2010 წლის სიტყვები და ფრაზები

ყოველწლიურად ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში... ერთი სიტყვით იმ ენებზე, რომლებზეც ცივილიზებული სამყარო ლაპარაკობს, ქვეყნდება სია სიტყვებისა და ფრაზებისა, ლექსიკონებს მიმდინარე წლის განმავლობაში რომ დაუმატეს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პრაქტიკა განაპირობებს იმას, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს ლექსიკონი ცოცხალ ენასთან და ამასთან დროულად მოხდეს სარეველა ბარბარიზმებთან ბრძოლა და საჭირო ნეოლოგიზმებთან შეგუება. 2010 წელიც არ განსხვავდებოდა წინა წლებისაგან ამ კუთხით. წელსაც გამოჩნდა ბრენდები, რომლებიც უნიტაზის და ქსეროქსისა არ იყოს, საზოგადო მნიშვნელობით დამკვიდრდა. წელსაც მრავალი მტვერდადებული სიტყვა მოექცა მასების ყურადღების ცენტრში და მრავალი საკუთარი სახელი განზოგადდა.

2010 წელი “ავატარით” დაიწყო, რომლის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში იანვარში გაიმართა. უბრალო მაყურებლებმა პირველად გაიგეს ამ სიტყვის არსებობა. ტექნომანებმა ეს სიტყვა ფორუმებიდან და ჩატებიდან იცოდნენ პატარა ხატულას მნიშვნელობით, თუმცა ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის ძვ. ინდური წარმომავლობა, ღმერთი ვიშნუს და მისი ათი ავატარის ამბავი, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ და გასაკვირია, თუმცა სწორედ ამ ერთეულებს არ მოეწონათ ფილმი, რომლებმაც მის შემქმნელებს ლურჯი ეკოსისტემა დაუწუნეს და კინოთეატრიდან დაბრუნებულები ჩუმჩუმად ჩაუსხდნენ “ღამეს შორენასთან”.

თებერვალში მრავალ ქართულ ბლოგზე წააწყდებოდით შეკითხვას – “რა არის ბარამბო?”. იმ ერთეულებმა, ზემოთ რომ ვახსენეთ, უმალვე დატოვეს კომენტარი: ბარამბო ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეაო, თუმცა სარეკლამო ისტერიით გაზრდილი ცნობისმოყვარეობა ამ მწირმა ინფორმაციამ ვერავის დაუკმაყოფილა. შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა ამ სიტყვაში შიფრის ძებნა დაიწყეს და დაადგინეს, რომ ბარამბო სამი ქართველი ცნობადი სახის გვარების პირველი ასოების გაერთიანებით მიღებული აბრევიატურააო, მაგათ აქვთ მაგ ბიზნესში წილიო, ესაო, ისაო... ბევრი ილაპარაკეს და შემდეგ ყველანი ერთად დაეწაფნენ ამ სიტყვას ამოფარებულ ტკბილეულს.

თებერვალში საქართველოში ყველა ნიჭიერი გახდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ყველა ქართველს მოანდომა ფარული ტალანტის გამოვლენა ბრიტანული პროექტის, Britain’s Got Talent-ის გადმოქართულებით. ზოგი იწყევლებოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა... იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დიდების 15 წუთი განიცადეს და მთელ ერს საკუთარი სხეულის ავლადიდება გამოუმზეურეს,  თუმცა ბოლოს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და გამარჯვებული SMS-ების საშუალებით გამოვლინდა. სუფრულ-პატრიოტული რეპერტუარის მქონე მომღერალმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველები ნიჭიერები მხოლოდ სუფრაზე და სამშობლოს სიყვარულში ვართ.

მარტში ორმა სიტყვამ დააბნელა გაჯეტების მოყვარულთა გონება. სტივ ჯობსის წარმატებულმა პრეზენტაციებმა უკვალოდ არ ჩაიარა და ტექნომანებმა თქვეს ერთი ტაბლეტური კომპიუტერი ოჯახში უნდა იყოსო, ოჯახი ხრამიაო და iPad-ის საყიდლად ფულის გროვება დაიწყეს. თუმცა მათ, ვისაც i-ის თავზე დასმული წერტილი არ მოსწონს და სულ სხვა რელიგიის წარმომადგენელია, კომპანია Google-ის მწვანე კაცუნებზე აუციმციმდათ თვალები. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ფართო გაყიდვაში Google Phone-ად მონათლული ტელეფონი Nexus One, რომელზეც ოპერაციული სისტემა “ანდროიდი” იყო ჩატვირთული. ამას სხვა მწარმოებლებიც შეუერთდნენ და ანდროიდების ზეობის ხანა დაიწყო.

აპრილში ყველას ცოდვით სავსე ვულკანი ეიაფიალაიეკული, უფრო სწორად ამ სახელწოდების მქონე მყინვარის მახლობლად მდებარე უსახელო ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ევროპაში ფრენები გადაიდო და დაღონებული ევროპელები ისლანდიის ვულკანს შეჩერებისაკენ მოუწოდებდნენ. ელიზა გეირსდოთირ ნიუმანმა ამ ფაქტს სიმღერაც კი მიუძღვნა, სახელწოდებით “დიდი არეულობა”, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ეიაფიალაიეკული” ერთი პატარა მყინვარისათვის ძალიან გრძელი სახელია, მან დიდი არეულობა გამოიწვია და ახლა მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ ფრენაო, თუმცა ვულკანის სახელი მაინც ვერავინ დაიმახსოვრა.

მაისში თბილისის მერის არჩევნებზე, გიგი უგულავას “პიარშიკებმა” გამოიჩინეს თავი და წლის სლოგანი ისროლეს – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. შემდეგ ეს სლოგანი 1982 წლის 27 თებერვლის გაზეთ “კომუნისტის” პირველ გვერდზეც აღმოაჩინეს გაყვითლებული გაზეთების მოყვარულებმა, მაგრამ ფრაზას მრავალმნიშვნელოვანება ამით არ დაკლებია და ხუმრობებიც უხვად იშვა. მაგალითად, ენამწარე ბლოგერებმა ერთ-ერთ პოსტერზე, სადაც თბილისის მომავალი მერის ფოტო იყო დაბეჭდილი ბავშვების გარემოცვაში, უხამსი კალამბური შენიშნეს და აღნიშნეს, პოსტერი ერს გამრავლებისაკენ მოუწოდებსო, თუმცა მიუხედავად ამისა ეს ფრაზა ფართო მასებში მაინც დამკვიდრდა და კვლავაც აქტიურად გამოიყენება.

ივნის-ივლისში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო ფეხბურთში და ნეტა არ დაწყებულიყო. ვუვუზელების ზუზუნმა კინაღამ ფეხბურთის ყურება ჩააშხამა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. ტელევიზორებიც კი გამოვიდა, რომლებიც სი ბემოლს ახშობს და ვუვუზელას აუტანელი ხმა არ ისმის. ამიერიდან ზულუსების ენიდან ერთი სიტყვა მაინც იქნება შესული მსოფლიოს სხვა ენებში და ის მუდამ გაბმული ზუზუნის სინონიმი იქნება.

აგვისტო-სექტემბერში განათლების სამინისტრომ ინგლისურენოვანი უცხოელები დაპატიჟა საქართველოში, რათა მათ მომავალი თაობისთვის ინგლისური ესწავლებინათ. ისინი თავად პრეზიდენტმა შეადარა ყივჩაღებს და რა გასაკვირია, რომ პროგრამას კოდური სახელწოდებით “TLG” ყივჩაღების ჩამოსახლება დაერქვა. ასევე აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მართლმადიდებლური ეკლესია ჰიპოთეტურ გეი აღლუმს ებრძოდა და ერთ-ერთ ასეთ საპროტესტო აქციაზე იშვა სიტყვა “გვათქმევინე”. სიტყვა, რომლითაც ქართველი მორწმუნე საზოგადოების კოლექტიური არაცნობიერი გამოიხატა.

ნოემბერში ჟურნალისტებმა ჯორჯ ორუელის “1984” გადაიკითხეს, იქიდან ციტატები რომ ამოეკრიფათ და ცხელ-ცხელი ახალი ამბისთვის დაერთოთ. ჯულიან ასანჟმა და მისმა თანამზრახველებმა ამერიკელი დიპლომატების პირადი მიმოწერა ატვირთეს Wikileaks-ის საიტზე, რაც დიდ ძმას არ მოეწონა და ჯულიან ასანჟი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. დღემდე ვერ შეთანხმდნენ მემარჯვენეები და მემარცხენეები ჯულიან ასანჟი ციფრული ეპოქის მესიაა, თუ ანტიქრისტე, თუმცა ამით ერთი კარგი საქმე გაკეთდა, ყველა დარწმუნდა, რომ ცხონებული მარშალ მაკლუჰანის ფორმულა “მედიუმი არის მესიჯი” კვლავაც აქტუალურია.

დეკემბერში წლის ადამიანად ჟურნალმა Time-მა მარკ ზაკერბერგი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში, ჟურნალის ოფიციალურ ვებსაიტზე გამართულ გამოკითხვაში, იგი მეათე ადგილზე გავიდა. მას სტივ ჯობსმა, ბარაკ ობამამ, ჯულიან ასანჟმა გაასწრეს. არც ერთ ზემოხსენებულ ბატონს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მსოფლიოზე, როგორიც ჯერ კიდევ მეორეკურსელის იერის მქონე ცუკმა მოახერხა. წელს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის ნახევარი მილიარდით გაიზარდა და ლურჯი ისტერია მრავალ ენაში აისახა, მათ შორის ქართულში. გასულ წელს თუ Facebook-ის ტერმინოლოგია ჟარგონად იყო შერაცხული, დღესდღეობით ის ყოველდღიურობაში დამკვიდრდა. უკვე ყველგან გაიგონებთ სიტყვებს: დაფრენდება, დალაიქება, დათაგვა, დალინკვა, დაკომენტება, დაშეარება, ვოლი და ა.შ. ენის სიწმინდის დამცველები წუხან, ენა ბინძურდებაო, თუმცა სოციალური მედიის ლურჯი გიგანტი, ქარავანისა არ იყოს, წინ მიდის და ინტერნეტის უდაბნოში სვლას განაგრძობს. ასე რომ, ასოკირკიტა ლექსიკოგრაფებს მომავალ წელსაც მრავალი სიტყვის ჩანიშვნა მოუწევთ.

კომენტარები