ვთამაშობთ კინგს

Hisense Arena მალე გაიხსნება. დიდი ბიჭები ნელ-ნელა იკრიბებიან. ზოგმა ვერ გამოიძინა, ზოგს ვარჯიში ეზარება და ზოგისთვის ვარჯიში ისეთივე ოფიციალური პროცედურაა, როგორც – ოფიციალური VS-ი. ჟურნალისტებიც რკალს აკეთებენ. მათი ნებართვის გარეშე, კორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა რთული იქნება. მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადე იხსნება. მორჩა კვალიფიკაცია, უაილდ ქარდები ჩამორიგებულია.

ენდი მარეი მშიერი თევზის სახით იყურება ცაში, ვერ ამჩნევს მეგობრებს და ვერც იმას, რომ მწვრთნელმა მისი ჩანთა კორტზე შეიტანა და მალე ვარჯიში დაეწყება. მარია შარაპოვა „აბადოკს” ისწორებს. მშვენიერია. მაშა ამას მაინც აკეთებს კვნესის გარეშე. შარაპოვას არ სცილდება განიერი პირადი მცველი. ტურნირის რეგლამენტით, ეს დაშვებულია. ის სუბიექტი შარაპოვას გასახდელამდე მიაცილებს, იქ კომიქსებს გადაათვალიერებს და რუს

სელებრითისთან ერთად სასტუმროში დაბრუნდება.

კვიპროსიდან დიდი ბრიგადა ჩამოფრინდა. მარკოს ბაღდატისი იქ დაახლოებით იგივეა, რაც ელ ეიში ლეიკერსი, სამოთხეში ანგელოზი და ქართულ ჟურნალისტიკაში ბატონი ჯამლეტი. ბევრს უყვარს, ბევრს აღიზიანებს, უფრო ბევრი იღლება და მაინც ეგუება. ბაღდატისს ავსტრალიაში 23 მეგობარი, მწვრთნელი, მწვრთნელის დედა, იმ დედის დაქალი და ორი როტვეილერი უგულშემატკივრებს. ალბათ, სხვებიც დაემატებიან.
ლეიტონ ჰიუიტი პირველ წრეში კიდევ ერთ ბებერ მაზოხისტს, არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს გაუკეთებს რამდენიმე ქამონს, ტოტალიზატორის ჭრილში, ბიჭები „მეტს” დააჯენენ და ერთ-ერთი მოიგებს. სხვანაირად ვერ გამოვა და ამ პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას, ისევ დღევანდელი იუვენტუსი გაიცნოთ, აჯობებს. იქ 20 წუთში ერთხელ დელ პიეროს ახსენებენ, 1 საათში ერთხელ დელ პიეროს გვანახებენ და რეპორტაჟის ბოლოს დელ პიერო ვალოკორდინის კოქტეილის რეკლამას გააკეთებს.

დინარა საფინამ გააგდო მწვრთნელი, აიყვანა მწვრთნელი, დაავიწყდა მწვრთნელის მწვრთნელად გაფორმება და დინარას მწვრთნელი ტურნირზე ტურისტის სტატუსით ჩავიდა. საფინას მწვრთნელი ყველაზე ძვირადღირებული ტურისტი იქნება – ერთ ტურნირში 25 ათას ევროს დაირტყამს. დინარას ერთჯერადი აქცია 44 წუთში მორჩა. ძველ დაქალ კიმ კლაისტერსთან რუსმა 0:6, 0:6 წააგო. უფრო გაერთო, ვიდრე ითამაშა. დინარა მალე კომენტატორი გახდება. უნდა გახდეს. იქ ნაკლებს გადაუხდიან და ორჯერ ნაკლებს ანერვიულებენ. მთავარი თემა კი ჩოგბურთში ჩოგბურთის დაბრუნებაა.

ყველას გვიყვარს ტანდილი

კარტში პრეფერანსამდე ჯოკერი და კინგი უნდა აითვისო. ოღონდ, ბოლომდე უნდა გაიგო ამ თამაშის მუღამი, თორემ ვერც შენ ისიამოვნებ და სხვასაც ნერვებს მოუშლი. ანუ, კინგს რომ თამაშობ, „პრიკუპში” გულის მეფე არ უნდა ჩაიტანო. ორი ჯოკრით და ტუზ კოზირით ორი არ უნდა თქვა და პატივი უნდა სცე პარტნიორებს.

მელბურნში ტურნირის ორგანიზატორებმა „პრიკუპში” კინგი ჩაიტანეს. ორმეტრიანი, ოდნავ გასუქებული, ოდნავ დამძიმებული, მაგრამ მაინც კინგი. სულ ცოტათი დაარღვიეს თამაშის წესი, მაგრამ მაინც სწორად მოიქცნენ. დამალეს ის, ვის გამოც ბევრი ათენებს და ნერვიულობს.

...ორი წლის წინ ტანდილში ალკოჰოლი გამოცალეს. დელ პოტროს მშობლიურ ქალაქში ყველაზე ცნობილი, პოპულარული ტანდილელი ჩავიდა, თან ლამაზი თასი ჩაიტანა და ლოთობა რომ დაიწყო, დიდხანს არ მორჩენილა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერს ხუთსეტიანი შედევრი მოუგო. როჯს დელ პოტრო ყოველთვის მოსწონდა, ზრდილობიანი, წესიერი ახალგაზრდააო. ფედერერი არგენტინელს ამ შედევრის შექმნაში დაეხმარა. დელ პოტრო გახდა ჩემპიონი და ყველაზე რეალური კაცი, ვისაც ფედერერ-ნადალის საჩოგბურთო ტვიქსის დაშლა შეეძლო. მალე დელ პოტრო დაიშალა. ტანდილელი მერი შელის ბესტსელერის პერსონაჟი გახდა.

ექიმებმა არგენტინელს შარშანდელი ავსტრალიური მეიჯორის გამოტოვება ურჩიეს. მას მაჯის სახსრის ანთება ჰქონდა, არ უნდა ეთამაშა და მაინც ითამაშა. მეოთხე წრემდე დელ პოტრო ფორჰენდმა გაიყვანა, შემდეგ ორმეტრიან ბიჭს მარინ ჩილიჩმა აჯობა და დაიწყო ძვირი ექსკურსიების მთელი ციკლი მსოფლიოს საუკეთესო ჰოსპიტალებში. დელ პოტროს ჩილიჩის მერე აღარ უთამაშია. ნუ, შეიძლება სადმე, ტანდილის ეზოში ერთი-ორი მიარტყა ბურთს, მაგრამ პრო ტურზე არგენტინელი არ გასულა. დელ პოტრო მოგვენატრა და ამას ფედერერი, ნადალი, უხასიათო მარეი და ცელქი ჯოკოვიჩიც ამბობდნენ.

ხუან მარტინი ავსტრალიაში ჩავიდა. ჯერ სიდნეიში, სადაც პირველ წრეში ფელიციანო ლოპესს სამი ტაი ბრეიკი გაათამაშებინა, პირველი წააგო, ბოლო ორი მოიგო და მეორე წრეში გავიდა. იქ ბიჭი უკვე დაღლილი იყო. დელ პოტრომ წააგო იმასთან, ვისაც ერთი წლის წინ, ჩილიჩამდე მოუგო. არგენტინელი ფლორიან მაიერმა გააგდო.

დელ პოტრო ჩადის მელბურნში. ტურნირის ორგანიზატორებმა მას უაილდ ქარდი მისცეს. ხუან მარტინი ერთეულებში 236-ეა, მაგრამ პოპულარობის მხრივ იქვე, ფედერერს და ნადალს შორის დგას. ან, იქნებ პერსპექტივაში ორივეზე პოპულარულია.

პირველი წრე. დელ პოტრო VS დუდი სელა ისრაელიდან.

სელა ქვედა ეშელონის სიიდან არის. დაბალი, ჩაფსკვნილი, უყვარს უკანა ხაზზე დარჩენა, არ უყვარს ბადესთან გასვლა და სტაბილურობასთან ვერ ძმაკაცობს. სელა ისრაელში პოპულარულია, ბლომად შემოწირულობებს აგროვებს და ქვეყანაში უსახლკაროებს ეხმარება. დელ პოტროსთან დუდი იყო უსახლკარო.

პირველი სეტის ტაი ბრეიკის მოგება უფრო დელ პოტროსთვის იყო საჭირო. მოვიდოდა თავდაჯერება, რწმენა და პროგრესის სურვილი. არგენტინელმა იწვალა, გამოიღო რამდენიმე ბრეიქ პოინტი და 80-წუთიანი სეტი მაინც მოიგო. დელ პოტრომ კარგი ჩოგბურთი ითამაშა და აპლოდისმენტებიც მიიღო. პირველი სეტისთვის, პირველი წრისთვის მშვენიერი ჩოგბურთი იყო. ხუან მარტინი დაბრუნდა.

დელ პოტრომ ამოისუნთქა და უფრო თავისუფლად ათამაშდა. აამუშავა ფორჰენდი, რომელსაც ფედერერმა ყველა დროის უდიდესი დარტყმა უწოდა. ორჯერ ხუან მარტინმა ბურთი 170 კილომეტრი/საათში სიჩქარით დააბრუნა. სელა იმ მომენტებში დაიბნა. დელ პოტროს მორცხვად ეღიმებოდა.
არგენტინელმა და არგენტინამ მაშინ ამოისუნთქეს, როდესაც ხუან მარტინმა პირველივე მატჩ პოინტზე დააშვებინა შეცდომა სელას. 7:6 (13), 6:4, 6:4 იგებს დელ პოტრო. 19 ეისი, 3 ორმაგი და 52 უნებლიე შეცდომა, საკუთარ პირველ მოწოდებაზე მოგებული 71 (112-დან) გათამაშება, 47 „სუფთა” ქულა და 4 ბრეიქი. ერთხელ დელ პოტროს მოწოდების შემდეგ რადარმა 210 კილომეტრი/საათში დააფიქსირა.

დელ პოტრო ვერ მოიგებს ტურნირს. გამორიცხულია. უბრალოდ, ჩოგბურთის მომავალია და წარსულში აღარ უნდა დაბრუნდეს.
ჩოგბურთში ჩოგბურთი დაბრუნდა. 

კომენტარები