მამა-სახელმწიფო: გემოვნების სტანდარტი

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს, როდესაც თბილისში, ბათუმსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრანდიოზული კონცერტები იმართება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ღონისძიებები სამთავრობო ჯგუფების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სხვები უკმაყოფილონი არიან, რადგან ის, რაშიც ბიუჯეტის ფული იხარჯება, მათ გემოვნებას არ ემთხვევა. საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად არც მერიის მიერ დაფინანსებულ „მზიურის” ვარსკვლავის გახსნას აღიქვამს – ბევრი თვლის, რომ წითელყელსახვევიან მომღერალთა ცქერა საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიის გამოძახილია. ადამიანებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პატრიოტულ კონკურსებზე, ვიდეოკლიპებზე, მუსიკალურ ფესტივალებზე. ნაწილს ესთეტიკური სახის პრეტენზიები აქვს, სხვანი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საკუთარ ფავორიტებს ახალისებს, სხვებს კი ჩაგრავს. რა არის აზრთა სხვადასხვაობის და ხშირად აღშფოთების მიზეზი, სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გაუმართავობა? პრიორიტეტების არასწორი განაწილება? იქნებ კეთილი ნების არარსებობა? სინამდვილეში, კულტურული პოლიტიკის მართვის რაციონალიზაცია სულაც არ არის პანაცეა, რომელიც საყოველთაო თანხმობასა და მშვიდობას დაამყარებდა. შესაძლოა, რესურსების არასწორი მართვა მდგომარეობას ამძიმებდეს, მაგრამ პრობლემის არსი სხვაგან უნდა ვეძიოთ: გემოვნება და შეხედულებები მრავალგვარია და მუდამ იქნება. გადასახადებს კი იხდის ყველა.

დებატები იმის თაობაზე, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო კულტურას, აქტუალობას არ კარგავს. სახელმწიფო სუბსიდიის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ ბაზრის ოქროს წესი მარტივია – გადაიხადე, თუ მოგწონს. აქედან გამომდინარე, მან, ვისაც უყვარს ხელოვნება ან მისი რომელიმე სპეციფიკური მიმართულება, ნებაყოფლობით უნდა ჩადოს ამ სფეროში ფული. ვთქვათ, შეიძინოს ბილეთები ამა თუ იმ კულტურულ ღონისძიებაზე, ან გახდეს მისთვის საყვარელი სფეროს თუ კონკრეტული პერსონალიების უშუალო დამფინანსებელი. მოდებატეთა მეორე მხარეს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამ აზრის თანახმად, არსებობს საზოგადოებრივი სიკეთეები, რომლებიც ყველასთვის თანაბრად სასარგებლოა და კულტურა სწორედ ასეთი სიკეთეა – შესაბამისად, მისი დაფინანსება უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ამის გარანტი კი სახელმწიფოა.

არის თუ არა კულტურა მსგავსი სიკეთე? ეკონომისტები „საზოგადოებრივს” უწოდებენ სიკეთეს, რომლის მოხმარება არაგამომრიცხველი და არაკონკურენტულია. პირველი მათგანი გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მოხმარებას ვერავის ავუკრძალავთ, იმისდა მიუხედავად, იხდის თუ არა თანხას მიღებული სარგებელისთვის. საზოგადო სიკეთის მოხმარების არაკონკურენტულობას კი განსაზღვრავს ის თავისებურება, რომ კონკრეტული ინდივიდის მიერ მისგან სარგებლის მიღება დანარჩენებს არ აზარალებს, მათ წილ სარგებელს არაფერი აკლდება. მაგალითად, მსგავსი საზოგადო სიკეთეა ნაციონალური უსაფრთხოება, რომლის ინდივიდუალური მოხმარებაც შეუძლებელია. ის არსებობს ყველასთვის, ან არავისთვის. თუ გარკვეულ გეოგრაფიულ ერთეულზე მცხოვრები კონკრეტული პიროვნება დაცულია სხვა ქვეყნის თავდასხმისგან და ინტერვენციისგან, მაშინ დაცულნი არიან ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ადამიანებიც. ამრიგად, ჯარის მოხმარებიდან გარკვეულ ინდივიდთა გამორიცხვა შეუძლებელია. გარდა ამისა, ერთი ადამიანის მიერ უსაფრთხოებიდან მიღებული სარგებელი დანარჩენ საზოგადოებას არ აზარალებს – პირიქით, საყოველთაო განვრცობა მისთვის პრინციპულად აუცილებელია. ბუნებრივია, კერძო ჯგუფებს თუ პერსონებს არ ექნებათ მოტივაცია, ჯარი და პოლიცია თავად დააფინანსონ, როცა სარგებელს ყველა დანარჩენი ანალოგიურად მიიღებს. ზოგადად, ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია, ფული სხვამ გადაიხადოს, თავად კი ავტომატურად გაიზიაროს. ამიტომ, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ნაციონალური უსაფრთხოება ის შემთხვევაა, როცა მისი აუცილებული დონის უზრუნველყოფა სახელმწიფომ უნდა იტვირთოს  და გადასახადებიდან ამოღებული ფულით დააფინანსოს.

რაც შეეხება კულტურას, ის სიკეთეა, მაგრამ არა საზოგადო. ზემოთ დასახელებული მახასიათებლების მიხედვით, კულტურით მიღებული სარგებელიდან ადამიანთა გამორიცხვა შესაძლებელია. მაგალითად, თეატრში დადის საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დანარჩენ მოქალაქეებზე ეს არც პოზიტიურ, არც ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. უსაფრთხოებისგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი მოსახლეობის სრულად „თეატრალიზება” იმისთვის, რომ ამ დაწესებულებამ იარსებოს. კულტურა საზოგადო სიკეთედ შერაცხვის არც მეორე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: წარმოვიდგინოთ კინოფესტივალი, სადაც დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მაშასადამე, ფესტივალზე თითოეული ადამიანის დასწრება იწვევს იმას, რომ რომელიღაც სხვა მსურველი საშვის გარეშე რჩება. ამრიგად, კულტურა არა საზოგადო, არამედ ინდივიდუალური მოხმარების საგანია.

ამ სიკეთის შესანახი სახსრების დაგროვებისა და გადანაწილების მოქმედი სქემა ასე გამოიყურება: ადამიანები იხდიან გადასახადებს, ბიუროკრატიული ორგანიზაციები კი მათ გარკვეული მიზნების და ამოცანების შესაბამისად ხარჯავენ. სირთულეები და წინააღმდეგობები, რომლებსაც ამ სქემის მოქმედების პირობებში ვაწყდებით, არაერთია. უპირველეს ყოვლისა, ესაა გარდაუვალი საფრთხე: სახელმწიფოს ჩარევამ ამა თუ იმ სფეროში, შესაძლოა, მისი პოლიტიზება გამოიწვიოს. საქართველოში, საბჭოთა პერიოდგამოვლილი საზოგადოებისთვის უცხო არ არის პოლიტიზირებული კულტურა, ხელოვნება – როგორც პროპაგანდის დეკლარირებული იარაღი. თუმცა ტოტალიტარული გარემო აუცილებელი პირობა არ გახლავთ ხელისუფლების ამ მიმართულებით მოტივირებისთვის. საფრთხე ძალაში რჩება ნებისმიერი მთავრობის პირობებში. ხელისუფლებისთვის ქვეყნის დეკლარირებულ პრიორიტეტებზე მიმართული ხელოვნება ყოველთვის მიმზიდველია. გარდა ამისა, ხელოვნების მწარმოებელი თავადაც ორიენტირებულია, სახელისუფლებო სტანდარტებში მოთავსდეს და დაფინანსება მარტივი გზით მოიპოვოს. შედეგად ვიღებთ პროპაგანდისტული ელემენტებით სავსე საეჭვო  ხარისხის პროდუქციას, რომლითაც მხოლოდ მცირე ჯგუფები სარგებლობენ. პატრიოტული მოტივებით დახუნძლული ღონისძიებები, კონკურსები, მუსიკალური კლიპები, ძვირადღირებული კონცერტები, რომელთა უკან პოლიტიკური მოტივი დგას და სადაც მთავრობის წარმომადგენლები სცენაზე სიტყვით გამოდიან. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ყოველდღიურად გვაწვდის მედია და რაზეც საზოგადოებისგან ოფიციალური გადასახადის სახით ამოღებული ფული იხარჯება. 

კულტურის პოლიტიზება სპეციფიურად ქართული ან განვითარების გზაზე მყოფი სხვა ქვეყნების პრობლემა არ არის. ამისგან დაზღვეული არც ტრადიციული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები არიან, მაგალითად – აშშ. პრეზიდენტ ობამას მრავალი საყვედურობს ხელოვნების საკუთარი პრიორიტეტების წასახალისებლად გამოყენებისთვის. პრეტენზიები ძირითადად ხელოვნების ეროვნული ფონდის (NEA) მისამართით გაისმის. გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია საკუთარ წევრებს უბიძგებს, ნამუშევრები ისეთ საკვანძო და პრიორიტეტულ სოციალურ სფეროებს მიუძღვნან, როგორიც ჯანდაცვა და ენერგეტიკაა. ამრიგად, სამართლებრივი სახელმწიფო და პლურალისტური დემოკრატია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ხელისუფლება ხელოვნებას საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს არ დაუქვემდებარებს, მასზე ფინანსური კონტროლის შემთხვევაში.

კულტურის პოლიტიზების საფრთხე ბიუჯეტიდან სუბსიდირების ერთადერთი გვერდითი მოვლენა არ არის. სახელმწიფო მოსახლეობისგან ამოღებული ფულით გარკვეულ მიმართულებებს იმ მოტივით აფინანსებს, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მიმართულება ჩაიძირებოდა, რადგან მის მიმართ საკმარისი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს. თუ დავუშვებთ, რომ ხელოვნება საზოგადოებრივი სიკეთეა, მაშინ ის, რაც ყველასთვის თანაბრად სასურველი და სასარგებლოა, ისედაც მოიზიდავს საკმარის ნებაყოფლობით მხარდაჭერას. ამის უარყოფა ნიშნავს აღიარებას, რომ უმრავლესობას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების შესახებ და სახელმწიფოს სახით სჭირდება მზრუნველი მამა, გნებავთ, მასწავლებელი, რომელიც განსაზღვრავს, თითოეული ინდივიდისთვის რა არის მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთი საყურადღებო პრობლემა, რომელიც თავს იჩენს, შემდეგია: კეთილი ნების შემთხვევაშიც კი, მცირე ჯგუფის ხელში კონცენტრირებული უმრავლესობის კუთვნილი სახსრების მართვა ვერ მოიცავს ყველა იმ ჯგუფის ინტერესს, რომლებიც საზოგადოებაში ასე მრავლად არიან წარმოდგენილნი.

მაგალითისთვის, სახელმწიფო არ დააფინანსებს ხელოვანთა იმ ჯგუფებს, რომელთა ნამუშევრები ზოგადად სისტემის ან კონკრეტული ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. რთულია, წარმოვიდგინოთ კულტურის სამინისტრო ან რაიმე სახელმწიფო ფონდი, რომელიც ანარქისტულ პანკ-როკის კონცერტს აფინანსებს. მეტიც, ასეთ კონცერტს პრინციპულად არ სჭირდება სახელმწიფო სუბსიდია. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს შემთხვევები, როცა ესა თუ ის ხელოვანი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. მაგრამ ასეთ დროს, არც მისი შემოქმედება იქნება მმართველებისთვის მიუღებელი გზავნილების შემცველი. ამრიგად, ადამიანებს, ვისაც პანკ-როკი უყვართ, უწევთ, ფული გადაიხადონ იმისთვის, რომ ოპერა დაფინანსდეს. გარკვეული ჯგუფები წყვეტენ, რომ არსებობს „მაღალი კულტურა” და პრივილეგირებულია მისი მომხმარებელი, რომელიც, საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, „ძარცვავს” მათ, ვისაც, ვთქვათ, პერვერსიული ხელოვნება იზიდავთ.

 რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფო, რომელსაც სურს დააკმაყოფილოს ინტერესთა ყველა ჯგუფი, მაგრამ მხოლოდ კეთილი ნება საკმარისი არ არის. მსგავსი ინიციატივა გადაულახავ ზღუდეებს აწყდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე წინააღმდეგობრივ ხელოვნებას ეხება. აშშ-ში არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როცა  სახელმწიფო მუზეუმებში გამოფენილმა ნამუშევრებმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ეს ნამუშევრები რიგ შემთხვევაში პერვერსიულად წარმოადგენდნენ ღვთისმშობლისა და იესოს გამოსახულებებს ან მათთან დაკავშირებულ საკრალურ სიმბოლოებს. მორწმუნე ამერიკელები, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას შეადგენენ, მსგავს შემთხვევებს აქტიურად აპროტესტებენ. ბრაზის ობიექტი ნამუშევრის ავტორები არ არიან. შტატებში იციან, რომ საკრალური სიმბოლოებით სპეკულირებას ვერავის აუკრძალავენ. უბრალოდ, აღშფოთებული მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდნენ საკუთარი შემოსავლიდან ფულს წინააღმდეგობრივი ხელოვნების დასაფინანსებლად, ან მუზეუმის, სადაც მათი ყველაზე ინტიმური გრძნობებისა და რწმენის შეურაცხმყოფელი ნამუშევრების გამოფენა ხდება.

ამრიგად, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ თავიდან აიცილოს უმრავლესობის მიერ მცირე ჯგუფების დაჩაგვრა, ან უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით უმრავლესობის შეურაცხყოფა? ერთადერთი შესაძლო გამოსავალი ასეთია: უნდა მოხდეს ხელოვნების ნიმუშის გარკვეულ ფილტრში გატარება, სანამ ის დასტურს მოიპოვებს საჯაროდ წარდგენაზე.

ფილტრი გარკვეული კრიტერიუმების არსებობას გულისხმობს. რთული წარმოსადგენია, როგორ და ვის მიერ უნდა შემუშავდეს ის სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს, მაცხოვრის გამოსახვის რომელი ვარიაციებია მისაღები და სად გადის ზღვარი, სადაც ის უკვე მიუღებელი ხდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის მთავარი პრობლემა. კრიტერიუმების შემოღება ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულ აკრძალვებს უწესებს ხელოვანებს და მათგან  უმრავლესობისთვის მისაღები მორალური სტანდარტების დაცვას ითხოვს.

მსგავსი მოთხოვნების წამოყენება სხვა არაფერია, თუ არა ცენზურის კლასიკური შემთხვევა. დამოკრატიული სახელმწიფო კი ცენზურის პრეროგატივას არ ფლობს. მას არ შეუძლია, კრიტერიუმები დაუწესოს ხელოვანს და გადაცდომის შემთხვევაში, უარი უთხრას დაფინანსებაზე. „აკრძალული ხელოვნების” უკან ხომ მისი მოყვარული ადამიანები დგანან, რომლებიც გადასახადებს მათ მსგავსად იხდიან, ვინც ბალეტს აღმერთებს. გამოდის, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო აფინანსებდეს ხელოვნებას და ამასთანავე, ფასეულობრივად ნეიტრალური რჩებოდეს. მას მუდამ უწევს არჩევანის გაკეთება ერთი მხარის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იღებს საზოგადოებას, სადაც როგორც დომინანტური ჯგუფები, ასევე უმცირესობები განრისხებული არიან.

ხელოვნების დერეგულაციის პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც დღის წესრიგში დგება. კულტურული ძეგლების სახელმწიფო განკარგვა ანალოგიურ პრობლემებს წარმოშობს. მაგალითად, კულტურის სამინისტროს სტრატეგიით უკმაყოფილონი არიან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათი აზრით, სახელმწიფო მხოლოდ დომინანტური ჯგუფის ინტერესებს ითვალისწინებს და შესაბამის ძეგლებზე მიმართავს რესურსებს, სხვა კულტურული სიმდიდრეები კი უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ კერძო საკუთრების განმკარგავი, რომელსაც ფინანსური დაინტერესება აქვს, უკეთ უვლის და მართავს მის საკუთრებაში არსებულ ობიექტს. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლების პრივატიზების ხანგრძლივი პროცესი დაიწყება, სახელმწიფოს როლი ამ სფეროში მინიმუმამდე დავა, თუმცა, მთლიანად არ გამოირიცხება. მას აქვს პრეროგატივა, საკუთარ თავზე აიღოს იმ ისტორიული ძეგლების დროებითი შენახვა, რომლითაც კერძო სექტორი ჯერჯერობით არ დაინტერესდება. ასევე შემოიღოს ისტორიული ძეგლების რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც ძეგლის მესაკუთრეს გარკვეულ აკრძალვებს დაუწესებს საკუთრებასთან დაკავშირებით. მსგავსი აკრძალვები აპრობირებულია საწარმოების შემთხვევაში, სადაც რეგულაციის მოტივი გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების თავიდან აცილებაა. რეგულაცია გამართლებულია სხვა შემთხვევაშიც, როცა მესაკუთრე საკუთრების გამოყენებით სხვების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მთავარი წინააღმდეგობა, რომელსაც  ვაწყდებით, შემდეგია: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, აქ კი სახელმწიფოს უფლება ეძლევა, მესაკუთრეს საკუთრების გამოყენებაზე აკრძალვები დაუწესოს და შესაბამისად, დააზარალოს. გარდა ამისა, გამოდის, რომ კერძო პირი მხოლოდ ნაწილობრივ თუა მესაკუთრე, საზოგადოების მოთხოვნილებები თუ სახელმწიფოს შეხედულებები მას კანონიერ უფლებებს ართმევს.  გამოსავალი რეგულაციის შედეგების კომპენსაციაა: თუ სახელმწიფო მესაკუთრეს უზღუდავს მოქმედების თავისუფლებას და ავალებს, ძეგლი გარკვეულ კონდიციაში შეინარჩუნოს, მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი  პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: განუხრელად გაიზრდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მადა. პირველი სულ უფრო გაამკაცრებს რეგულაციებს, მეორე კი უფრო და უფრო მეტ „სიკეთეს” მოითხოვს საკუთრებაში არსებული ობიექტისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა თავად იხდის ფულს. კომპენსირება მუხრუჭის როლს შეასრულებს. საწარმოების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების მსგავსი პრაქტიკა კანონის დონეზე ამერიკის ზოგიერთ შტატში არსებობს. კანონი კომპენსირებას არც ფედერალურ მთავრობას უკრძალავს.

ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ახერხებს, ფინანსები ფასეულობრივად ნეიტრალურად განკარგოს. მისთვის სულ ერთი ხდება, საქმე ქიმიურ საწარმოს ეხება თუ მხატვრობის შედევრს. კულტურის ძეგლებისა თუ ნიმუშების კატეგორიზაცია აღარ ხდება მხატვრული და მორალური შინაარსის შეფასებით. ეს სახელმწიფოს საქმე არც არის. დერეგულაცია კი არა კულტურაზე თავდასხმა, არამედ მისი თავისუფლების დაცვისკენ მიმართული მოქმედებაა.

კომენტარები