პროფკავშირები: მაღაროს მესაკუთრე კომპანიამ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ იცოდა

ტყიბულის მინდელის მაღროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა, მოსალოდნელი იყო და ამ საკითხზე ინფორმაცია მაღაროს მესაკუთრე კომპანიასაც ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გააკეთა.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, 5-კაციანი ჯგუფი მაღაროში სწორედ ხელმძღვანელობის ზეწოლის შემდეგ ჩავიდა. პეტრიაშვილის განცხადებით, მაღაროელებმა იცოდნენ, რომ მინდელის მაღროს მესამე უბანზე მეთანის რაოდენობა 6%-ს აღწევდა. ”ასეთ შემთხვევაში ადგილზე არა თუ ქანების აფეთქების სამუშაოების წარმოება, არამედ გაჩერებაც დაუშვებელია,” აღნიშნა მან.  პროფკავშირების გაერთიანებამ მოითხოვა ”საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” მომხდარი აფეთქებების მაღაროელებზე გადაბრალება შეწყვიტოს.

ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს, განაცხადა დღეს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. აფეთქებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა. მან აფეთქების შემდეგ გაკეთებულ პირველად დასკვნას იმის შესახებ, რომ შემთხვევა დაღუპული მაღაროელის ბრალი იყო, უნდობლობა გამოუცხადა.

”გამახსენდა, რომ წინა აფეთქებაზეც ზუსტად ასეთივე დასკვნა დადეს - ყველაფერი მაღროელებს დააბრალეს. პროკურატურამ მაშინ ეს საქმე გამოიძია,” განაცხადა პრეზიდენტმა ”ყველანაირი დასტურია იმისა, რომ წინა აფეთქება მაღაროს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო და არა მაღაროელების დაუდევრობის. ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, დაწერეს ის დასკვნა, რომელიც მაღაროს ხელმძღვანელობას სურდა,” დასძინა მან. 

კომენტარები