დაკარგული სამოთხე

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ფინანსურად დამოკიდებული. საოკუპაციო რეჟიმის 2011 წლის ბიუჯეტის 2/3 რუსული დაფინანსებით უნდა შეივსოს. მთავარი ინვესტორი, ისევე როგორც ტურისტი, მეწარმე თუ ბანკირი, აფხაზეთში რუსეთია. თუმცა ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი მოთამაშეა, ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებული არ არის – ამით საოკუპაციო რეჟიმზე კონტროლის ეკონომიკურ ბერკეტებს ინარჩუნებს.  

ეკონომიკის სტრუქტურა 
ოკუპირებულ აფხაზეთში აღრიცხვის მაკროეკონომიკური სისტემა ჯერაც არ არის შექმნილი. მიახლოებითი გაანგარიშებებით, 2003 წლისთვის, ანუ ვარდების რევოლუციამდე აფხაზეთში მშპ დაახლოებით 70-80 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური იყო ანუ 350 აშშ დოლარის – ერთ ადამიანზე. ეს ინდიკატორი  იმჟამინდელი დანარჩენი საქართველოს მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლები იყო. 2003 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის პარალელურად ეს სხვაობა ოკუპირებული ავტონომიისა და დანარჩენი საქართველოს განვითარებას შორის კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს, სხვადასხვა შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დაუანგარიშებელი მშპ-ს 60 პროცენტს ვაჭრობა შეადგენს, მხოლოდ 10 პროცენტს – ტურიზმი, რომელიც ამჟამინდელი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების მესამედს ავსებს. 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს სრული ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს. ასეთივე იყო ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წილი – საქართველოში წარმოებული პროდუქციის 12 პროცენტი აფხაზეთში იწარმოებოდა. 1985-90 წლებში ავტონომიაში 500-მდე საწარმო მუშაობდა და აქ 30 ათას ადამიანამდე იყო დასაქმებული. იმჟამინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლისთვის ავტონომიურ რესპუბლიკაში წამყვანი ადგილი კვების მრეწველობას ეკავა (წარმოების 56 პროცენტი), მეორე ადგილზე მსუბუქი მრეწველობა იყო (12 პროცენტით), მესამეზე – ენერგეტიკა (10 პროცენტი), მეოთხეზე კი მანქანათმშენებლობა გახლდათ (8 პროცენტამდე). 
აფხაზეთის ეკონომიკა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ექსპორტზე იყო მთლიანად ორიენტირებული. შესაბამისად, სსრკ-ს დაშლამ და დსთ-ს სანქციებმა მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თუმცა უკანონო ექსპორტი რუსეთსა და თურქეთში პრაქტიკულად არ შეჩერებულა.  
თვითაღიარების 10 წლის თავზე ციტრუსების მთელი მოსავალი – 4,5 ათასი ტონა (1989 წლის მოსავლის 10 პროცენტი) მთლიანად რუსეთში გადიოდა. სასოფლო-სამეურნეო მიწების 60 პროცენტი კი დაუმუშავებელი იყო. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პროდუქტის გადამუშავების მასშტაბები შედარებით გაიზარდა. არის ღვინის, ლიქიორის და კონიაკის წარმოების პრეცედენტებიც. თუმცა, რუსული ანალიტიკური წყაროების ინფორმაციით, აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სერიოზულ კონკურენციას უწევს სამხრეთ რუსეთში უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო კომპლექსი.  
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდა ძირითადად შეიმჩნევა გალის რაიონში მოყვანილი თხილის ექსპორტის ხარჯზე. თხილის ექსპორტი აფხაზური ელიტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამაში ჩართული არიან რუსი სამხედროებიც. ამასთან, აფხაზური მთავრობა გალში თითოეული ქართული ოჯახისგან 70-80 კილოგრამი თხილის მათ მიერ დადგენილი ფასებით ჩაბარებას მოითხოვს.
აფხაზური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა ხე-ტყის დამზადება. აფხაზეთის ტყეები უნიკალური ჯიშებით გამოირჩეოდა, რომლის მოჭრა 1978 წელს აიკრძალა, თუმცა 90-იანი წლებიდან ხის ჭრა ინტენსიურად გაგრძელდა. მასალა ძირითადად რუსეთის და თურქეთის ავეჯის ქარხნებს მიეწოდება. ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის შემცველი ამ სფეროს გარდა, სოჭის ოლიმპიადის მშენებლობებისთვის, 2007 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამშენებლო მასალების მოპოვება შავი ზღვის სანაპიროზე, პერსპექტიულ მიმართულებად ჩაითვალა.
2007-2009 წლებში სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში, ანუ ტურისტულ ზონაში სამშენებლო სამუშაოები გამოცოცხლდა. ამ პროცესს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის არსებული მიდგომა აფერხებს.
 
პრივატიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული 2000-2010 წლების სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას ითვალისწინებს, აფხაზეთში ღია პრივატიზაცია პრაქტიკულად არ ხორციელდება. თუმცა, საოკუპაციო კანონების გვერდის ავლით, წლების მანძილზე აფხაზეთის ქონება ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე გაიყიდა. მაგალითად, ამერიკის ხმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მსხვილი ინვესტორი მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვია. მან აფხაზეთში შეიძინა: გაგრაში სანატორიუმი “ამრა”, პანსიონატი “გაგრიფში”, „კოლხიდა”, სასტუმრო “ოქროს კარიბჭე” და სხვა. ბიჭვინთაში: დასასვენებელი ბაზა “ოქროს გორა”, დასასვენებელი კომპლექსი “კურორტი ბიჭვინთა” და ა.შ. სოხუმში: სასტუმრო “რიწა”, “აფხაზეთი”, სოხუმი”, სოხუმის ცენტრში მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც გასართობ ცენტრს და გოლფკლუბს აშენებს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, მაგალითად გაგრაში მდებარე სანატორიუმი „არმენია” 20 წლით იჯარით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს გადაცემული. სანკტ-პეტერბურგის დახურულმა საწარმო „როკადამ” გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში არსებული დასასვენებელი სახლი „ლაზური” იჯარით აიღო და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით ყველა ეს გარიგება უკანონოა. 
ამ თვალსაზრისით 2010 წელი ერთი ეკონომიკური სიახლით გამოირჩეოდა. დეკემბერში ხელმოწერილი და რუსეთის დუმას მიერ რატიფიცირებული ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულება ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური და რუსული ინვესტიციებისთვის თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს. რაც ყველაზე საინტერესოა – საუბარია 1994 წლიდან განხორციელებულ ე.წ. ინვესტიციებზე, როცა რუსეთმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისგან დღემდე განხორციელებული უკანონო გარიგებების საკანონმდებლო გარანტია მიიღო.
 
ტურიზმი
იჯარით გაცემულ ან რეალურად გაყიდულ ობიექტთაგან უმეტესობა ტურისტული სფეროდანაა, თუმცა აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი იმედი – ტურიზმი დღეს საოკუპაციო რეჟიმისთვის მოსალოდნელ შემოსავლებს ვერ იძლევა. 80-იან წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 103 დასასვენებელი სანატორიუმი თუ სასტუმრო იყო. 80-იან წლებში აფხაზეთში 220-250 ათას ტურისტამდე ისვენებდა, ტურისტული ბუმი 1990 წელზე მოდის, როცა აფხაზეთში 550 ათასმა ადამიანმა დაისვენა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში 2010 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამას თავად საოკუპაციო რეჟიმიც აღიარებს. აფხაზეთს 300 ათასზე ნაკლები ადამიანი ეწვია, იმ ერთდღიანი ტურისტების ჩათვლით, ვინც აქ მხოლოდ ათონის მღვიმისა და რიწის ტბის სანახავად შემოიარა. რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიების არქონაზე მეტად ხელი ტურისტული მომსახურების არაადეკვატურად მაღალმა ფასებმა ააღებინა, რაც მათ ინტერნეტ-ტურისტულ ჩანაწერებში კარგად ჩანს.
 
ნავთობწარმოება 
ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტი, რომელსაც აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აქვს. რაც მთავარია, 2009 წლის 24 დეკემბერს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზტობთან ერთობლივი საწარმოს რნ-აფხაზიას შექმნის შესახებ. ერთობლივი საწარმოს 51% რუსული კომპანიის კუთვნილებაა. ამ ერთობლივ კომპანიას შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და საბადოების განვითარების უფლება გადაეცა.
 
ენერგოსექტორი 
თავის დროზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული ენერგოსექტორიდან დღეს მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი. ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოებს თურქი ბიზნესმენები ამუშავებენ, თუმცა საბადოში ინვესტიციები არ ხორციელდება და, შესაბამისად – ქვანახშირის მოპოვების მასშტაბების აღდგენაც ვერ მოხერხდა. სოხუმისა და სხვა მცირე ჰესები სარეაბილიტაციოა და არ მუშაობს. არ მუშაობს არც ტყვარჩელის თეზი. დღეს აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ენგურჰესზეა დამოკიდებული, რომლის რეაბილიტაციასა და ფუნქციონირებასაც, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. სხვათა შორის, ენგურჰესი ის ობიექტია, რომლის მართვის გამოცდილება იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ინტერესების გამო, კონფლიქტის მხარეებმა წარმატებით ითანამშრომლონ.   
 
საბანკო სისტემა 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემა რუსეთის საბანკო სისტემის პრაქტიკული დანამატია. საოკუპაციო რეჟიმის ცენტრალური ბანკის მონაცემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე 15 ბანკია რეგისტრირებული, თუმცა მათი ჯამური საწესდებო კაპიტალი 1 ოქტომბრის მონაცემებით სულ 251 733 ათას რუბლს, ანუ 8 მილიონ 361 ათას აშშ დოლარს შეადგენს (რაც საქართველოს ერთი ბანკის მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე 1/3-ით ნაკლებია). აღნიშნული ბანკები (რომელთაც, ცხადია, საქართველოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნიათ) ჩართული არიან რუსეთის  საფინანსო-საკრედიტო სისტემა „ზოლოტაია კორონა”-ში. 
 
თურქული ეკონომიკური ინტერესები 
რუსეთის შემდეგ აფხაზეთში რიგით მეორე ეკონომიკური აქტორი თურქეთია. აფხაზეთის ტყის 50 პროცენტზე მეტი თურქეთში გადის, ისევე, როგორც ჯართი და ქვანახშირი. მეორე მხრივ კი თურქეთიდან აფხაზეთში სიგარეტის და საკვები პროდუქტის იმპორტირება ხდება. ბოლო წლების მანძილზე, სულ რამდენიმე გემი დაიჭირა და დააჯარიმა ქართულმა სასაზღვრო პოლიციამ, თუმცა ამაზე შორს სანქციები არ წასულა. მეორე და განსაკუთრებით შემოსავლიანი საქმიანობა თევზჭერაა. ცნობილი თურქული კომპანიები (მაგალითად, ქილ ქარდეხლერი და კონსული) მუშაობდნენ აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზრიბასთან, დღეს კი თურქულ-აფხაზურ ერთობლივ კომპანია ამლაგურთან მუშაობენ. რაც შეეხება ინვესტიციებს – თურქული ინვესტიციები კაპიტალს დებენ აფხაზეთის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, დაწყებული ზღვისპირა კაფეებიდან – ტყვარჩელის შახტით დასრულებული. ამას გარდა, ოჩამჩირის რეგიონში მიწების ნაწილი თურქებს აღებული აქვთ თხილის პლანტაციების მოსაყვანად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ე.წ. „აღიარების” შემდეგ რუსეთმა თურქული ეკონომიკური ინტერესების შევიწროება დაიწყო და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება პრაქტიკულად შეჩერებულია.   
 
ბიუჯეტი
საქართველოს ოკუპირებული ავტონომიის მთავარი ფინანსური კანონი – ბიუჯეტი აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე რეალისტური სურათია: 2011 წლის ბიუჯეტი სულ 4 მილიარდ 436 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 147 მილიონი აშშ დოლარია. ბიუჯეტის თითქმის 66 პროცენტი, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის საიტის მონაცემების თანახმად, რუსულ დახმარებაზე მოდის – 2,94 მილიარდი რუსული რუბლი (ანუ დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარი). ამ ბიუჯეტით, მაგალითად საშუალო პენსია, ოკუპირებულ აფხაზეთში 500 რუბლი, ანუ დაახლოებით 16 დოლარია. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი კი რუსეთის საჯარისო ნაწილების შენახვაზე იხარჯება. ციფრები გვამცნობს, რომ საკუთარი შემოსავლებით, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა, მწირი ბიუჯეტის ხარჯების მხოლოდ 30 პროცენტის დაფინანსებას ახერხებს.

კომენტარები