კაცი წითელი თმებით

დილა იყო. ციოდა. თებერვლის სუსხიანი ქარიც კარგად გვარიანად უბერავდა. – აბა, აბა, ჩადექით მწკრივში და გზაში არ იხმაუროთ, – გადმოგვძახა რუსიკო მასწ-მა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მივყავდით. სად, ზუსტად არ ვიცოდით, მთავარი იყო, რომ იმ დღეს მთელ კლასს გაკვეთილები უნდა გაგვეცდინა. ჰოდა, ვიდექით ასე, გასუსულები, კლოუნივით წითელი ცხვირებით, თვალებზე ჩამოფხატული ქუდებით და პალტოს მკლავებში გასათბობად შეტენილი მუშტებით. ვიდექით და დაძვრის შესახებ შეტყობინებას ველოდით.

– წავედიით.

ჩუბინიშვილის ქუჩა ხელიხელჩაკიდებულებმა გავიარეთ და ქვემოთ, მარჯანიშვილისკენ დავეშვით. რუსიკო მასწ-მა, მარჯანიშვილის მეტროს გვერდით, ერთ-ერთი სადარბაზოს კარები გამოაღო და თვალებით გვანიშნა – აქეთო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსიკო მასწ-ს ისედაც დიდი თვალები ჰქონდა, რომელსაც კიდევ შავ ფანქარს უმატებდა ხოლმე და აი თუ დაჭყეტდა... შევედით. რამდენიმე სართული ავიარეთ. კარი მოხუცმა (დღევანდელი გადასახედიდან – საშუალო ხნის) ქალმა გაგვიღო და სახლში შეგვიპატიჟა. გრძელი დერეფანი უცბად გავიარეთ და ოთახში აღმოვჩნდით. ვცდილობდით, რაც შეიძლება მალე აგვეთვისებინა უცნაური სივრცე, სადაც ყველაფერი ძველი და მდიდრული იყო. არა, მართალი გითხრათ, აბა საიდან უნდა გვცოდნოდა 10 წლის ბავშვებს, რა იყო იქ მდიდრული ან რა – არა, მაგრამ იმ ოთახში შესულს, ეს შეგრძნება თუ არა, სიტყვა მაინც აუცილებლად ამოგიტივტივდებოდათ. ლამაზი ფარდები, პრიალა იატაკი და ბევრი ბევრი წვრილ-წვრილი, ძალიან ლამაზი ნივთი – აი ისეთი, თვალს რომ მოგჭრიდა. თვალებს ვაცეცებდით და დიდ თეთრ კარს ვუყურებდით, საიდანაც, სავარაუდოდ, ჩვენი მასპინძელი უნდა გამოსულიყო. ცოტა ხანიც და კარებში მოხუცი, პატარა კაცი გამოჩნდა. ეე, მე ხომ ვიცი ეს კაცი, – გავიფიქრე ჩემთვის და მის თმებს მივაშტერდი... და ეს წითელი თმებიც... ისე სასაცილოდ მახსოვს. მას ხომ ხშირად ვხედავდით სკოლაში.

 – ვახტანგ მიხაილოვიჩ, პოზრდავლიაემ ვას ს დნიომ როჟდენია, – დასჭექა მასწ-მა და თვალები კიდევ ერთხელ გააფართოვა – ახლა თქვენი რიგიაო.

როგორც კი ჩვენი კლასის ბრწყინვალე ორეულმა მთელი კვირის ნაზუთხი ლექსი გამოთქმით თქვა, რუსიკომ ერთი გადმოგვხედა და ზუსტად 1 წუთში, ყველანი სადარბაზოს გამოსასვლელთან ვიდექით. მისია შესრულებული იყო.

თითქმის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, სასწავლებელთან ვაზ 21 ჩერდებოდა. იქიდან, წელში მოხრილი, 82 წლის კაცი გადმოდიოდა და კიბეებს ჯოხით, ნელ-ნელა მიუყვებოდა ხოლმე. მის დანახვაზე წამით ყველა ჩერდებოდა და გზას უთმობდა – ყოველ შემთხვევაში, ეს ქორეოგრაფიულის დაუწერელი, ოქროს წესი იყო.

ამბობდნენ, რომ როდესაც სავარჯიშო დარბაზში შედიოდა, ეს დაბეჩავებული, მოკეცილი კაცი ჯოხს გადადებდა და მოსწავლეებს ილეთებს თავად უჩვენებდა. მერე ისევ ისე, აიღებდა ჯოხს, დაეყრდნობოდა და 1 წუთში დაბერებული, სვენებ-სვენებით ჩამოუყვებოდა ხოლმე სართულებს.

ამბობდნენ, რომ სახლში 6 კატა მაინც ჰყავდა. აკვირდებოდა, უთვალთვალებდა თუ როგორ მოძრაობენ, როგორ ემზადებიან ნახტომისთვის. ამბობდა, ბალეტშიც ზუსტად ასეაო.

იმასაც ამბობდნენ, რომ მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულს, 8 წლის ასაკში მოუხდა სამუშაოს დაწყება. თურმე შეგირდად მუშაობდა მარიამ შევალიეს სახელოსნოში, რომელიც საგანგებოდ, ღარიბთა შვილებისთვის იყო გახსნილი. როგორც ამბობდნენ, პატარა ბიჭი წამდაუწუმ ციბრუტივით ტრიალებდა, ჰოდა შევალიეს, მარიამ პერინის სტუდიაში გაუგზავნია – ცეკვა ასწავლეთო. ბიჭი კი, მისი დაბალი ტანადობის გამო, პირველსავე დღეს მასხრად აუგდიათ გოგოებს.

ამბობდნენ, რომ ის იყო პირველი, ვინც საბჭოთა მთავრობამ ამერიკელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად 1934 წელს ნიუ იორკში, გასტროლზე გაუშვა. იმასაც ამბობდნენ, გაოგნებული „დამპალი კაპიტალისტები”, ცაში მის სახელს წერდნენო... ის იყო ბალეტის სფეროდან პირველი, ვინც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება და ლენინის ორდენი მიიღო... ვინც ბალეტში რეფორმა მოახდინა და მამაკაცი  მსოფლიო საბალეტო სცენაზე დაამკვიდრა... ვინც ქართული საბალეტო სკოლა და დასი შექმნა... ვინც ასე ოსტატურად მოახერხა კლასიკური ცეკვის ხალხური ელემენტებით გაჯერება.

მასზე ძალიან ბევრს ამბობდნენ. მის სახელს უამრავ ლეგენდას და ისტორიას უკავშირებდნენ. ბევრ რამეშიც სდებდნენ ბრალს. ბოლოს კი, მარტოდ დარჩენილი, თავისი წითელი პარიკით, ვაზ 21-ს ელოდებოდა ხოლმე, რომელსაც რამდენიმე ქუჩით ზემოთ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა ამოეყვანა. იმ ქორეოგრაფიულში, რომელიც მისი ძალისხმევით დაარსდა, – დირექტორი 23 წლის განმავლობაში იყო და საიდანაც, ერთ დღეს, ძალიან სასაცილო მიზეზით, მოისროლეს, გაათავისუფლეს. 70-იანი წლები იყო, ახალი მთავრობა, ახალი იდეოლოგია... მისი ადგილი აქ აღარ იყო. არც სასწავლებელში და აღარც თეატრში. 3-წლიანი ქორწინებიდან მემკვიდრე არ დარჩენია და მოგვიანებით, ნაშვილები  დისშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა, საბოლოოდ მოუღო ბოლო.

ამბობენ, რომ ფანჯარასთან მტრედებისთვის მოაჯირი ჰქონდა გაკეთებული და ყოველდღე საკენკს უყრიდა მეგობრებს. კიდევ იმას ამბობენ, ბოლოს საკუთარ მედლებს ყიდდაო.

მასზე ბევრ რამეს ამბობენ. 

იმ დღესაც ისევ ისე, გაგვიყვანეს გარეთ და ორად ჩაგვამწკრივეს. ჩუბინიშვილის  ქუჩა ხელიხელჩაკიდებულებმა გავიარეთ და ქვემოთ, მარჯანიშვილისკენ დავეშვით. მასწავლებლები ტირილ-ტირილით მოგვყვებოდნენ. ვიცოდით, რომ სევდიან ადგილას მივდიოდით, მაგრამ ის მაინც გვიხაროდა, რომ გაკვეთილების გაცდენა მოგვიწევდა. მაშინ თქვეს – ცუდ დროს მოკვდა საწყალი, აბა სხვა დრო რომ ყოფილიყო, ვახტანგ ჭაბუკიანს ხომ სათანადოდ მივაგებდით პატივსო.

ოხ, ეს ცუდი დროები!

კომენტარები