში არ დაიღლებით, რადგან ყველაფერი არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს.

ალბომზე ბევრი მოწვეული მუსიკოსიც მუშაობდა, მათ შორის ლეგენდარული ლუ რიდიც, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება.


Gil Scott Heron /  I’m New Here

Gil Scott Heron ლეგენდარული ამერიკელი ჯაზშემსრულებელია, რომელსაც მუსიკის ფონზე მშვიდად მოსაუბრე ადამიანი უფრო შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე ვოკალისტი. თუმცა ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არ არსებობს.

იგი, 1994 წლის შემდეგ პირველად, 2010 წელს დაბრუნდა  დისკი-შედევრით, რომელსაც I’m New Here ეწოდება და ეჭვგარეშეა, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

ჰერონის ეს ალბომი ერთგვარი აღსარებასავითაა, მომნუსხველი მუსიკის ფონზე ის გვახედებს თავისი სულის ყველაზე ბნელ კუთხე-კუნჭულებში და ამას აკეთებს ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე. 

დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც, ეს სულ ახალი ჰერონია და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ამიერიდან ხანგრძლივი პაუზები აღარ ექნება.

Me And The Devil ალბათ ყველაზე მძლავრი კომპოზიციაა ალბომში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო და ტექსტი, რომელიც ერთხელ მოსმენის შემდეგაც კი ხშირად ამოუტივტივდება ადამიანს. 

 

კომენტარები