ავტოსადგურის ლაბირინთებში

იანვრის დასაწყისში თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, თუმცა გუნდაობისა და თოვლში სხვა სახის გართობის მოყვარული ადამიანებისათვის საკმარისი ნამდვილად არ არის. თუკი თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, სამთო კურორტების არჩევანი გაქვთ – გუდაური, ბაკურიანი ან ახლად გახსნილი მესტიის სათხილამურო ტრასები და გოდერძის უღელტეხილის „კურორტი ოთხი სეზონისთვის”.


ზამთრის სამთო ტურიზმის მოყვარულებს საქართველოში გამომგზავრებას ჟურნალი The New York Times-ი ურჩევს. მართალია, სტატიაში საქართველოს რესპუბლიკად ვართ მოხსენებული, ნაცვლად უბრალოდ საქართველოსი, სამაგიეროდ იმ 41 ადგილს შორის, სადაც 2011 წელს ტურისტი აუცილებლად უნდა წავიდეს, საქართველოს მაღალმთიანი კურორტები მე-6 ადგილზეა. ამავე პუბლიკაციის მიხედვით, შარშანდელ სეზონზე გუდაური და ბაკურიანი 30 ათასმა ტურისტმა მოინახულა და ეს რიცხვი ისევ იზრდება.


მაგრამ როგორ შეიძლება ამ კურორტებზე მოხვედრა? ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, თბილისში 11 კერძო ავტოსადგურია. თუმცა საკმარისია, სასურველი მარშრუტის განრიგების დადგენა სცადოთ, აღმოაჩენთ, რომ ეს საინფორმაციო ცენტრის დახმარებითაც კი შეუძლებელია. ამიტომ შევიარაღდი ვირტუალური თხილამურებით და თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის სალაროს მივაშურე. თუკი აქაური ავტოსადგურების სპეციფიკის კარგად მცოდნე ადამიანი ასე თუ ისე ახერხებს სადგურზე გამეფებულ ქაოსში გარკვევას, უცხოელი ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში პირველადაა, მცოდნე გიდის გარეშე თითქმის შეუძლებელი ხდება ავტოტრანსპორტით სარგებლობა. საქმეს ართულებს ის, რომ სადგურებში ყველა წარწერა და სალაროებზე გამოკრული მარშრუტების განრიგი მხოლოდ ქართულ ენაზეა შესრულებული.

როგორც ადგილზე აღმოჩნდა, ავტოსადგურ შპს „დედაქალაქს” მესტიის და გუდაურის მიმართულებით პირდაპირი მარშრუტი არ აქვს, არც ჩვეულებრივი და არც მიკროავტობუსებით. მესტიის სამთო კურორტზე წასვლის მსურველებისთვის მოლარემ ალტერნატიული ვარიანტი შემომთავაზა. მიკროავტობუსი, რომელიც ჭუბერისკენ მიდის, მესტიის მგზავრებისთვის ყველაზე მისაღები ყოფილა. თუმცა საკითხავია, რამდენად მოსახერხებელია თბილისიდან ჭუბერამდე მიკროავტობუსით და შემდეგ სხვა, ადგილობრივი ტრანსპორტით მესტიამდე მგზავრობა.

შედარებით ადვილია ბაკურიანში მოხვედრა. თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან ბაკურიანისკენ ყოველდღე გადის მიკროავტობუსი. გუდაურში სრიალის მოყვარულები კი მოლარემ, რომელიც ცნობათა ბიუროს ფუნქციებსაც ითავსებდა, დიდუბეში, „ოკრიბას” ავტოსადგურისკენ გადაამისამართა.

მესტიაში გამგზავრების აუტანელი სურვილით შეპყრობილმა ისევ ავტოსადგურის გარეთ მდგომ ტაქსებს მივაკითხე. ტაქსი ზუგდიდამდე სულ რაღაც 250 ლარი ღირს, ზუგდიდიდან მესტიამდე დარჩენილი 136 კილომეტრი კი ადგილობრივი ტრანსპორტით უნდა დაფარო. მძღოლის თქმით, ზუგდიდიდან ვილისის ტაქსით მგზავრობის ფასი 15, ხოლო ნივით – 20 ლარია.

ცენტრალურ ავტოსადგურთან შედარებით, გაცილებით მეტი ქაოსი და გაურკვევლობაა დიდუბეში – გვერდიგვერდ რამდენიმე ავტოსადგურია – „ოკრიბა”, „დიდუბე” და „ნიგე”. გუდაურსა და ბაკურიანში აქედან გამგზავრება განსაკუთრებულ სირთულესთან არაა დაკავშირებული, მიკროავტობუსით მგზავრობა 10-15 ლარი ღირს. მაგრამ მესტია კვლავ მიუწვდენელ მიზნად რჩება. ერთიანი ცნობათა ბიუროს არარსებობის გამო იძულებული გავხდი თითოეული ავტოსადგურის მოლარეები სათითაოდ გამომეკითხა. „ოკრიბაში” ამასთან დაკავშირებით ვერაფერი მითხრეს, „დიდუბეს” მოლარემ კი უკანვე, ვაგზლის მოედნისკენ გამაგზავნა და „ეტყობა კარგად არ გიძებნია, თორემ რამეს აუცილებლად იპოვიდიო” დააყოლა. მოლარეებისა და ავტოსადგურის მიდამოებში კლიენტის მომლოდინე ტაქსისტების გამოკითხვის შემდეგ გამოიკვეთა საერთო სურათი. მესტიაში წასვლა შესაძლებელია, თუმცა ამ უბრალო ინფორმაციის მისაღებად ორ საათზე მეტი და 20-მდე ადამიანის გამოკითხვა დამჭირდა.

ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფრო ცივილური მეთოდია საინფორმაციო ცენტრში დარეკვა. მაგრამ 09-ში ინფორმაცია მხოლოდ ვერტმფრენის რეისზე აქვთ, რომელიც კვირაში ორჯერ, შაბათ-კვირას დაფრინავს.

ინტერნეტსაიტ skigeorgia.ge-დან ირკვევა, რომ სვანეთის მიმართულებით პეგასუს აირლაინს თვითმფრინავის რეისი აქვს დანიშნული. იგი კვირაში ხუთ რეისს ასრულებს. ორმხრივი მგზავრობის ფასი 150 ლარია. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას საათ-ნახევარს ანდომებს.

თუკი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც მოახერხეთ დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სვანეთია, დაბინავების პრობლემები ნაკლებად შეგაწუხებთ. ინტერნეტის დახმარებით ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა და ადგილების დაჯავშნა, როგორც მესტიის სასტუმრო თეთნულდში, ასევე 20-მდე საოჯახო სასტუმროში.

სვანეთის კურორტებისადმი გაზრდილი ინტერესის და გაძლიერებული პიარკამპანიის ფონზე გასაკვირია ასეთი მოუწესრიგებლობა. მით უმეტეს, რომ ავტოსადგურები კერძო კომპანიების მფლობელობაშია. მათ შორის კონკურენციას, წესით, სერვისის გაუმჯობესებისკენ უნდა მივყავდეთ. ამ ეტაპზე ავტოსადგურები ტურისტულ ბაზარზე გაჩენილ ახალ მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. პრობლემის გადაწყვეტამდე არც სადგურებზე სახელმწიფო რეგულაციის თავს მოხვევა მიგვიყვანდა. ეს არასამართლიანი კონკურენციის რისკს გაზრდიდა და არჩევანთან ერთად, ხარისხის ამაღლების სტიმულსაც შეამცირებდა. ჯერჯერობით კი აღტაცებას მხოლოდ ტურისტების მონდომება და მოხერხებულობა იწვევს, რის ხარჯზეც, მიუხედავად მგზავრობის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სირთულისა, „უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუხრელად იზრდება”.

 

 
 

კომენტარები