ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011 non progredi est regredi

ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში ყოველ ადამიანს აქვს სრული უფლება,  საკუთარი შეხედულებისამებრ და თავისუფალი არჩევანის პირობებში, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო მის საქმიანობასა და არჩევანში არ ერევა.

რამდენად ასრულებს ამ პირობებს მსოფლიოს 183 ქვეყანა და, მათ შორის, საქართველო, ამას საერთაშორისო ფონდი Heritage, 1995 წლიდან ყოველწლიურად იკვლევს. 2011 წლის კვლევის შედეგები გავლენიანი გამოცემის The Wall Street Journal-ის ფურცლებზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საქართველო 70.4 ქულით მსოფლიოში 29-ე, ევროპაში კი – მე-15 ადგილზეა.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევის ათი პარამეტრიდან – ბიზნესის, ვაჭრობის, ფისკალური, მონეტარული, საინვესტიციო, ფინანსური, შრომისა და კორუფციისგან თავისუფლება, ასევე, მთავრობის ზომა და კერძო საკუთრების დაცულობა – საქართველო მხოლოდ 2 პარამეტრის (მთავრობის ზომა, კერძო საკუთრების დაცულობა) მიხედვით ჩამორჩება (3.3 ქულით) მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს, დანარჩენი 8 პარამეტრის მიხედვით კი17.6 ქულით წინაა.

შარშანდელთან შედარებით, საქართველოს საერთო ქულა უცვლელია, თუმცა მისი პოზიცია მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით გაუარესდა. ბიზნესის, ფისკალური, შრომის თავისუფლებისა და მთავრობის ხარჯების პარამეტრები, შარშანდელთან შედარებით, საშუალოდ 2.2 ქულით შემცირდა. ამ გაუარესების უდიდესი წილი (-5.0) სამთავრობო ხარჯების ზრდაზე მოდის. კვლევის შეფასებით, 2010 წლის განმავლობაში მთავრობის ზომა მშპ-ს 36.4%-მდე გაიზარდა. საბიუჯეტო დეფიციტის პიკი – 9.3% იყო, ხოლო ვალმა მშპ-ს 30%-ს გადააჭარბა. პარალელურად, სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების პრივატიზების ტემპიც მნიშვნელოვნად შენელდა. მთავრობის ზომის პარამეტრის მიხედვით, საქართველოს თავის ყველა უშუალო მეზობელთან შედარებით – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი – უარესი მდგომარეობა აქვს: მეზობელი ქვეყნები საქართველოს საშუალოდ 10.9 პუნქტით უსწრებენ. ევროპის რეგიონში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი  მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, შვეიცარიას აქვს. მათგან სამი – სომხეთი, თურქეთი, რუსეთი საქართველოს უშუალო მეზობელია. დანარჩენ 36 ქვეყანას საქართველო საშუალოდ 21.2 პუნქტით უსწრებს, მათ შორის, დანია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ლატვია, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა.

ვაჭრობის, მონეტარული და კორუფციისგან თავისუფლების პარამეტრები საშუალოდ 2.9 პუნქტით გაუმჯობესდა. ამ გაუმჯობესების უდიდესი წილი (+6.5) მონეტარულ თავისუფლებაზე მოდის. კვლევის შეფასებით, პროდუქციაზე ფასებს ძირითადად ბაზარი განსაზღვრავს, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა სახელმწიფომ ფასების კორექტირება მისსავე საკუთრებაში არსებული საწარმოების მეშვეობით განახორციელა. კვლევის შეფასებით, საქართველო ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორების სუბსიდირებასაც აგრძელებს. ამ პარამეტრის მიხედვით, საქართველოს თავის ყველა უშუალო მეზობელ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს: მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ 4.5 ქულით წინაა. საშუალოდ 4.9 ქულით უსწრებს ევროპის რეგიონის 15 ქვეყანას, მათ შორის, ბალტიის უმეტეს ქვეყნებს, ბელარუსსა და უკრაინას. ევროპის რეგიონის 27 ქვეყანას, მათ შორის, შვეიცარიას, გერმანიას, პოლონეთს, მოლდოვას, საქართველო საშუალოდ 4.6 პუნქტით ჩამორჩება.

შარშანდელთან შედარებით, უცვლელი რჩება საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების პარამეტრები. მათგან ყველაზე პრობლემური ისევ საკუთრების უფლებებია (40). კვლევის შეფასებით, საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემის გაუმართაობა და მისადმი ნაკლები ნდობაა. განსაკუთრებით დაუცველი კი – კერძო და ინტელექტუალური საკუთრებაა. ამ პარამეტრის მიხედვით, თავისი უშუალო მეზობლებიდან საქართველოზე წინ მხოლოდ თურქეთია (10 პუნქტით). ევროპის რეგიონში საქართველოზე წინ, საშუალოდ 33.2 პუნქტით, 29 ქვეყანაა, მათ შორის, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია. 5 ქვეყანას – სერბეთი, მოლდოვა, ხორვატია, მონტენეგრო, რუმინეთი – აქვს ზუსტად საქართველოს ტოლი – 40 ქულა. 8 ქვეყანა, მათ შორის, ბულგარეთი, ბელარუსი და უკრაინა, საქართველოს საშუალოდ 10.6 პუნქტით ჩამორჩება.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის აუცილებელი არ არის დიდი გეოგრაფიული არეალი ან მდიდარი ბუნებრივი რესურსები. ეკონომიკური თავისუფლების პირობებში, ინდივიდუალური თავისუფლება იზრდება. ეს საფუძველს უყრის მდგრად განვითარებასა და კოლექტიურ ბედნიერებას. ქვეყნები, სადაც თავისუფლებაა, საკუთარი ხალხისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.

კომენტარები