ნამდვილი ზღაპარი

ერთადერთი გზა, რომლის მანქანით გავლაც მიყვარს – სამეგრელო-სვანეთის გზაა. გადასახვევიდან – წარწერით “მესტია 135კმ”-ით – ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალი თავგადასავალი იწყება. თავიდან გზა ხეივანში მიდის, თუ კარგი ამინდია, წინ აუცილებლად მოჩანს მონაცრისფრო, წამოყუდებული მთების მასივი და უკვე იცი, რომ მალე ამ ყველაფერს ახლოდან ნახავ. ენგურზე, ჰესთან აუცილებლად ვჩერდები – გრანდიოზული და საინტერესოა, მომრგვალებული ფორმის და თურმე წყლის მასის შესაბამისი დრეკადობით.

ყოველთვის ვიყურები შორს ენგურის კედლის იქით და ბავშვური გულწრფელობით მინდა ერთი ადამიანი მაინც დავინახო, ვინც იქ მუშაობს. სულ მაინტერესებს რა ხდება კედლის მიღმა, როგორ ცხოვრობენ, მუშაობენ, უყვართ...

ვცდილობ, მესტიამდე გზა დაბნელებამდე გავიარო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვნახო. ყოველ მე-11 კმ-ზე ბუნება რადიკალურად იცვლება და ეს ისეთი ცოცხალი პროცესია, თითქოს ეკრანზე ხდება, საგანგებოდ შერჩეული კადრების მონაცვლეობით. გაშლილი მთების ლანდშაფტი რაღაც მოსახვევში უცებ იხურება და ვიწრო კლდოვანი ხეობა ენგურის სტიქიური ხმაურით გაცილებს.

ხაიშთან გზა შედარებით დანგრეულია, აქ ხუდონ-ჰესის მშენებლობა ოცი წლის წინ დაიწყეს. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბუნებას ვაფუჭებთ, ჰესის გამო მომატებული ტენიანობა გარემოს დააზიანებსო, ვიხმაურეთ – მშენებლობა შევაჩერეთ. ოცი წლის შემდეგ ხელახალი კვლევების საფუძველზე გავიგეთ, რომ წყალსაცავების მშენებლობა დადებითი მოვლენაა, ადამიანის ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანი პროცესი.

დახურულ ხეობაში ფოთლოვანი ტყის გზაზე მოსახვევში შესვლამდე შორიდან მდინარის ხმა ისმის. მოახლოებულ ხმასთან ერთად სიცივის და სისუფთავის განცდა მოაქვს მდინარე ნენსკრას. ეს ადგილი, სულ ვფიქრობდი, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ და სუფთა ადგილად ითვლება. ბევრი ძიების მიუხედავად, დამადასტურებელ წყაროს ვერ მივაკვლიე. უბრალოდ გამწვანებულ ხეობაში მდინარეა უცნაურად თეთრი და გამჭვირვალე, ეს ასოციაციაც ეტყობა აქედან მოდის.

ნენსკრას სითეთრეს „შავი ღელეს” ექსტრემალური გზა ცვლის, წვიმის დროს ჩამოშლილი ფერდი 25 წთ-ში ერთხელ გზას კეტავს, მაგრამ არასოდეს გეშინია, ზუსტად იცი, რომ მარტო არ იქნები – Kamazo-ს კეთილი და მოქნილი ტრაქტორები გზას მუდმივად ასუფთავებენ.

ნამიანი, შავი ფიქალი მაინც საშიშად ბზინავს. მზეში ჩამქრალი და განაცრისფერებული არასოდეს გაფიქრებინებს, რომ შეიძლება „შავი” ერქვას ან საფრთხილო იყოს, მე უბრალოდ სულ ვცნობ და მაინც ვერიდები.

ღელედან 8 კმ-ში იწყება მიყოლებით დასახლებული სოფლები, გზადაგზა ითვლი კოშკებს და უძველეს სალოცავებს, სადაც უძველესი ოთხთავები და სხვა უნიკალური საგანძური საუკუნეების მანძილზე ინახებოდა.

რაც უფრო ზემოთ ავდივართ, საგანძურების ღირებულება მატულობს. აქ ყველაფერი უფრო დაცული იყო, მტერი კი ნაკლებად, ან თითქმის ვერ აღწევდა. დღეს, მესტიისკენ მიმავალი ბეტონის გზა და კომფორტული მგზავრობა წამითაც არ უშლის ხელს, ამ კუთხის თვითმყოფადობის და ხელშეუხებელი ბუნების აღქმას. მგზავრობის ხანგრძლივობა ყოველ ჯერზე მცირდება და დაღლა სულ უფრო ნაკლებად იგრძნობა.

ეცერთან ლანდშაფტი ისევ იშლება, აქ სვანეთის ყველაზე მაღალი კოშკი დგას. ლამაზად მიფენილ სოფელს, გარშემო სათხილამუროდ უნიკალური ფერდობები აქვს, როგორც ამბობენ – ეს ერთ-ერთი სასწაულია.

თუ ბეჩოს მზის ჩასვლისთვის მიადგებით, არ დაიზაროთ – ჩასახვევიდან 100 მეტრში მჟავე წყალია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ და ახედოთ პირველ სასწაულს, რომელიც სვანეთს მცველივით ადგას – უშბა! სვანეთის სიამაყე და მრავალი მთამსვლელის ვნება. უშბაზე ნამყოფ ადამიანს განსაკუთრებული  მოწიწებით მოიხსენიებენ, როგორც ვაჟკაცობისა და სიძლიერის სიმბოლოს.

მიშა ხერგიანი თავისი ცხოვრების მანძილზე არაერთ მწვერვალზე ასულა, მაგრამ მისი მარშრუტი, უშბის სარკეზე, დღემდე ლეგენდად რჩება. 50-იან წლებში უშბაზე ექსპედიცია, ცნობილმა ბრიტანელმა ალპინისტმა სერ ჯო ჰანტმა ევერესტზე ასვლის წინ მოაწყო. უშბის მარშრუტების სირთულე მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაშია შესული.

მესტიამდე 12 კმ-ში ლატალია, სვანები ამ ადგილს პარიზს ეძახიან, აქ გამორჩეულად ლამაზი ადამიანები და კოშკების დახვეწილი არქიტექტურაა.

მესტია თავისი მდებარეობით განსაკუთრებულია. თეთნულდი, რომელსაც მთის ხალხი დედოფალს ეძახის, მესტიის ყველა წერტილიდან ჩანს, ცოტა სიმაღლეზე თუ ახვალ, ხელის გულზე იშლება პანორამა: უშბის, თეთნულდი, შხარა, იქვე ლაჰილია, ტვიბერის მყინვარი, მულახის ხეობა.

მესტიის ზემოთ, უშგულის გზაზე, ახალ და განსხვავებულ პეიზაჟს მიადგები, არასოდეს დაგეზაროთ სვანეთში ფეხით გასეირნება, ყოველი მოსახვევის გავლისას თქვენ წინ ახალი და საოცარი სურათი გაიხსნება.

ამბობენ უშგული ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში დასახლებული ადგილიაო, მე არ ვიცი რამდენად არის უშგული ევროპა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნამდვილი ზღაპარია. უნიკალურ ბუნებაში მგზავრობის რეალობიდან პირდაპირ მე-12 საუკუნეში მოხვდებით.

თამარ მეფის ზამთრის რეზიდენციასთან დიდი გახვრეტილი ქვა ზუსტად ისევე დგას, როგორც თამარის დროს. უშგულის ნებისმიერი მკვიდრი ამ ქვაზე მიგანიშნებთ და გეტყვით: „აქ თამარი ცხენსა აბამდა...”.

სვანეთის ქედსა და შხარას შორის მოქცეული უშგული „ლამარიას”, იგივე წმ. მარიას სალოცავს შხარის ფონზე გაჰყურებს. აქ ნებისმიერ ოჯახში, როგორც ძალიან ახლობელს ისე მიგიღებენ და გიმასპინძლებენ, ეს ის ადგილია, სადაც ერთხელ თუ ჩახვალ – უკან აუცილებლად კიდევ ბევრჯერ დაბრუნდები.

თვითმფრინავით მგზავრობა მანძილს 50 წთ-ში ატევს. იფრინეთ სვანეთში, მაგრამ ერთხელ მაინც გაიარეთ გზა, რომელიც კარგი წიგნის წაკითხვის, სასიამოვნო მუსიკის მოსმენის და ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციის დათვალიერებაა. უნდა ნახო და განიცადო – ეს ხომ ნამდვილი სიმდიდრეა.

კომენტარები