კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა

სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა დღეს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად. დაჭრილები  და დაღუპულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 120 მმ–იანი ნაღმმტყორცნის ჭურვი კრწანისში პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს, დილის 11 საათზე მოხდა. სამინისტრო იუწყება, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. “მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს,“ ნათქვამია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე ცნობაში.

 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს  მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით 4 დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა და მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ. საავადმყოფოში იმყოფებიან არმიის გენერალური შტაბის უფროსი, დევი კვაჭაძე, თავდაცვის მინისტრიმ ბაჩო ახალაია და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. რუსთავის საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები გადაკეტილია და  მოქალაქეებს იქ მხოლოდ შემოწმების შემდეგ უშვებენ.

კომენტარები