რუსთაველის თეატრში გერმანული პიესის პრემიერა შედგა

ახალგაზრდა რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა მაყურებელს თანამედროვე გერმანელი დრამატურგის როლანდ შიმელპფენიგის პიესა „ქალი წარსულიდან“ წარუდგინა.

მისტიკური დრამა ერთ მოქმედებად საათი და ათი წუთი გრძელდება. მასში ხუთი მსახიობი მონაწილეობს: ნანუკა ხუსკივაძე, ზურა ინგოროყვა, ნინო თარხან-მოურავი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და ნინო მაყაშვილი.
ერთი შეხედვით უდარდელი და ბედნიერი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან მიემგზავრება. ფრენკი 40 წელს გადაცილებულია, კლაუდია ცოლად 19 წლის წინ შეირთო და მასთან ერთი ვაჟი - ანდი ყავს. გასამგზავრებლად ყველაფერი მზად არის, ანდი შეყვარებულს ემშვიდობება და მარადიულ სიყვარულს ჰპირდება და სწორედ ამ დროს ოჯახს მოულოდნელად უცნობი ქალბატონი სტუმრობს. ის აცხადებს, რომ ფრენკს და მას ერთმანეთი 24 წლის წინ თავდავიწყებით უყვარდათ და რომ მამაკაცს მის მიმართ დღემდე აქვს გრძნობები. რომი ფოგტლენდერი ძველი სიყვარულის დასაბრუნებლად დაბრუნდა.


სცენის შუა ნაწილში გადაჭიმული თეთრი თხელი ქაღალდი მსახიობებს ჩრდილებით თამაშის საშუალებას აძლევს.  მოვლენები, რომლებიც ქაღალდის მეორე მხარეს ვითარდება, განათების საშუალებით მრავალფეროვნებას და სილამაზეს მატებს წარმოდგენას. აღსანიშნავია გახმოვანება - უცხო ქალის ხმა. ის მოსვენებას არ აძლევს ოჯახს და მუსიკა, რომელიც ამძაფრებს და ემოციურს ხდის სანახაობას.


მსახიობები სცენიდან რამდენჯერმე ინაცვლებენ პარტერში. სპექტაკლის ცოტა უჩვეულო ფორმას და დასასრულს, შეუძლია დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს საკუთარი ვერსია და საკამათო თემა გაუჩინოს.


 როლანდ შიმელპფენიგის პიესის  ერთი კითხვის გარშემო აგება - „რა მოხდება თუ თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობაში დადებულ პირობაზე მოგთხოვთ პასუხს?“ - ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ავტორს ერთი წელი დასჭირდა პასუხის საპოვნელად და კიდევ 2 თვე რათა საკუთარი აზრები ფურცელზე გადმოეტანა.


„ქალი წარსულიდან“ გერმანიის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის სცენებზე ითამაშეს. წარმოდგენას მოჰყვა უამრავი გამოხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებაში. წელს კი ეს პიესა პირველად საქართველოში რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.


რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი 24 წლის არის. ამბობს, რომ 7 წლისამ უკვე იცოდა თუ რა პროფესიას აირჩევდა. რობერტ სტურუას მაგისტრანტისთვის „ქალი წარსულიდან“ მესამე სპექტაკლია, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა. მსახიობების შერჩევაში სწორედ პედაგოგი დაეხმარა.
თავდაპირველად პიესამ რეჟისორი შეაშინა, მაგრამ შედეგით კმაყოფილია. ამბობს რომ დრამატურგმა მას ბევრი ფიქრის საშუალება მისცა.

კომენტარები