საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილს და ობამას საქართველოსთვის იარაღის მოწოდებაზე არ უსაუბრიათ

 საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შეხვედრაზე საქართველოსთვის საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების განახლებაზე არ უსაუბრიათ. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. ის რუსული გამოცემა ”კომერსანტის” მიერ 14 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ”კომერსანტი” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა აშშ-ში ვიზიტის დროს  შეეხსენებინა ობამას ადმინისტრაციისთვის, რომ თბილისი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა და ობამამ ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის, უსაფრთხოებაზე, აღნიშნა ნინო კალანდაძემ. ”თუმცა საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემაზე საუბარი არ ყოფილა,” დასძინა მან.

გასულ კვირას პენტაგონმა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესაძლო განახლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. “მესამე ქვეყნის საშუალებით აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა,” განაცხადა ხუთშაბათს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები