შესანიშნავი შვიდეული

„სად არის იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ შიდსი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის გამოგონებაა? სად არის ობამას დაბადების მოწმობა? რას იტყვით სხვა ასობით მემარცხენულ ტყუილზე, რომელიც წლების განმავლობაში გვესმის? განა Wikileaks-ი სიმართლეს მალავს და ამერიკას იცავს?”  –  თუ ამ შეკითხვებს ამერიკის ყველაზე პოპულარული რადიოწამყვანის ჩახლეჩიხლი ხმით მოისმენთ, პასუხის ძებნის სურვილი არ გაგიჩნდებათ. რაშ ლიმბოს კითხვები იმისთვის არაა, რომ უპასუხოთ. ლიმბო კითხვებით ადანაშაულებს, კიცხავს, ამარცხებს, ანადგურებს.

სულ ბოლოს Wikileaks-მა, იქამდე 24-საათიანმა ახალმა ამბებმა, ადვილად მისაწვდომმა ინტერნეტმა ოფისებში, კაფეებში, პარკებსა და, რაც მთავარია, მობილურ ტელეფონებში, ფოტო და აუდიოჩამწერებმა იმავე ტელეფონებში და სოციალურმა ქსელმა  ყველგან  ჩვენ გარშემო,  შეიძლება  შეცვალა თანამედროვე წარმოდგენები ჟურნალისტიკაზე, მაგრამ ჯერჯერობით დიდად არ შეუცვლია იმ ადამიანების ნუსხა, ვისაც საკუთარი გამომეტყველებით, ხმით თუ დაწერილი სიტყვით ამერიკაში    მასების მონუსხვა და გავლენის მოპოვება შეუძლია. 

ჟურნალმა Newsweek-მა 2010 წლის ყველაზე გავლენიანი 50 პოლიტიკური ფიგურის, ძალაუფლების გარშემო მყოფი და ძალაუფლებით გამდიდრებული ადამიანების სია გამოაქვეყნა. Power 50-ის პირველი ათეული,  ვისაც ყველაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა 2010 წელს, ვინც საკუთარი  გავლენით  დიდ ფულს აკეთებს და დიდი ფული მათ გავლენას აძლიერებს, ასე გამოიყურება: 

რაშ ლიმბო – Talk Show-ს წამყვანი – 58,7  მილიონი

გლენ ბეკი – Talk Show-ს წამყვანი – 33 მილიონი

შონ ჰანიტი – Talk Show-ს წამყვანი –  22 მილიონი

ბილ ო’რეილი – Talk Show-ს წამყვანი – 20 მილიონი

ჯონ სტიუარტი – Talk Show-ს  წამყვანი – 15 მილიონი

სარა პეილინი – ყოფილი გუბერნატორი – 14 მილიონი

დონ აიმუსი – Talk Show-ს წამყვანი – 11 მილიონი

ბილ კლინტონი – ყოფილი პრეზიდენტი – 7,7 

კიტ  ოლბერმანი – Talk Show-ს  წამყვანი – 7,5 მილიონი

რუდი ჯულიანი – ყოფილი მერი – 7 მილიონი და ა.შ. 

პირველი, რაც საწყის ათეულში თვალში მოგხვდებათ, შესანიშნავი შვიდეულია: თანამედროვე ამერიკული მედიის ტიტანები, მრავალმილიონიანი მსმენელ-მაყურებლის მქონე მულტიმილიონერი  Talk Show-ს წამყვანები.

მეორე, ასევე თვალშისაცემი ისაა, რომ შვიდიდან პირველი ოთხი მემარჯვენეა. თუ სიტყვას ცოტა შევათამაშებთ (right), შეგვიძლია მართალნი ვუწოდოთ. კონსერვატიული მოძრაობის ბეჰემოტები, ზვიგენები, გნებავთ სპილოები. ერთხელ ამ ოთხეულს 4 მუშკეტერიც უწოდეს: რაშ ლიმბო, გლენ ბეკი, შონ ჰანიტი, ბილ ო’რეილი. შვიდეულის ბოლო სამეული: ჯონ სტიუარტი ლიბერალების და ზომიერების გმირია, მემარცხენე კოვბოია დონ აიმუსი და ულტრალიბერალი შეშლილი (ასე მას მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა უწოდა) კიტ ოლბერმანი.

მესამე, დიდი დაკვირვება რომ არ სჭირდება, ეს რაშ ლიმბოს უდავო ლიდერობაა 58, 7 მილიონი შემოსავლით 2010 წელს.

ერთხელ ლიმბოს ჰკითხეს, საჯარო სამსახურში რატომ არ წახვალ ან კენჭს რატომ არ იყრიო. გულწრფელად უპასუხა, რომ რთული იქნებოდა ანაზღურების შემცირებასთან შეგუება. მისი  წლიური შემოსავალი ხომ, ერთად აღებული ყველა სენატორის და კიდევ ათობით კონგრესმენის წლიურ ხელფასზე მეტია. ამბობს, რომ რაც უფრო შორს არის ვაშინგტონიდან, მით უფრო წარმატებულია. ფლორიდაში, ოკეანის პირას, პალმ ბიჩზე, როგორც მისი ბიოგრაფი ამბობს, ფაშასავით ცხოვრობს. 4 შენობა სტუმრებისთვის აქვს, მეხუთე სასახლეში თავად მეოთხე მეუღლესთან და კატასთან ერთადაა.

 ამ ზაფხულს ლიმბოს ქორწინების საგაზეთო სათაურებში სერ ელტონ ჯონიც მოხვდა: ქორწილში მღეროდა. 

ახლახან ლიმბომაც იმღერა: FOX-ის ანიმაციურ სერიალში „ოჯახის კაცი” („Family guy” ) ნახატი ლიმბო რესპუბლიკელების სამოთხეს უმღეროდა, სადაც „ერთ და მართალ ღმერთს ლოცულობენ და ბავშვები პიჯაკებსა და ჰალსტუხებში იბადებიან” ქვეყნის პატრიოტებად. სერიის ბოლოს არწივად გადაიქცა, ლაჟვარდებში შეინავარდა. 

 არ უარყოფს, რომ სიმღერისთვის არც ხმა აქვს, არც სმენა და საერთოდაც ყრუა. საბოლოოდ 2000 წელს დაყრუვდა და 2 თვე დასჭირდა ოპერაციას და იმპლანტებს, საკუთარი მსმენელების სატელეფონო ზარები ისევ რომ მოესმინა. 

მსმენელი კი მთელ ამერიკაში ყველაზე მეტი ჰყავს. მის გადაცემას 650 რადიო გადასცემს და ყოველკვირეულად 15-დან 20 მილიონამდე ადამიანი უსმენს. მათ „დიტოჰედები”– კვერის დამკვრელები შეარქვა. თაყვანისმცემლები გაფრთხილებული ჰყავს: როდესაც დარეკავენ,  ქება კი არ დაუწყონ, პირდაპირ უთხრან: ditto-გეთანხმები.

 არც ის არის პრობლემა, თუ ვინმე არა თანხმობის, არამედ პროტესტის  გამოსათქმელად რეკავს: მტვერსასრუტის ხმა და ქალის კივილი – ეს ჩახშობის საუკეთესო საშუალებაა: რაშ ლიმბოს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა დიდად არ უყვარს და ასეთ ზარებს მტვერსასრუტით და ქალის კივილით აჩერებს...

ასე გრძელდება უკვე 22 წელია. 

რაშ ჰადსონ ლიმბო მესამე 1951 წელს დაიბადა მისურიში, სადაც დღეს მისი სახლი ტურისტულ ტურში შედის. სკოლაში ცუდად სწავლობდა. იყო ბოისკაუტიც და არც ერთი ბოისკაუტური ჯილდო არ მიუღია. რადიოში 16 წლის მოხვდა, მამისგან ნასესხები ფულით რადიო-საინჟინრო კურსებზე მივიდა ადგილობრივ რადიოსადგურში და მალე სამაუწყებლო ლიცენზია მოიპოვა. პიტსბურგში მუსიკალური დიჯეი გახდა, ჯეფ ქრისტის ფსევდონიმით 40 საუკეთესოთა შორისაც მოხვდა. პოლიტიკით კი პირველად კალიფორნიაში, საკრამენტოს რადიოში დაინტერესდა: იქ შექმნა  პოლიტიკურად არაკორექტული პერსონაჟი ელ რაშბო. ელ რაშბო საკრამენტოდან ნიუ იორკის რადიოში გადავიდა და ნაციონალური მაუწყებლობა დაიწყო. 

ელ რაშბოსთვის იდეალური პოლიტიკური პლატფორმა 17-პროცენტიან მოჭრილ გადასახადს, განკერძოებულ სოციალურ დაზღვევას, არქტიკაზე ნავთობის მოპოვებასა და ჯიმი კარტერის პასპორტის გაუქმებას ნიშნავს.  

2008 წელს არჩევნებში „ოპერაცია ქაოსის”  წარმოება სცადა; საკუთარ შოუში ყოველდღე  მოუწოდებდა რესპუბლიკელებს დემოკრატიულ პრაიმერებში მიეღოთ მონაწილეობა და ხმა ჰილარი კლინტონისთვის მიეცათ: კლინტონ-ობამას დამღლელი წინასაარჩევნო მარათონის შენარჩუნება სურდა.  

წინასაარჩევნოდ მის გადაცემაში გაშვებულ სიმღერას „ბარაკი, მაგიური  ზანგი’’ (Barack the Magic Negro) დიდი ხმაური მოჰყვა. ლიმბომ თავი დაიცვა, მაგიური ზანგი ისტორიულ-არქეტიპული ტერმინია და აშშ-ის კულტურაში ყოვლისშემძლე შავკანიანის მითის ნაწილი, რომელიც თეთრკანიანებმა საკუთარი დანაშაულის გრძნობის შესამცირებლად შექმნესო.

რასისა და რასიზმის თემაზე ლიმბოს შეუძლია კითხვა ასე მოატრიალოს: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოკითხული შავკანიანების 91 პროცენტი და გამოკითხული თეთრების 36 პროცენტი პრეზიდენტ ობამას საქმიანობას დადებითად აფასებს. ვინ არის რასისტი, 91 პროცენტი თუ 36 პროცენტი? პასუხის ძებნას ისევ ნუ დაიწყებთ. 

პრეზიდენტის დაბადების მოწმობა, მისი დამოკიდებულება ამერიკისადმი და დემოკრატების თითქმის სოციალისტური ლიბერალიზმი ლიმბოს საყვარელი თემებია. 2009 წლის ბოლოს პირდაპირ ეთერში ნათქვამ მის სიტყვებს, რომ ობამას მარცხის იმედი ჰქონდა, დიდი მითქმა-მოთქმა და გამკიცხავი კომენტარების ზღვა მოჰყვა. 

ნოემბრის არჩევნების შემდეგ ობამას დამარცხებას ახალი გეგმით ცდილობს: რესპუბლიკელებს კონგრესში თითო კვირაში თითო კანონი უნდა შეატანინოს გასაუქმებლად. 

ზომიერები არ უყვარს, სენატორ მაკკეინს ყალბ კონსერვატორს უწოდებს. რეალური კონსერვატიზმი იგებს ყოველთვის, როდესაც ცდილობს, – ამბობს რაშ ლიმბო; რეალური კონსერვატიზმი მისთვის რეიგანიზმია. „ძვირფასო რაშ, დიდი მადლობა იმისთვის, რასაც კონსერვატიული იდეების მხარდაჭერისა და გავრცელებისთვის აკეთებ”, წლების წინ პირადი წერილი თავად  რონი რეიგანისგან მიიღო. 

ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონსერვატორს,  უილიამ  ბაკლისაც განსაკუთრებულ პატივს სცემს. ერთხელ მასთან სახლში იყო მიწვეული და თქვა: დედამიწაზე ღმერთთან ყველაზე უფრო მიახლოება, შესაძლებელი უილიამ ბაკლის სახლშიაო. 

მიუხედავად ამისა, ბაკლის მთავარი წესის გაუქმება უნდა. ბაკლი ამბობდა, რომ წინასწარ არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტად კონსერვატორ იმ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი, ვისაც დემოკრატი კონკურენტის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ლიმბოს წესი მარტივია: მხარი დაუჭირეთ ყველაზე მეტად კონსერვატორ კანდიდატს. წერტილი. 

ლიმბოს წესი ამოქმედდა, როდესაც ჩაის წვეულების ფავორიტმა, ქრისტინ ო’დონელმა პრაიმერებში მაიკ კასტელს სძლია და შემდეგ დემოკრატთან უიმედოდ დამარცხდა.

კონსერვატიზმის საბოლოო გამარჯვებისთვის ასეთი მარცხები ლიმბოსთვის მისაღებია. ისევე როგორც იმ ჩაის მსმელთათვის, ვინც ლიმბოს იდეებით საზრდოობენ. ვირტუალური ჩაის წვეულება იმართება  მთელ ამერიკაში, როდესაც ლიმბო ეთერშია. 

ობამას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, რამ ემანუელმა თქვა, რომ ლიმბო რესპუბლიკელების ინტელექტუალური საყრდენი, მათი ხმა და ზურგია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ მაიკლ სტილმა ემანუელს უპასუხა, რაში უბრალოდ საშუალო ტალღების უშნო გამრთობიაო. ძვირად და უამრავ ბოდიშად დაუჯდა სტილს ეს პასუხი. ლიმბოს უკან და წინ კონსერვატორების დიდი არმია დგას. მისი გავლენა კონსერვატორულ მოძრაობაზე 22 წლის წინ დაიწყო. მაშინაც, როდესაც 35 უტყუარი ჭეშმარიტების შესახებ ამცნო ამერიკას:

1. კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს საბჭოთა კავშირის ბირთვული არსენალი წარმოადგენს;

2. კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს საბჭოთა კავშირი  წარმოადგენს;

3. მშვიდობა არ ნიშნავს ბირთვული არსენალის განადგურებას;

4. მშვიდობა არ ნიშნავს ომის არარსებობას;

5. ბირთვული იარაღის თავიდან მოშორების  მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მისი გამოყენება.

6. მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია რუსეთის ხალხთან ურთიერთგაგებით;

7. კომუნიზმი კლავს;

8. საბჭოთა კავშირში მშვიდობა  ოპოზიციის არარსებობას ნიშნავს;

9. თავისუფალი ხალხისთვის მშვიდობა  საფრთხეების არარსებობა და სამართლიანობაა; 

10. ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთის   გუნდი 1975-80 წლების პიტსბურგის სტილერია;

11. ღმერთი არსებობს;

12. ფემინიზმი არამიმზიდველი ქალების  გამოგონებაა სოციალურ მეინსტრიმში მოსახვედრად;

13. სიყვარული ერთადერთი ადამიანური ემოციაა,  რომელსაც ვერ გააკონტროლებ;

14. ერთადერთი განსხვავება გორბაჩოვსა და სხვა საბჭოთა  დიქტატორებს შორის ისაა, რომ გორბაჩოვი ცოცხალია.


1988 წელს შექმნილი უტყუარი ჭეშმარიტებების სია ლიმბომ 1994 წელს განაახლა; დაადასტურა, რომ ადრინდელი ჭეშმარიტებები ისევ უტყუარია და დაამატა, რომ:

1. არსებობს განსხვავებული და გამორჩეული ამერიკული კულტურა: ძლიერი ინდივიდუალიზმი, და თავდაჯერებულობა, რაც ამერიკის სიდიადეს  უდევს საფუძვლად;

2. ამ ქვეყნის მდიდრების უმეტესობას სიმდიდრე  მემკვიდრეობით არ მიუღია:  მათ ის მოიპოვეს. მდიდრები არიან ქვეყნის მთავარი მწარმოებლები და სამუშაო ადგილების შემქმნელები;

3. არ არსებობს ასეთი ცნება: ახალი დემოკრატი;

4. რონალდ რეიგანი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი პრეზიდენტი იყო;

5. მე არ ვარ აროგანტული;

6. მორალი არ განისაზღვრება ინდივიდუალური არჩევანით;

7; ძალიან ბევრ ამერიკელს აღარ შეუძლია  საკუთარ თავზე სიცილი.

ელ რაშბო საკუთარ თავზე იცინის, საკუთარი თავით ტკბება და მშვიდად მაუწყებლობს პალმ ბიჩიდან, სადაც სტუდიას „სამხრეთის სამეთაურო პოსტი” დაარქვა. სიმშვიდის მიზეზიც აქვს და ტკბობის საფუძველიც: 2008 წელს Clear Channel-თან და პრემიერ-რადიოსთან  400-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ კონტრაქტით მის რადიოშოუს 2016 წლამდე მაუწყებლობა გარანტირებული აქვს.  

ჰო, კიდევ:  მისი ყოველი დილა სიგარით იწყება...

ლიმბოთი აღფრთოვანებას არასდროს მალავს გლენ ბეკი – ისეთივე ბრწყინვალე, ამაზრზენი და ექსცენტრიული რადიო-  და ტელეწამყვანი, როგორიც რაშია.

„როცა რაშს უნდა, რომ ამერიკას დაელაპარაკოს, საკმარისია ხელში აიღოს მიკროფონი. ისე ვერავინ იყენებს რადიოს შესაძლებლობებს ამერიკაში, როგორც ლიმბო”, – ეს აპოლოგია გლენ ბეკმა კოლეგას ჟურნალ Time-ის წლის ადამიანად ნომინირებისას მიუძღვნა. თავად გლენ ბეკს Time-ი შეშლილს უწოდებს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Madman-ის გავლენით, ჟურნალმა Time-მა გლენ ბეკს ყდაზე ფოტო და ფურცლებზე კი მსჯელობა მიუძღვნა: კარგია თუ არა 9/12-ის პროექტის ავტორი ამერიკისთვის.

 

გლენ ბეკი – 33 მილ
9/12-ის ანუ 12 სექტემბრის დემონსტრაციების იდეამ გლენ ბეკი ჩაის წვეულების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად გადააქცია. 

 2 წლის წინ ბეკმა 12 სექტემბერი „შემდეგი დღის” იმედით გაჟღინთა და მისი მაყურებელი და მსმენელი საპროტესტო აქციაზე ვაშინგტონში ჩამოიყვანა. კონსერვატიულმა მედიამ მილიონამდე  დაითვალა. ლიბერალური მედია კი ამბობდა, რომ გლენ ბეკის დემონსტრაციაზე ლინკოლნის  მემორიალთან რამდენიმე ათასი ადამიანი იყო.  9/12  წელს მეორედ გაიმართა. 

ბეკის 9/12  9 პრინციპს ეყრდნობა: 

1. ამერიკა კარგია;

2. მე მჯერა ღმერთის და ღმერთი ჩემი ცხოვრების ცენტრშია;

3. ყოველთვის უნდა ვცადო, რომ ვიყო უფრო პატიოსანი,  ვიდრე გუშინ;

4.  ოჯახი წმინდაა: მე და ჩემი მეუღლე ვართ  საბოლოო ხელისუფლება და არა მთავრობა;

5. თუ დაარღვევ კანონს, ჯარიმა უნდა გადაიხადო  მართლმსა ჯულება ბრმაა და არავინ არის მის მაღლა ან მიღმა;

6. მე მაქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება, მაგრამ თანაბარი შედეგები გარანტირებული არ არის;

7. მე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ მქონდეს რაც მაქვს; რაც მაქვს,  გავუზიარებ, მას გავუზიარებ,  ვისაც მინდა. მთავრობა ვერ შეძლებს მაიძულოს, ვიყო ქველმოქმედი;

8. არ არის არაამერიკული, თუ არ ვეთანხმები ხელისუფლებას 

  და მინდა ჩემი პირადი აზრის გაზიარება;

9. მთავრობა ჩემზე მუშაობს. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩემ წინაშე და არა პირიქით.

ეს არის პრინციპები, რომელსაც გლენ ბეკი, 45 წლის მარად დაუღლელი და ყოველთვის მოულოდნელი წამყვანი თავის სატელევიზიო და რადიოშოუებში, წიგნებსა და ინტერნეტგამოცემებში ღაღადებს.

მორმონი ბეკი ყოფილი ალკოჰოლიკია, რომელმაც შვება და გადარჩენა რწმენაში იპოვა. რელიგიამ ლიბერტარიანელი გამხადა, ამბობს ბეკი. ალკოჰოლიზმთან ერთად ყურადღების დეფიციტის სინდრომით იყო დაავადებული. სიმპტომებში დაავადებას ჰიპერაქტივობაც აქვს. 

ბეკი ჰიპერაქტიურია. რადიოკარიერა რაშ ლიმბოსავით მუსიკალური დისკჟოკეობით დაიწყო. „დილის ზოოპარკის”  წამყვანი იყო,  ვირტუოზი და თავდაჯერებული.

მე მეშინია და თქვენც უნდა გეშინოდეთ, – ეუბნება ის მაყურებელს. საკუთარ შიშებს ბესტსელერების ფურცლებზე, ონლაინ ჟურნალებში, ვებკასტებში, რადიო და სატელევიზო გადაცემებში ნიღბავს და ამჟღავნებს.

 ეშინია, რომ დემოკრატები ამერიკაში ევროპულ სოციალიზმს დაამყარებენ. ეშინია, რომ ამერიკის პრეზიდენტს ეზიზღება თეთრი რასა. ბუშის დროს ეშინოდა, რომ რესპუბლიკელები კლავდნენ კაპიტალიზმს და თავისუფლებას. თვალი აუცრემლდება ხოლმე, თუ ამ თემებზე საკუთარ ტელეშოუში საუბრობს. 

ნუ დამალავ იმას, რისიც გეშინია, ამბობს ბეკი და ერთადერთი, რისიც არ ეშინია, ემოციური სიშიშვლეა. 

მისი მაუწყებლობა გართობისა და განმანათლებლობის ნარევია. ხშირად საუბრობს შეთქმულებებზე. სჯერა, რომ პრეზიდეტი ობამა ამერიკის კონსტიტუციური წყობის ძირის გამოთხრას აპირებს.

ჯერჯერობით თავად და წარმატებით მოახერხა ძირი გამოეთხარა ობამას ადმინისტრაციის რამდენიმე წევრისთვის. პირველ მის სიტყვას პრეზიდენტის მრჩეველი მწვანე სამუშაო ადგილების შექმნაში, ვენ ჯოუნსი შეეწირა. აღმოაჩინა, რომ ჯოუნსს ხელი ჰქონდა მოწერილი პეტიციაზე, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიაში ბუშის და ამერიკის სპეცსამსახურების კვალის პოვნას ითხოვდა. სადღაც ისიც გამოუჩხრიკა, როგორ ამბობდა პრეზიდენტ ობამას ფერადკანიანი მრჩეველი – თეთრები აბინძურებენ გარემოს  და შავკანიანთა დასახლებებს შხამავენო.  

შემდეგი იყო ანიტა დანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი. ანიტა ტელეკომპანია Fox-ს რესპუბლიკური პარტიის დანამატს უწოდებდა და პრეზიდენტთან ინტერვიუზე უარს ეუბნებოდა. ბეკმა მოიპოვა ვიდეო, სადაც დანი სკოლის მოსწავლეებს მაო ძე დუნის სიდიადეზე ესაუბრებოდა.    

ბეკის მსხვერპლთა საპატიო სიაშია AKORN-ი – თემების ორგანიზატორთა, თემ-ორგების ორგანიზაცია, რომელიც უხერხულ სკანდალში გაეხვა: პროსტიტუტად და სუტენიორად გადაცმულმა ორმა ახალგაზრდა კონსერვატორმა აქტივისტმა თემ-ორგების ადგილობრივ ორგანიზაციას არასრულწლოვანი გოგონებისთვის ბორდელის გახსნაში და გადასახადების თავიდან აცილებაში დახმარება სთხოვა. თემ-ორგების უანგარო მოწადინება – დახმარებოდნენ ახალგაზრდებს – ფარული კამერით ჩაიწერეს და ჩანაწერი გლენ ბეკის შოუს მისცეს. 

სახელმწიფომ AKORN-ს დაფინანსება რადიკალურად შეუმცირა.  

ბეკი, ლიმბოსგან განსხვავებით, კითხვებზე პასუხებს ითხოვს. არ ფიქრობს, რომ პასუხები ვაშინგტონშია. არც დემოკრატებთან ეძებსდა არც რესპუბლიკელებთან. ამბობს, რომ პასუხი  ცალკეულ პიროვნებაშია და სწორედ ეს არის ღმერთის მშვენიერება. 

ღმერთს ხშირად ახსენებს. თუმცა საშინელებათა და სასპენზის თანამედროვე მეფემ, სტივენ კინგმა, ერთხელ ბეკს სატანის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმა უწოდა. 

სტივენ კინგთან გლენს მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს: ორივე ბესტსელერების ავტორია. ბეკის ბოლო წიგნს „კამათი იდიოტებთან” ჰქვია. სხვა მწერლებისგან განსხვავებით, ის იდიოტებთან კამათისთვის არა მხოლოდ ჰონორარს, არამედ შემოსავლების წილსაც მიიღებს: ახლახან გლენ ბეკი უმსხვილესი გამომცემლობის, საიმონის და შუსტერის, პარტნიორი გახდა.    

გამომცემლობის დივიდენდების გარდა წელს 8 მილიონს რადიოგადაცემა მოუტანს. ბეკის შოუს ერთდროულად 400 რადიოსადგური გადასცემს. მის ვებგვერდს თვეში 5 მილიონი უნიკალური სტუმარი ჰყავს, ყოველკვირეულ პოდკასტებს მილიონ-ნახევარი მაყურებელი და სამი მილიონი დოლარის შემოსავალი  ინტერნეტიდან.  ბეკი სცენაზე – კომედიის და პოლიტიკური მონოლოგის ჟანრის ნარევია. მის ერთ-ერთ ბოლო სასცენო გამოსვლას 200 ათასი მაყურებელი ჰყავდა: ერთდროულად 450 თეატრში გადაიცემოდა.       

Fox-თან გლენ ბეკს 2-მილიონიანი კონტრაქტი აქვს. მისი შოუ ეთერში საღამოს 5 საათზე გადის  და ყოველდღიურად  3 მილიონ მაყურებელს ტელეეკრანებთან ერთი საათით აჯაჭვავს.  Fox-ამდე CNN-ზე იყო თეთრი ყვავივით: ყველასგან განსხვავებული არხზე, რომელსაც საკუთარ ნიშად ზომიერება და ნეიტრალობა აქვს არჩეული.

ამბობს, რომ CNN-მა უკეთესი მაუწყებელი გახადა: არაფერს მპატიობდნენ, სიტყვას ვერ  ვამბობდი, რისი დადასტურებაც არ შემეძლოო. 

თვითონაც სცადა შუაში ყოფნა: „ვფიქრობ, რომ პარტიები ჩვენ გვყოფენ. არ ვიცნობ არც ერთ დემოკრატს, რომელიც მარიხუანის მწეველი ჰიპია და სურს ჩვენი ქვეყნისგან საბჭოთა რუსეთი გააკეთოს. არც ისეთ რესპუბლიკელს ვიცნობ, რომელიც აპირებს ჩვენს შვილებს სკოლის სახელმძღვანელოები და საჭმელი  წაართვას და ყველაფერი ეს დიდ ნავთობში გაცვალოს. ეს უბრალოდ კარიკატურებია”, –  გამოტყდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ კარიკატურების შექმნაში ხშირად თვითონაც მონაწილეობს. ბეკს 70-იანი წლების სატირული ფილმის „ქსელის” (Network) გმირს, შეშლილ ჟურნალისტ ჰოვარდ ბეილს ამსგავსებენ. ბეკიც თითქმის იმავეს მოუწოდებს ხალხს, რასაც ბეილი ეუბნებოდა საკუთარ მაყურებელს: მიდი ფანჯარასთან, გამოაღე და იყვირე: „მე საშინლად გაბრაზებული ვარ, მეტის ატანას აღარ ვაპირებ!” ამას წინათ გამოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ამერიკელების 72 პროცენტი, ანუ ყოველი ოთხი გამოკითხულიდან სამი, დღეს ზუსტად ამ განწყობაზეა.  

1976 წელს გადაღებულ ოსკაროსან ფილმში ვერ გაიგებთ, რა ემართება ხალხს, ვინც ბეილს უყურებს; რამდენ ხანს გასტანს მათი სიგიჟე? დღეს, ვერც საღამოს 5-დან 6 საათამდე შენიშნავთ ვინმეს, ფანჯარასთან შეშლილივით რომ ყვიროდეს. ბეკის გაბრაზებულ აუდიტორიას ჩაის წვეულებებზე თუ შეხვდებით ამერიკის კონსტიტუციითა და დამფუძნებელი მამების ფრაზებით შეიარაღებულებს...

 დაბოლოს: დამფუძნებელი მამების გარდა, გლენ ბეკს ძალიან ცოტა კერპი თუ ჰყავს. მისი იშვიათი ფავორიტების სიაში საპატიო ადგილი საქართველოს პრეზიდენტს უკავია: შენ უკეთ იცი და გესმის დამფუძნებელი მამების იდეები, ვიდრე ბევრს ამერიკაშიო! – უთხრა პირდაპირ ეთერში მაშინ,  როდესაც სააკაშვილი სტუმრად პირველად ჰყავდა.  


შონ ჰანიტი – 22 მილიონი 
ჰანიტი Fox-ის საღამოების მაჩოა. ეთერში 9 საათზე, პრაიმ-თაიმში გადის. ისიც კონსერვატორი რადიოწამყვანების ოჯახს ეკუთვნის: ყოველდღე მის რადიოშოუს სამიდან ექვსამდე უსმენენ პირდაპირ ეთერში. რადიო ციტადელთან 20-მილიონიანი ყოველწლიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული. Fox-ი კი წლიურად 2 მილიონს უხდის.  

Fox-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო წამყვანი, ამერიკული ტრადიციული საზოგადოების დარაჯი, ბილ ო’რეილია. 13 წელია, ო’რეილის ფაქტორს ყოველ საღამოს 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. საკუთარ თავს კულტურის ჯარისკაცს (Culture Warrior) უწოდებს და  კულტურათა ომში საკუთარი ბესტსელერის ფურცლებზე სეკულარულ პროგრესივიზმს ებრძვის. საღამოობით დაუსწრებელი დუელი  მას და msnbc-ის წამყვანებს, კიტ ოლბერმანს და რაჩელ მედოუს შორის იმართება. ო’რეილის  ბოლო წიგნი „ბრიყვები და პატრიოტებიც” ბესტსელერია. მისი საჯარო გამოსვლების ჰონორარი, როგორც წესი, ექვსნიშნა რიცხვით განისაზღვრება. შესანიშნავ შვიდეულში, ო’რეილი ერთადერთი კონსერვატორია, რომელსაც რადიოშოუ არ აქვს. 

ბილ ო’რეილი – 20 მილიონი 

Fox-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო წამყვანი, ამერიკული ტრადიციული საზოგადოების დარაჯი, ბილ ო’რეილია. 13 წელია, ო’რეილის ფაქტორს ყოველ საღამოს 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. საკუთარ თავს კულტურის ჯარისკაცს (Culture Warrior) უწოდებს და  კულტურათა ომში საკუთარი ბესტსელერის ფურცლებზე სეკულარულ პროგრესივიზმს ებრძვის. საღამოობით დაუსწრებელი დუელი  მას და msnbc-ის წამყვანებს, კიტ ოლბერმანს და რაჩელ მედოუს შორის იმართება. ო’რეილის  ბოლო წიგნი „ბრიყვები და პატრიოტებიც” ბესტსელერია. მისი საჯარო გამოსვლების ჰონორარი, როგორც წესი, ექვსნიშნა რიცხვით განისაზღვრება. შესანიშნავ შვიდეულში, ო’რეილი ერთადერთი კონსერვატორია, რომელსაც რადიოშოუ არ აქვს. 


ჯონ სტიუარტი – 15 მილიონი

ჯონ სტიუარტიც ო’რეილივით მოდარაჯე ჯამბაზია. ის მარჯვნივ და მარცხნივ ყველას დარაჯობს და საღამოობით ახალი ამბების პაროდიაში „კომედი ცენტრალზე” 2 მილიონი მაყურებლის წინაშე დასცინის. განსაკუთრებით მარჯვნივ მყოფებს ერჩის. დღემდე ვერ გაურკვევიათ მისი გადაცემა ახალი ამბებია თუ კომედია. ბევრი ლიბერალი გეტყვით, რომ ახალი ამბების გასაგებად ჯონ სტიუარტს უყურებს. მისი კონტრაქტი ახლახან 2013 წლამდე განაახლეს. სტიუარტი, რა თქმა უნდა, წიგნებსაც წერს. ამ შემოდგომაზე გლენ ბეკის 9/12-ის პაროდია მიტინგი შეკრიბა ლინკოლნის მემორიალთან – საღი აზრის აღდგენის დემონსტრაცია-კარნავალი.  

დონ აიმუსი – 11 მილიონი
კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ალკოჰოლიკი, დონ აიმუსი 1987 წლიდან ფხიზლობს და რადიოში კომედიისა და პოლიტიკური კომენტარების საზღვარზე მაუწყებლობს. მას უკავშირდება ბოლო დროის ერთ-ერთი ხმაურიანი მედიასკანდალი, როდესაც დონი რასიზმსა და სექსიზმში ერთდროულად დაადანაშაულეს. 2007 წელს, ქალთა კალათბურთის ფერადკანიან გუნდს პამპერსისთავიანი ბოზები უწოდა პირდაპირ ეთერში. „არ შეიძლება ყველას დასცინო, იმიტომ რომ ზოგი არ იმსახურებს ამას”, – ასე მოიბოდიშა. სკანდალის გამო რადიომ 40-მილიონიანი კონტრაქტი შეუწყვიტა. ორი თვის შემდეგ, როცა სასამართლოებისა და საჯარო გაკიცხვათა მარათონის შემდეგ ეთერში დაბრუნდა, New York Times-ის ცნობით, ფერადკანიან თანაწამყვანს ეძებდა: ეგებ რასისტულად არაკორექტული განცხადებებისგან შემაკავებინოს თავი პირდაპირ ეთერშიო.

კიტ ოლბერმანი – 7,5 მილიონი
ოლბერმანი მილიონებს იმაში იღებს, რომ მეზობელ არხზე ბილ ო’რეილს ეპასუხება. პოლიტიკურ კომენტატორობამდე სპორტული წამყვანი იყო, ერთადერთი ყოფილი წამყვანებიდან, რომელიც ESPN-ის, სპორტული არხის, საიუბილეო 25 წლისთავზე არ მიიწვიეს. Msnbc-ის პოლიტიკურ კარიერამდე, Fox-ზეც სცადა ბედი ბეისბოლის წამყვანად. მალევე გაუშვეს, რასაც არხის მფლობელის, რუპერტ მერდოკის პირადი განცხადება მოჰყვა: იმიტომ გავუშვი, რომ შეშლილიაო. რა გასაკვირია, ამის შემდეგ Fox-ს რომ ვერ იტანდეს. 

კომენტარები