მიუნხენი 2008?

0 კომენტარი

 „ერთადერთი გაკვეთილი, რაც კაცობრიობამ ისტორიიდან ისწავლა, არის ის, რომ მან ვერ ისწავლა ვერანაირი გაკვეთილი”

ბერნარდ შოუ

 რუსეთთან  დამოკიდებულების შედარება 1930-იან წლებში ნაცისტური გერმანიის მიმართ გამომუშავებულ პოზიციასთან, დასავლურ პოლიტიკურ დისკურსში მკრეხელობადაა მიჩნეული. საქართველოს მეგობარი ლიდერების მიერ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მორიდებული, პარალელის გავლება მიუნხენის 1938 წლის კონფერენციასთან და იმდროინდელ „დაყვავების პოლიტიკასთან” დასავლეთ ევროპელთათვის, უკეთეს შემთხვევაში, ღიმილის მომგვრელია. გამონაკლისი მხოლოდ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გახლავთ, გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს. გავრცელებული აზრით, ნებისმიერი პარალელი უმართებულოა, რადგან მაშინდელი და დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკა ერთიმეორისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. მეორე მსოფლიო ომის მწარე გაკვეთილების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიჭურვა სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტების, ინსტიტუტებისა და ნორმების მთელი არსენალით, რათა არაფერი მსგავსი აღარ განმეორდეს. ეპოქებს შორის სხვაობა რომ უზარმაზარია, უდავოა. თუმცა არის კი ყველა ის დინება და ინსტინქტი, რომელმაც მშვიდობისადმი მაშინდელი სწრაფვა მსოფლიო ომის საფუძვლად აქცია, ნამდვილად გამქრალი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია თვალი გადავავლოთ თუ მაინც რა მოხდა 1938 წელს მიუნხენში. რატომ გადაწყვიტეს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა ცენტრალურ ევროპაში ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოს, ჩეხოსლოვაკიის, ჰიტლერის ხახაში ჩაგდება და რატომ შეუწყვეს ხელი მსოფლიო ომს მისი აღკვეთის ნაცვლად. 

1930-იან წლებში, განსაკუთრებით კი ვაიმარის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატია დღითი დღე კარგავდა პოპულარობას. ამ სიტუაციაში, როცა თვით ბრიტანეთშიც გაჩნდნენ ნაციზმის მხარდამჭერები, არადემოკრატიულ ცენტრალურ ევროპაში ჩეხოსლოვაკია წარმოადგენდა ნამდვილ დემოკრატიულ კუნძულს. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებდა არა მხოლოდ იმ დროის ყველა დემოკრატიასთან, არამედ სამხედრო ალიანსიც გააჩნდა საფრანგეთთან, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის ნაკვალევზე საკუთარ წარმოქმნას უმადლოდა.

1938 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყება სულაც არ ეჩვენებოდათ გადაწყვეტილ საქმედ. მართალია, უკვე აღარანაირ ეჭვს არ იწვევდა გერმანიის სათავეში მოქცეული ნაცისტური პარტიის რასისტული და ძალადობრივი ბუნება, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზე იყო სულ ოცი წლის წინ დასრულებული პირველი მსოფლიო ომის გაუგონარი მასშტაბის მსხვერპლისა და ნგრევის კვალი. თან ჯერ ჰიტლერი არც ერთ მეზობელს თავს არ დასხმოდა და არც ინდუსტრიული სიკვდილის მანქანა მოეყვანა მოქმედებაში. ლონდონის სხვადასხვა წრეებში ხშირად გაიგონებდით კითხვას „ვის სურს მოკვდეს შორეული ქვეყნისთვის, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით?”. ევროპელ ლიდერებსა და კომენტატორებს არც ჰიტლერის მიერ ეკონომიკასა და წესრიგის დამყარებაში მიღწეული წარმატებები გამოჰპარვიათ.

ჩეხოსლოვაკიისადმი დემოკრატიული ქვეყნების დამოკიდებულებას ფიურერი თავისი სამომავლო ამბიციებისთვის ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნევდა. მისდა გასაოცრად, გებელსის პროპაგანდის მიერ შეთხზული მითები და პროვოკაციები ბრიტანეთისა და საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრისა და მედიისთვის სულაც არ აღმოჩნდა თეთრი ძაფით ნაკერი. ერთი სიტყვით, ჰიტლერმა სწორად დაიჭირა ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავარი ინსტინქტი: გერმანიასთან დაპირისპირების თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად.

SD-ს და სხვა გერმანული სპეცსამსახურების მიერ დადგმული პროვოკაციები, „მოძალადე ჩეხების მიერ სუდეტელი გერმანელების დარბევის” ინსცენირებით, დაყვავების პოლიტიკის მომხრეთა ხელში სასურველ არგუმენტად იქცა. იმდენად მიმზიდველი იყო ჩეხების წინდაუხედაობის და არაცივილიზებული ქცევის თეორიის დაჯერება, რომ სულ მალე მოვლენათა სწორედ ამგვარი ინტერპრეტაცია ბრიტანულ პრესაში ნორმად იქცა. 1938 წლის ივნისში Times-ი პირველ გვერდზე წერდა: „ჩეხოსლოვაკიის გერმანელებს საშუალება უნდა მიეცეთ – პლებისციტით თუ სხვაგვარად – გამოეყონ ჩეხოსლოვაკიას და შეუერთდნენ რაიხს”.

ევროპის უაპელაციობით ფრთაშესხმულმა ჰიტლერმა შემდეგი ნაბიჯი უმალ გადადგა: სუდეტელი გერმანელების პარტიის ლიდერ კონრად ჰაინლაინს მისცა მკაფიო ინსტრუქცია წამოეყენებინა ისეთი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება ჩეხოსლოვაკიის და მისი პრეზიდენტის ედუარდ ბენეშის მხრიდან პრინციპში შეუძლებელი იქნებოდა. ჰიტლერის წარმოდგენით, რაც უნდა დამყოლი ყოფილიყო ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი სუდეტელი გერმანელების მოთხოვნათა მიმართ, რაღაც მომენტში წარმოიქმნებოდა კრიზისი, რომლის პიკზეც მოხდებოდა წინასწარ დადგმული ინციდენტი – ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის კაზუს ბელი (გერმანიის გენ. შტაბს უკვე შემუშავებული ჰქონდა ოპერაცია „გრუნი”). რაოდენ საოცარია, რომ ჰაინლაინი, რომელიც ჰიტლერს უშუალოდ ემორჩილებოდა, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებით დაკავებულ ბრიტანელ დიპლომატებს „ზომიერ, პატიოსან და საღად მოაზროვნე” ლიდერად მიაჩნდათ. ჩემბერლენის მრჩეველი რობერტ ვანსიტარტიც კი, რომელიც დაყვავების პოლიტიკის მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ჰაინლაინს ახასიათებდა, როგორც გულწრფელ ადამიანს, რომელიც არ ემხრობოდა სუდეტის ტერიტორიის რაიხში შესვლას. „მგონი ეს ადამიანი სულაც არ ცრუობს, როცა ამბობს, რომ სურს ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში დარჩენა”, წერდა იგი ლონდონს.

და მაინც, ჰიტლერს ბოლომდე არ სჯეროდა ჩეხოსლოვაკიის ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან გაწირვა და ომისთვის გამალებით ემზადებოდა. კრიზისმა კულმინაციას უკვე მაისში მიაღწია, მაგრამ ლონდონისა და პარიზის გაფრთხილებამ იგი განმუხტა. თუმცა, ამ კრიზისის დროსაც კი, როცა ბერლინის აგრესიული ზრახვები სრულიად აშკარა გახდა, ბერლინსა და პრაღაში მყოფმა ბრიტანეთის ატაშეებმა კრიზისის წარმოქმნისთვის მთელი პასუხისმგებლობა მომავალ მსხვერპლს დააკისრეს. „სულ ეჭვი მქონდა, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ხმაურიდან სარგებელს ნახულობდა, ჩეხები იყვნენ”, იგონებდა ბრიტანეთის სამხედრო ატაშე პრაღაში. ბერლინში მყოფი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მასონ მაკფარლენი კი ჩეხოსლოვაკიის გენერალურ შტაბს პირდაპირ ბრალს სდებდა გერმანული საფრთხის განზრახ გადაჭარბებაში.

როგორც ბრიტანეთის პრემიერის, ჩემბერლენის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იხსენებს: „[მთავრობის] სხდომაზე დაიხატა ისეთი სურათი, თითქოს, მოძალადე ჩეხოსლოვაკია კუთხეში იმწყვდევდა პატარა და მშვიდობისმოყვარე გერმანიას”. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთს მაინც მოუწია სამხედრო ხასიათის გაფრთხილების მიცემა ჰიტლერისთვის, რის შედეგად კრიზისი განიმუხტა კიდეც. მიუხედავად ამისა, ომით დაშინებული ჩემბერლენი ყველა გზას ეძებდა პოლიტიკური ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ამგვარმა „პოლიტიკურმა ნებამ” ყველა სხვა დეტალი გადაწონა. დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი წონის მქონე პოლიტიკოსი ემხრობოდა გერმანიის მიმართ რაიმე სერიოზულ დათმობას. ავსტრიის ჩაყლაპვის შემდეგ, მრავალი ბრიტანელი დიპლომატი იზიარებდა „ყველა გერმანელის ერთ სახელმწიფოში მოქცევის იდეას”.

დაყვავების პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და თავის დროის კარგ დიპლომატად მიჩნეული ბრიტანეთის ელჩი ბერლინში, ნევილ ჰენდერსონი, რეგულარულად იღებდა ინფორმაციას სუდეტელი გერმანელებისგან „ჩეხოსლოვაკური სისხლიანი რეპრესიების” თაობაზე. საოცრად სისტემატიზებული და გამართული ინფორმაცია მას პედანტურად და რეგულარულად მიეწოდებოდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ჰენდერსონი დინამიურად ჩაეწერა, როგორც ლენინი იტყოდა „სასარგებლო იდიოტთა” გრძელ სიაში და ღიად დაიწყო სიმპათიების დაფიქსირება სუდეტის გერმანული პროექტის მიმართ. მაგალითად, 1938 წელს ლორდ ჰალიფაქსისადმი გაგზავნილ დეპეშაში ის „სუდეტელი გერმანელების თვითგამორკვევის უფლების ლეგიტიმურობაზე” საუბრობდა. გერმანელ მაღალჩინოსნებთან საუბრისას კი მას ერთხელ წამოსცდა, ბრიტანეთი ერთ მეზღვაურსაც არ გასწირავს ჩეხოსლოვაკიისთვისო.

ჰიტლერის მხრიდან თანამიმდევრული შანტაჟისა და „სასარგებლო იდიოტთა” აქტივობის სინთეზმა შედეგი მალე გამოიღო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა თანახმად, ბრიტანელთა 70%-მა მხარი დაუჭირა პრემიერ ჩემბერლენის გერმანიაში გამგზავრებას ჰიტლერთან შესახვედრად. საბოლოოდ, „მშვიდობის სანაცვლოდ” ჩეხოსლოვაკიის დანაწევრების ჩემბერლენის მიერ წამოწყებულმა და დალადიეს მიერ ატაცებულმა იდეამ ლამის მესიანისტური ელფერი შეიძინა. ერთადერთი, ვინც ვიზიტი საჯაროდ დაგმო, უინსტონ ჩერჩილი იყო. „ეს ყველაზე ბრიყვული რამაა, რაც ვინმეს ოდესმე ჩაუდენია”, აღმოხდა მას.

დაყვავების პოლიტიკის და ჩეხოსლოვაკიის გაწირვის გამართლების ქიმერებით შეპყრობილ ევროპელ დიპლომატთა მიერ შექმნილი წარმოსახვითი სამყაროს მასშტაბები გასაოცარია: „ჩეხები ღორისთავიანი ხალხია და ბენეში ყველაზე ნაკლებად ღორისთავიანია მათ შორის”, წერდა ჰენდერსონი.

დღეს ევროპაში ბევრს აღარ ახსოვს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, პოლონეთზე თავდასხმას, ვარშავის აჯანყებას, გაზის კამერებსა და დაბომბილ ლონდონს წინ უძღოდა მიუნხენში რუკაზე მომზირალი ჩემბერლენის, მუსოლინის, დალადიესა და ჰიტლერის კოლექტიური სურათი – „ღირსეული მშვიდობა”, როგორც ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა ხმამაღლა განაცხადა.

 

2008 წლის ქართულ-რუსული მოვლენების და ამ ისტორიული ექსკურსის ფონზე, ლეგიტიმურია კითხვა – ნუთუ ბერნარდ შოუ მართალი იყო?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები