ქალები მოსაწყენი სექსის ზღვარზე

"შეერთებული შტატების აგენტი, ფანატი ფემინისტი, მუსლიმების თაყვანისმცემელი, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი, ფრიგიდული და საბედისწეროდ შეყვარებული, განა ძალუძს ადამიანს ეს ყველაფერი ერთდროულად იყოს?” – ეს თითქოსდა რიტორიკული შეკითხვა გულანთებულ ფემინისტს, ანა არდინს ეკუთვნის, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე ჟურნალისტიკის თვითაღიარებული ჯეიმს ბონდის – ჯულიან ასანჟის “მსხვერპლად” წარდგა. ანა ერთ-ერთია იმ ორ მეგობარ ქალთაგან, რომლებიც ახალგამომცხვარ კერპს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და პარალელურად ასანჟის განრისხებულ თაყვანისმცემლებს იგერიებენ.

არდინმა ჰაკერი სტოკჰოლმში Wikileaks-ის პოპულარიზაციის მიზნით მიიწვია. თუმცა სტუმრისა და მასპინძლის საქმიანი ურთიერთობა სექსით დამთავრდა, უფრო სწორად ასანჟსა და მასპინძლის მეგობარ ქალბატონს შორის სექსით – ანა არდინმა შეიტყო, რომ ჰაკერი არა მხოლოდ მასთან, არამედ მის მეგობართანაც “ერთობოდა”. ბევრის მტკიცებით, გულგატეხილმა ქალებმა ასანჟის წინააღმდეგ პირი შეკრეს და შურისძიებაზე ფიქრი დაიწყეს. ამასვე მიგვანიშნებს თავად არდინის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული “პასაჟები” შურისძიების შესახებ.

“ფემინიზმს ამოფარებული ქალები, სინამდვილეში, პერსონალურ იარებს იშუშებენ”, – გაკიცხა ისინი ამერიკელმა ფემინისტმა, ნაომი უოლფმა. მასთან ერთად ეჭვი “გაუპატიურებული” ქალების მოტივაციაში ბევრმა შეიტანა.  

არდინი არ მალავს, რომ ასანჟს სექსზე თავად დათანხმდა. მაგრამ, მას არ ესიამოვნა ერთი ის, რომ ჰაკერმა ხელები დაუჭირა და ზემოდან დააწვა იმისათვის, რომ “თავისი გაეტანა”, მეორე – სქესობრივი აქტი წამოიწყო მაშინ, როდესაც ქალს ეძინა, თანაც “მოძალადეს” პრეზერვატივი არ გახსენებია. მეორე ქალბატონსაც მსგავსი პრეტენზიები აქვს. “მათი სექსი თანხმობით დაიწყო და ძალადობაში გადაიზარდა”, – განაცხადა შვედი ქალების ადვოკატმა.

დაუჯერებელი სულაც არ არის, რომ ქალებს შურისძიება ამოძრავებდათ. მართლაც, შესაძლოა, ასანჟთან გატარებული ღამე ანა არდინს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩენოდა, თავი შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნო. მაგრამ რას იზამ? – შვედეთის კანონმდებლობით, სქესობრივი აქტის რომელ ეტაპზეც არ უნდა თქვას ქალმა უარი გაგრძელებაზე, მამაკაცი უნდა დამორჩილდეს – ყველა სხვა შემთხვევაში გაუპატიურებად ჩაეთვლება.

“ის, რომ ამერიკული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალის სათანადო დაცვას, ეროვნული სირცხვილია, – განაცხადა ჯესიკა ვალენტიმ, ამერიკელმა ფემინისტმა და feministing.com-ის დამფუძნებელმა Washington Post-ის ფურცლებზე რამდენიმე დღის წინ, – ჩვენ შვედური კანონმდებლობა ამერიკული კანონმდებლობის პოტენციურ მოდელად უნდა განვიხილოთ”.

მანამდე, სანამ ამერიკელი ფემინისტები თავიანთი შვედი თანამოაზრეების გამარჯვებას ეზიარებიან და ამერიკელ ქალებს მამაკაცებზე “შურისძიების მექანიზმებს” შესთავაზებენ, მიმოვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ფემინიზმი და რით ხსნიან ფემინისტები სექსის რეგულირების აუცილებლობას.

ძალიან ზოგადი განმარტებით, იყო ფემინისტი, ნიშნავს სწუხდე იმაზე, რომ ქალები სქესის გამო იჩაგრებიან, მიზნად ისახავდე ჩაგვრის, იგივე სექსიზმის, აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის დამყარებას. ერთი შეხედვით, კეთილი და ცხადი მიზანია – შეიძლება ფემინისტობაც კი მოგანდომოს. მაგრამ საკმარისია დასვა კითხვა, თუ რას ნიშნავს ან რაში გამოიხატება სექსიზმი, როგორ უნდა ებრძოლო მას, სად მთავრდება ბრძოლა, სახლის კართან თუ გულის ფიცართან, რას ნიშნავს თანასწორობა – ფემინისტებისგან იმდენ ურთიერთგამომრიცხავ პასუხს მიიღებ, რომ მოჩვენებითი სიცხადე შარშანდელი თოვლივით გაქრება და თან ენთუზიაზმიც შეიძლება გაიყოლოს. ამიტომაც ამბობენ, რომ თანამედროვე ფემინიზმი თანხმობაზე მეტად, უთანხმოების შესახებაა. არადა, თავის დროზე ყველაფერი, სამართლიანი და მკაფიო მოთხოვნით დაიწყო.

ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ, უკვე საუკუნეებია, გვესმის და თავისუფლად შეგვიძლია ვიკითხოთ – მაგალითად, იყო თუ არა პლატონი ფემინისტი, რადგან ის მიიჩნევდა, რომ „ქალებმა უნდა ისწავლონ, რათა მართონ” (რესპუბლიკა, წიგნი V)? ან იყო თუ არა ფემინისტი შოთა რუსთაველი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეფე მეფეა, იმის მიუხედავად კაცია ის, თუ ქალი? ბევრი მიიჩნევს, რომ პოეტი ამ კარგად ნაცნობი აფორიზმით, არა ქალის როლის ამაღლებას, არამედ მეფის მნიშვნელობის ხაზგასმას ახდენს. თუმცა, ასეც რომ იყოს, „ვეფხისტყაოსანში” ქალის სახით იმდენი მკვეთრი და აქტიური პერსონაჟია წარმოდგენილი, რომ რუსთაველის ფემინისტობის შესახებ კითხვა აზრს სულაც არ კარგავს.

სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მიხედვით, თანამედროვე ფემინიზმი ორ მტკიცებას ეყრდნობა. ერთი აღწერილობითი ხასიათისაა, მეორე ნორმატიული. პირველი მდგომარეობას აღწერს – ქალებს სქესის გამო ჩაგრავენ; ხოლო მეორე – მოქმედებას ისახავს მიზნად – გენდერული ჩაგვრა უნდა აღმოიფხვრას. სწორედ ამ ფორმულის გამო, ის ინტელექტუალურის გარდა, პოლიტიკური მოძრაობაცაა.

ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, ანუ გენდერული თანასწორობისთვის ორგანიზებული ბრძოლა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო აშშ-სა და ევროპაში. ქალს და მამაკაცს ერთნაირი პოლიტიკური და იურიდიული უფლებები აქვთ, – ამტკიცებდნენ ქალები და განსაკუთრებული ჟინით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოითხოვდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ხმის უფლება მათ დისკრიმინაციას ბოლოს მოუღებდა.

ამ პროცესს ფემინიზმის პირველ ტალღად მოიხსენიებენ, მაგრამ იტყვით თუ არა ამას, უმალვე წინააღმდეგობას შეხვდებით, რადგან ფემინისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათი მოძრაობის ტალღებად დაყოფა უსამართლობაა იმ სხვადასხვა რასის, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ქალების მიმართ, რომლებიც ე.წ. ტალღებს მიღმა იბრძოდნენ ქალთა უფლებებისათვის. “უსამართლობაა, ფემინიზმის მხოლოდ თეთრი ევროპელი ქალების ინიციატივად გასაღება”, – ამტკიცებენ ოპონენტები.

ე.წ. პირველი ტალღა შედეგიანი აღმოჩნდა. არჩევნებში მონაწილეობის ბედნიერება პირველად ახალ ზელანდიელ ქალებს ხვდათ წილად 1893 წელს. ამერიკელმა ქალებმა იგივე უფლება 1920 წელს მოიპოვეს. მოგვიანებით – 1928 წელს მათ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. საფრანგეთში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1944 წელს, იტალიაში კი – 1945 წელს მიიღეს.

კომიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ შვეიცარიაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა სულ რაღაც 40 წლის წინ, 1971 წლის თებერვალში მიეცათ. თუმცა, რამდენიმე კონსერვატიულ კანტონს ეს არ შეეხო. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიაა და ყოველ მეორე, მეტ-ნაკლებად საჭირბოროტო საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. და აი ასე, ზოგიერთ კანტონში ხალხის, ანუ მამაკაცების – რადგანაც ხმის უფლება ქალებს არ გააჩნდათ – უმრავლესობამ, მათი ცოლების, დედების, დებისა და ქალიშვილების არჩევნებში მონაწილეობა არ ისურვა. ამ კანტონებში ქალებმა ხმის უფლება მხოლოდ 1990 წელს მიიღეს, ისიც არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური ძალისხმევის შედეგად.

1960-იან წლებამდე გენდერული უთანასწორობა იშვიათად, ვინმეს რომ პოლიტიკურად საინტერესო ან მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნია. ამ დრომდე ქალისა და კაცის მეტისმეტად განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს საზოგადოება არ აპროტესტებდა  და თვლიდა, რომ ფუნქციათა დანაწილება ქალსა და კაცს შორის ბიოლოგიური კანონზომიერებით იყო ნაკარნახევი. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი თანასწორობა ამ დროისთვის განვითარებული მსოფლიოს დიდ ნაწილში უზრუნველყოფილი იყო და თუ ქალს, ბავშვების გაჩენა და დიასახლისობა არ სურდა, შეეძლო თავისი ძალისხმევა სხვაგან მიემართა.

სწორედ ამ პერიოდში, 1963 წელს გამოქვეყნდა ბეტი ფრიდანის წიგნი, სათაურით “The Feminine Mystique” (ქალური მისტიკა), სადაც ავტორი წუხს, რომ ბევრი ქალი უბედურია დედისა და დიასახლისის როლში და რომ მათი სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებების აღიარებამ, თანასწორობა ვერ დაამყარა. ბეტი ფრიდანის პუბლიკაციამ ააგორა ფემინიზმის ე.წ. მეორე ტალღა, იგივე “ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა”. მოძრაობის წევრები ადამიანების პირადი ცხოვრების რეგულირებას მოითხოვდნენ რადიკალური სოციალური ცვლილებების მისაღწევად. 70-იანი წლებიდან ფემინისტები ამტკიცებდნენ, რომ უთანასწორობას უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ვიდრე ეს მათ პირველტალღელ კოლეგებს ეგონათ და რომ ის ადამიანის ცნობიერებამდე აღწევს. შესაბამისად, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისას, ფოკუსირება უნდა მოხდეს ქალების ჩაგვრის პირად, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ასპექტებზე.

რადიკალი ფემინისტები მიიჩნევენ, რომ ოჯახის სტრუქტურაა ქალის “უბედურების” თავი და თავი, რადგან ის კაცის უპირატესობას უსვამს ხაზს. ისინი თვლიან, რომ ოჯახში პასუხისმგებლობის განაწილება, წესებით განსაზღვრული უნდა იყოს – კაცმა და ქალმა საქმე თანაბრად უნდა გაიყონ, ისე, რომ ამ უკანასკნელს დიასახლისობა არ მოუწიოს. თუ ქალს დიასახლისობა ურჩევნია, ე.ი. ის ვერ ხვდება, რომ ჩაგრავენ და შველას საჭიროებს.

რადიკალი ფემინისტების მოთხოვნებს, ოპონენტები სხვის ცხოვრებაში ჩარევად და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციად მიიჩნევენ. “ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა სრული სისულელეა. სინამდვილეში კაცები არიან დისკრიმინირებულნი. მათ ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, და ამას ვერავინ შეცვლის”, – განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო პოლიტიკის ვარსკვლავად აღიარებულმა ქალმა გოლდა მეიერმა რადიკალი ფემინისტების შესახებ 1972 წელს. 

70-იანი წლებისთვის დამახასიათებელმა რადიკალიზმმა, 90-იანი წლებიდან იკლო, ამ დროს პოპულარული გახდა ტერმინი პოსტფემინიზმი, იმ დატვირთვით, რომ ფემინისტებმა თავისას მიაღწიეს, და ახლა “ფემინიზმს მიღმა” იბრძვიან. ამავდროულად, ისედაც დაქსაქსული ფემინისტური მოძრაობის რადიკალური დივერსიფიკაცია დაიწყო, რამაც შეუძლებლად აქცია ფემინისტებს შორის საერთო აზრის გამონახვა. გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც გენდერულ განსხვავებას კი არ უარყოფენ, არამედ თავს იწონებენ იმით, რომ ქალები არიან და არა “აგრესიული კაცები”. ისინი მიიჩნევენ, რომ კაცზე სწორების აღება, ქალის კაცად წარმოჩენას ემსახურება და ამის წინააღმდეგნი არიან. გააქტიურდნენ ეკოფემინისტები, რომლებიც ქალსა და დედაბუნებას შორის მისტიკურ კავშირზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კაცების უდიერი დამოკიდებულება ქალებისა და გარემოს მიმართ ამითაა გამოწვეული. ფემინისტების ნაწილი უფრო შორს მიდის, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს საერთოდ უარყოფს და ქალებს მოუწოდებს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი და კაცი საერთოდ დაივიწყონ – ამის გამო მათ იქით ადანაშაულებენ სექსიზმში.

ფემინისტთა ნაირსახეობების და მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და მხოლოდ დაგვაბნევს. ერთი, რაც ცხადია – ფემინისტებმა ბევრი სიკეთის დანერგვას შეუწყვეს ხელი – იქნება ეს ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლება თუ გენდერული თანასწორობის სამართლებრივი აღიარება. ქალთა უფლებებისთვის მებრძოლებს, დღესაც აქვთ საფუძველი იბრძოდნენ, რადგან ბევრ კულტურაში ქაღალდზე აღიარებული უფლება არაფერს ნიშნავს და ქალს კვლავინდებურად ნივთივით ექცევიან – ძალით ათხოვებენ, იტაცებენ და აიძულებენ ოჯახი შექმნას მოძალადესთან, უშლიან მუშაობას, ცემენ, ექსპლუატაციას უწევენ. რასაკვირველია, მისასალმებელია, თუ ამ კულტურებში ქალებს ეცოდინებათ თავიანთი უფლებების შესახებ, ისწავლიან თავი როგორ დაიცვან ძალადობისგან, როგორ დაგეგმონ ოჯახი და ასე შემდეგ.

მაგრამ შვედეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ იგივე ფემინისტების აქტივობის შედეგად, ისეთი რეგულაციებიც მივიღეთ, რასაც ბევრი, არცთუ უსაფუძვლოდ, ქალის გათავისუფლებად კი არა, სქესით ბოროტად სარგებლობის უფლების აღიარებად მიიჩნევს. ვფიქრობ, ეს მამაკაცების გარდა, ქალებსაც აზარალებს. თავად წარმოიდგინეთ მდგომარეობა, სადაც სქესობრივი აქტის დროს წამოცდენილმა სიტყვამ “არა”, მამაკაცს შეიძლება ისე მოაკურცხლინოს, ვერც კი დაარწმუნო, რომ “არა” მხოლოდ შორისდებულის ფუნქციას ასრულებდა. რა იცის? ხომ შეიძლება, ორი კვირის შემდეგ გაწყენინოს და უადგილოდ წამოსროლილი “არა” მისთვის სასამართლო დავის საფუძველი გახდეს?

რადიკალური ფემინიზმი, როგორც წესი, განვითარებულ დემოკრატიებში ყვავის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ასანჟის ქართველ ფანებს კერპი გადაავიწყდებათ და დაიწყებენ კამათს იმაზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა ნებაყოფლობითი პენეტრაციის შემდეგ, ქალის მიერ სექსზე უარის თქმა გაუპატიურებად, ანუ უნდა დაუდგეს თუ არა სახელმწიფო დარაჯად ინტიმურ ურთიერთობას. მაგრამ, სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, ეგებ დავფიქრდეთ – მსგავსი შეზღუდვებით სექსს მოსაწყენს და მამრობით სქესს, კიდევ უფრო მოსაწყენს ხომ არ გავხდით?

კომენტარები