ახალი წელი ახალი პრეზიდენტით

Forbes-მა იგი 2010 წლის გავლენიანი ადამიანების სიის მე-16 ნომრად დაასახელა. ამ ნუსხაში მას თვით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მე-17 ადგილი) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (მე-20 ადგილი) ჩამორჩებიან. 31 ოქტომბერს ხმათა 56,05%-ით ბრაზილიამ იგი პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩია. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი 63 წლის დილმა რუსეფმა ოფიციალურად გადაიბარა ლათინური ამერიკის უმსხვილესი სახელმწიფოს მართვის სადავეები. 

ყოფილი მარქსისტი დილმა რუსეფი 60-70-იან წლებში მემარცხენე იატაკქვეშა ორგანიზაციებში ირიცხებოდა და სახელმწიფოში არსებული დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა. 1970 წლის იანვარში სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს სამოქალაქო პარტიზანთა შენაერთები, ხოლო რუსეფი 3 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც გამუდმებით აწამებდნენ. დისიდენტობის გამო იგი უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. რუსეფმა მხოლოდ 1977 წელს შეძლო უმაღლესი განათლების დასრულება, რის შემდეგაც ეკონომიკისა და სტატისტიკის ფონდში მუშაობდა. სწორედ აქედან იწყება დილმას შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა. სოციალისტურ ბანაკში იგი თვალსაჩინო ეკონომისტი გახდა. 2003 წლიდან მთავრობის წევრია – ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.  
პრეზიდენტი რუსეფის ბედი საბოლოოდ მაინც მისმა პოპულარულმა წინამორბედმა ლულა და სილვამ განაპირობა. Gallup-ის კვლევის თანახმად, ლულა და სილვამ თავისი საპრეზიდენტო ვადა 87%-იანი მხარდაჭერით დაასრულა. მხარდაჭერის ანალოგიური მაჩვენებელი აშშ-ის პრეზიდენტს ჰარი ტრუმანს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების, ხოლო ჯორჯ ბუშს – 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჰქონდა. რუსეფი მთელი 5 წლის განმავლობაში ლულას ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა და მისი უდიდესი ნდობით სარგებლობდა. ლულას კი მოქმედი კანონმდებლობით მესამე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ამდენად, მშრომელთა პარტიამ საპრეზიდენტო მარათონში სწორედ ლულას რჩეული დილმა რუსეფი დაუპირისპირა სან პაულოს ყოფილ მერსა და გუბერნატორს ჟოზე სერას.  
ახალი მთავრობა დილმა რუსეფის ხელმძღვანელობით პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის ლულა და სილვას პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.  
სილვას ხელისუფლებაში მოსვლიდან (2002 წელი) საშუალო კლასი 29 მილიონი ადამიანით გაიზარდა – შეიქმნა ახალი ძლიერი შიდა სამომხმარებლო ბაზარი. კიდევ 20-მა მილიონმა მოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს. ბრაზილია, რომელიც 2002 წელს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა და მსოფლიო სავალუტო ფონდიდან მიღებული 30 მილიარდდოლარიანი დახმარების წყალობით გადარჩა, დღეს იმავე ფონდს დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს აწვდის სხვა ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი სესხების უზრუნველსაყოფად.
თუმცა, ბრაზილიის ტრანსფორმაციას ლულას წინამორბედმა, მემარჯვენე ფერნანდო ენრიკე კარდოზომ ჩაუყარა საფუძველი. მრავალი წლის განმავლობაში ბრაზილიას მსოფლიო პროცესებში აქტიური მონაწილეობა სურდა. იგი ერთადერთი ლათინოამერიკული ქვეყანა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპას შეიარაღებული ძალები  გაუგზავნა. მაგრამ მაშინ ბრაზილიას ომისშემდგომი მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი არ ერგო. ქვეყანამ თავი მხოლოდ 1990-იანი წლების შუახანებში დაიმკვიდრა. კარდოზოს მიერ დაწყებული რეფორმების წყალობით ინფლაციის ტემპი შემცირდა, ქვეყანა ღია ვაჭრობის პრინციპზე გადავიდა და მსოფლიო ფინანსურ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი იპოვა. ლულამ  ეს კურსი 8-წლიანი შეუქცევადი ეკონომიკური ზრდით დააგვირგვინა. 
2014 წელს ბრაზილიაში მუნდიალი გაიმართება. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობამდე კი, წინასწარი პროგნოზით, ეს ქვეყანა სიდიდით მეხუთე ეკონომიკა გახდება მსოფლიოში. ბრაზილია შაქრის შემცველი ეთანოლის უმსხვილესი მწარმოებელია. გარდა ამისა, ქვეყნის საბადოებში ნავთობის მარაგი, დაახლოებით, 5-8 მილიარდ ბარელს მოიცავს. ვენესუელის შემდეგ ნავთობის მოპოვებით ბრაზილია რეგიონში მეორე ადგილზეა. ვენესუელაში ნავთობის მარაგი მერყეობს, ამიტომ ბრაზილიის როლი ამ თვალსაზრისითაც იზრდება. ამას ემატება ისიც, რომ ვენესუელას ვაშინგტონთან პრობლემები აქვს. ლათინური ამერიკის რეგიონი კი ვაშინგტონის ყველაზე სასურველი პარტნიორია. 
ექსპერტების ვარაუდით, თუ ახალ პრეზიდენტს – დილმა რუსეფს  წარმატება სურს, მან ერთი მხრივ უნდა გააგრძელოს კარდოზო-ლულას დასახული ეკონომიკური განვითარების კურსი, ხოლო მეორე მხრივ აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს. რუსეფი სწორედ რომ მისი წინამორბედების ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. თუმცა, ამასთან, პირველი საპრეზიდენტო ვადის უმნიშვნელოვანეს ამოცანად სახელმწიფო ვალის 41%-დან 38%-მდე შემცირებას ისახავს. ამის მისაღწევად, იგი შეეცდება სახელმწიფოს როლის გაძლიერებას ნავთობის მრეწველობაში და, ასევე, საჯარო სახსრებით მსხვილი ბიზნესის სუბსიდირებას, სანაცვლოდ კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს. 
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ახალ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მოუწევს. ლულას რწმენამ, რომ დიალოგი არის ყველა საერთაშორისო პრობლემის პასუხი, ბრაზილია აშშ-ს დააშორა და არადემოკრატიულ რეჟიმებს დაუახლოვა. განსაკუთრებით ნეგატიური იყო ამ თვალსაზრისით ბრაზილიის მიდგომა ირანთან დაკავშირებით – როგორც ადამიანის უფლებების, ისე ბირთვული პროგრამის კუთხით.

კომენტარები