ტუნისში მოსახლეობამ ყოფილი პრეზიდენტის სახლები დაარბია

ტუნისის ქუჩებში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე ქვეყნის დროებითი კოალიციური მთავრობა დღეს მუშაობას შეუდგა. ახალი მთავრობის შემადგენლობა ორშაბათს ტუნისის პრემიერ მინისტრმა, მუჰამედ განუშიმ დაასახელა. ძველ მინისტრებთან ერთად, გარდამავალ მთავრობაში ოპოზიციის სამი ლიდერი მოხვდა ჯანდაცვის, რეგიონალური განვითარების და უმაღლესი განათლების  მინისტრების პოსტებზე.

ტუნისში უმუშევრობის მაღალი დონითა და საკვებზე ფასების ზრდით გამოწვეული უკმაყოფილება გასულ კვირას არეულობებში გადაიზარდა. პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებებს 78 ადამიანი ემსხვერპლა. ტუნისის პრეზიდენტმა, ბენ ალიმ ქვეყანა პარასკევს დატოვა და თავი საუდის არაბეთს შეაფარა.

უცხოური მედიის ცნობით, ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი ქვეყნიდან ხელცარიელი არ წასულა. ფრანგული გაზეტი, ”ლე მონდი”იუწყება, რომ ბენ ალის ოჯახის წევრებმა ტუნისიდან 1.5 ტონა ოქრო გაიტანეს. ტუნისის მოსახლეობა კი ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილ სახლებში შეიჭრა და დაარბია. ადგილობრივების თქმით, ბენ ალის ოჯახი, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, არნახულ ფუფუნებაში ცხოვრობდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტუნისის რევოლუციის ტალღა, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებსაც გადაედოს. აფრიკის არაბულ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო გახშირდა სოციალური პრობლემებით უკმაყოფილო ადამიანების მიერ თავის დაწვის ფაქტები. ევრონიუსის ცნობით, ტუნისის სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, იორდანიისა და ლიბიის ლიდერებმა უკვე გასცეს კვების ძირითად პროდუქტებზე ფასების დაწევის ბრძანება. 

კომენტარები