ინფლაცია 2010

ტაბულა
 2010 წლის დეკემბრისთვის საქართველოში ინფლაციამ 11%-ს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ინფლაცია წარმოადგენს 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას და 2011 წლისთვის ინფლაციის შეჩერება და დაბალ ნიშნულამდე დაყვანა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამავდროულად არაერთხელ დასახელდა ინფლაციის მიზეზები და ის ე.წ. ეგზოგენურ ფაქტორებს დაბრალდა. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ნახსენები იყო ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც ავტომატურ რეჟიმში მოჰყვა ფასების ზრდა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე. რიგ შემთხვევებში კი ინფლაცია ახსნილი იქნა, როგორც ნავთობზე ფასების ზრდის თანმდევი და გარდუვალი პროცესი. სხვა პროდუქტების დასახელებებმაც გაიჟღერა, თუმცა ყველა შემთხვევაში არგუმენტაცია ერთ ხაზს მიჰყვებოდა – ჩვენ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა (სადღაც შორს), შესაბამისად ჩვენთანაც გაძვირდა, შედეგად მივიღეთ მაღალი ინფლაცია, მთავრობა კი არაფერ შუაშია, რადგან, სამწუხაროდ, ინფლაციის მოთოკვის ბერკეტები არ გააჩნდა.

თავისთავად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ვაცნობიერებთ რამდენად სახიფათო პრობლემაა ინფლაცია. თუმცა, თუ სწორად არ განვსაზღვრავთ პრობლემის გამომწვევ მიზეზს (ამ შემთხვევაში ასეთი მიზეზი სწორედაც რომ ერთია), ინფლაციასთან დაგეგმილი „ბრძოლა” უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. მსგავსი მაგალითებით, როდესაც მთავრობები ებრძვიან თვითნაკეთ ფანტომებს და ამით კიდევ უფრო აზარალებენ მოსახლეობას,  სავსეა ისტორია.

რა არის ინფლაცია?

ინფლაციაზე ხშირად ისე საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, თითქოს ეს იყოს რაღაც ამოუცნობი ფენომენი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების (და მიზეზები როგორც ყოველთვის მრავალფეროვანია) გამო პერიოდულად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას. რაც მთავარია, ყველა მთავრობა მას ჯიუტად და ბეჯითად ებრძვის, მაგრამ ხანდახან თავს ზევით ძალა არ არის.

სინამდვილეში ინფლაციის მიზეზი ყოველთვის არის ერთი – ფულის მასის ზრდა. და მას ყოველთვის იწვევს მთავრობა, რადგან სწორედ ქვეყნების მთავრობებს გააჩნიათ მონოპოლია ფულის ბეჭდვაზე.

როდესაც ბაზარზე იზრდება ფულის მასა, მოქალაქეებს უჩნდებათ მეტი ფული, რომელიც შეიძლება დახარჯონ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. თუ პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება არ გაიზრდება, ან იმდენად არ გაიზრდება, რამდენადაც გაიზარდა ფულის მასა, მაშინ ცხადია ფასები მოიმატებს.

ადამიანი ისევე აფასებს ფულს, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს. რაც მეტია პროდუქტის რაოდენობა, მით ნაკლებია მისი ღირებულება ადამიანის თვალში. როდესაც მოქალაქის მფლობელობაში აღმოჩნდება მეტი ფული, მისთვის თითოეული ლარის ღირებულება კლებულობს. საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროდუქტის ფასი ხომ ფულისა და ამ პროდუქტის გაცვლის კურსია. შესაბამისად, ფულის მასის გაზრდის შემთხვევაში ფასები მატულობს არა იმიტომ, რომ პროდუქტი დეფიციტური გახდა, არამედ იმიტომ, რომ ფული გახდა ჭარბი.

რატომ ვერ გამოიწვევდა საქართველოში ინფლაციას ხორბლის თუ ნავთობის ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე?

ინფლაციის სხვა, ისეთ მიზეზებზე დაბრალება, რომელთაც შეიძლება მხოლოდ დროებითი ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს, ისიც მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხორბალზე ფასების ზრდამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად იმპორტირებული იქნება, შეიძლება ფასები გაზარდოს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელთა დასამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი. მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ამან ფასების დონის ზოგადი მატება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკურ ასპექტებში ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხორბლისა თუ ნავთობის იმპორტს ახორციელებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 2010 წლისთვის ინფლაციამ ევროზონაში შეადგინა 2,2%, ხოლო იაპონიასა და შვეიცარიაში – 0,2%. ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ინფლაციის დონე საქართველოზე დაბალია. თუ მთავრობის არგუმენტაციას დავიჯერებთ, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსტრაორდინარული მონდომებით მიირთმევენ პურს და მოიხმარენ საწვავს, რადგან სხვა შემთხვევაში ხორბალზე და ნავთობზე ფასების ზრდას მეტ-ნაკლებად იდენტური გავლენა უნდა მოეხდინა ფასების დონეზე სხვა ქვეყნებშიც.

რატომ არის ინფლაცია განსაკუთრებით საზიანო და სახიფათო?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ასე ჟღერს – იმიტომ, რომ ბევრ, სხვადასხვა ტიპის პრობლემას წარმოშობს. ინფლაცია ამცირებს ლარის ღირებულებას (თუ ლარად შეგეძლოთ გეყიდათ 2 ვაშლი, ახლა იყიდით ნაკლებს), „აძვირებს” ცხოვრებას, კიდევ უფრო აღატაკებს მოსახლეობის ღარიბ ნაწილს (ახალი ფულის მასა ბაზარზე ერთიანად არ შემოდის და თანაბრად არ ნაწილდება. ახალი ფული ჯერ ხვდება ერთი სოციალური ჯგუფის ხელში, რომელიც ხარჯავს მას პირველი და რჩება მოგებული, რადგან ბაზარი ჯერ არ არის გაჯერებული ახალი ფულით და ფასები ისევ პირვანდელ მდგომარეობაშია. შემდეგ ახალი ფულის მასა ინაცვლებს სხვა ჯგუფების ხელში, რომლებიც ასევე ხარჯავენ მას სხვადასხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში ახალი ფული არ ხვდება ან ნაკლებად ხვდება მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის ხელში, რომლებიც ან შემწეობაზე არიან ან, საუკეთესო შემთხვევაში, ფიქსირებულ ხელფასზე. სწორედ მათ მოუწევთ იმავე შემოსავლებით გაზრდილ ფასებთან გამკლავება), აუფასურებს დანაზოგებს (თუ გაქვთ ბანკში დანაზოგი, რომლითაც შეგეძლოთ მაგალითად ავტომანქანის ყიდვა, ახლა, იმავეს გაკეთების შემთხვევაში, თანხის დამატება მოგიწევთ), კლავს დანაზოგის გაკეთების მოტივაციას (რა აზრი აქვს ფულის შენახვას თუ ფიქრობ, რომ მისი ღირებულება დაიკლებს), ახდენს დოვლათის უსამართლო გადანაწილებას (იგებენ ისინი, ვის ხელშიც ყველაზე ადრე მოხვდება ახალი ფული), ადამიანებს უკარგავს პატიოსანი ბიზნესის კეთების მოტივაციას და სხვა.

გამოსავალი?

ინფლაციის შეჩერება მარტივია (ცხადია, თუ ჰიპერინფლაციამდე არ არის პროცესი მისული). ამას ახერხებს თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანა. უბრალოდ საჭიროა შესაბამისი სურვილის არსებობა. მექანიზმი კი არც ისე რთულია – უნდა შეწყდეს ზედმეტი ფულის მასის მიმოქცევაში გაშვება, მიუხედავად იმისა, რა მნიშვნელობის პროექტებში იხარჯება ეს ფული.

კომენტარები